„ქართველი და ბულგარელი ხალხის მეგობრობის გამოხატულება“, -ასე შეაფასეს ბულგარელი მწერლის ალეკო კონსტანტინოვის სატირული ნოველების კრებულის - „ბაი განიუს“ თარგმანი, რომელიც მწერალმა რევაზ ორჯონიკიძემ ბულგარულიდან თარგმნა. მართალია, ჟურნალისტი და მთარგმნელი რევაზ ორჯონიკიძე სიცოცხლეში ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას, მაგრამ მისმა შთამომავლებმა ეს საქმე განახორციელეს.
ლიტერატურულ კაფეში გამართულ პრეზენტაციას რევაზ ორჯონიკიძის ოჯახისა და ახლობლების გარდა, ლიტერატორები და ბულგარეთის საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
წიგნი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მწერალი ოსტატურად ასახავს ცრუ, უპრინციპო პოლიტიკანისა და გაიძვერა კაცის ამორალურ სახეს, რომლის მსგავსსაც დღევანდელ სინამდვილეში ხშირად ვხვდებით.
რევაზ ორჯონიკიძის სახელს არაერთი თარგმანი უკავშირდება, ხანგრძივი დროის მანძილზე იგი გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მთავარი რედაქტორი გახლდათ. იმ პერიოდში მისი ვიზირების გარეშე წიგნი არ გამოდიოდა. თუმცა ამ მასშტაბის პიროვნების შესახებ ბევრმა არ იცის, რომ მას 100%-ით სმენა არ ჰქონდა. ხუთი წლის ასაკში დაყრდუვდა მენინგიტის გამო. მიუხედავად ამისა, საერთოდ არ იცოდა მიმიკების ენა, რადგან კითხულობდა ადამიანის ტუჩებიდან და ვერავინ ატყობდა, რომ მას არ ესმოდა. თავის დროზე ასეთ გაუგებრობაში ჩავარდნილა ედუარდ შევარდნაძე. კარგა ხნის განმავლობაში ელაპარაკებოდა რეზოს და, როცა უთხრეს, სმენა არ აქვს, გაოცდა, როგორ არ აქვს, ნახევარი საათი ვსაუბრობდითო. ბოლოს შევარდნაძემ ეს ფაქტი გადაამოწმა მაშინდელ „მვდ“-ში და გაარკვია, რომ რეზოს სმენა მართლაც არ ჰქონდა.
For.ge ჟურნალისტისა და მთარგმნელის ახლობლებს ესაუბრა. რევაზ ორჯონიკიძის ქალიშვილმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მარიკა ორჯონიკიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მამამისი რეპრესირებული ოჯახიდან იყო და ძალზე მძიმე ბავშვობა გამოიარა. მოგვიანებით რევაზ ორჯონიკიძე დაინტერესდა ბულგარეთით, რომლის ისტორიაც საქართველოს ანალოგიურია და ბულგარეთმაც გაიარა გზა თურქეთიდან რუსეთის ბატონობამდე.
„ბაი განიუ“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ალეკო კონსტანტინოვი დიდი საზოგადო მოღვაწე, იურისტი გახლდათ, რომელიც იბრძოდა თურქეთისგან დაპყრობილი ბულგარეთის თავისუფლებისთვის. ეს ნაწარმოები ძალიან ჰგავს ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანს“, ხოლო თვითონ ამ მწერლის ბედი ილია ჭავჭვაძის ბედს მოგვაგონებს. ორივე მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა, ორივენი იურისტები იყვნენ, მუშაობდნენ მოსამართლეებად და ორივე საზოგადო მოღვაწე ვიწრო პარტიულ ინტერესთა გამო მოკლეს. წიგნის მთავარი გმირი, ბაი განიუ არის „ნუვორიში“, ანუ ახლად გამდიდრებული ადამიანი, რომლის მიზანიცაა, „გაძვრეს“ უმაღლეს საზოგადოებაში. ვარდის ზეთის გაყიდვით იშოვის ფულს და ამის გამო გაყოყოჩებულია, ერევა ქვეყნის ბედში. სხვათა შორის, წიგნში არაჩვეულებრივად არის აღწერილი არჩევნები, რაც მოგვაგონებს საქართველოში არჩევნების უსინდისო გაყალბებებს, ურნებში ჩაყრილ ბიულეტენებს, სუფრების გაშლას, ზონდერების დათრობას და ე.წ. „სამართლიანი“ არჩევნების ფინალს“, - გვითხრა მარიკა ორჯონიკიძემ და ისიც გაიხსენა, როგორ უყვარდა გალაკტიონს მამამისი, რომელსაც ფუნაგორიაც კი მიუძღვნა.
კერძოდ, თავის დროზე რევაზ ორჯონიკიძემ გალაკტიონს სტრიქონის გადაკეთება შესთავაზა, ასე უფრო მეტი რეზონანასი ექნებაო. გალაკტიონმა კი ექსპრომტად მიუგო: „ჩემს ლექსს არ აქვს რეზონანსი, რედაქტორობს რეზო ნავსი“.
რევაზ ორჯონიკიძის გახსენებისას ჟურნალისტმა ლილი მაისურაძემ აღნიშნა, რომ ბატონი რევაზი შესანიშნავად გრძნობდა სიტყვას, გააჩნდა უტყუარი ალღო და შესანიშნავი მთარგმნელი იყო. მან განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენია რევაზ ორჯონიკიძის მეუღლე-ელენე შერვაშიძე, როგორც ბატონი რევაზის ოცნების ქალი და მუზა.
მწერალი, პოეტი და მთარგმენლი ვახტანგ ჯავახაძე აცხადებს, რომ „ბაი განიუს“ პროტოტიპი ქართველებსაც გვყავს და ეს არის კვაჭი კვაჭანტირაძე.
„ეს პატარა წიგნია და ახლა ისეთი დროა, მკითხველს დიდი წიგნების ეშინია, ამიტომ მისი წაკითხვა არ დაეზარებათ. რეზო ორჯონიკიძესთან ერთად 40 წელი ერთ შენობაში გავატარე. ტრაგიკული ბიოგრაფიის პიროვნება იყო, მტკიცე, ძლიერი ნებისყოფის. ვერავინ იგებდა, რომ სმენა არ ჰქონდა, გამომცემლობაში ხუმრობდნენ კიდეც, რეზოს ესმის და არ ამხელსო. მრავალი წიგნის რედაქტორი გახლდათ, განსაკუთრებით გამოვარჩევდი „გალაკტიონის რჩეულს“ და „გალაკტიონის მერვე ტომს“. გალაკტიონის არქივში რეზო ხშირადაა ნახსენები. ეს ის დროა, როცა სტალინის ხსენება აკრძალულია, რეზო ასწორებს ტექსტს და, სადაც სტალინი წერია, უნდა ჩასვას ლენინი. მაშინ პირადად არ ვიცნობდი გალაკტიონს, შევესწარი მის საუბარს გალაკტიონთან, რეზო უხერხულშია, არ უნდა, ეს საუბარი ვინმემ მოისმინოს და დამიწერა ფურცელზე, რომ სხვა თანამშრომელთან გავსულიყავი. ეს წერილი შემდგომში გალაკტიონის არქივში აღმოვაჩინე“, - იხსენებს ვახტანგ ჯავახაძე.