ზეიმი, სიყვარული და პრეზიდენტი

ზეიმი, სიყვარული და პრეზიდენტი

ევროპის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ქართველმა საზოგადოებამ ყველაზე მასშტაბურად თბილისში, „ევროპის მოედანზე“ იზეიმა. კონცერტი ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ ცეკვით გაისხნა და ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლების შემოქმედებით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგნენ ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი „33“ და ნინო ქათამაძე.

საზეიმო ღონისძიების შემადგენელი ნაწილი საჯარო მიმართვებიც იყო - პატრიარქმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მიულოცეს.

მანამდე კი „ევროპის მოედანზე“ ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში იკრიბებოდა. მოდიოდნენ ახალგაზრდებიც, შუახნის ადამიანებიც და ასაკოვანნიც.

„ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. უკვე მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ვზეიმობთ ყველანი. უკეთესი მომავლის იმედი მაქვს, მომავალი თაობა უკვე განვითარებულ საქართველოში იცხოვრებს, ქვეყანაში, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება“, - უთხრა for.ge-ს შუახნის მამაკაცმა, რომელიც „ევროპის მოედანზე“ შვილიშვილთან ერთად მოვიდა.

ღონისძიებაზე მოსულ ადამიანთა უმეტესობას უკეთესი მომავლის რწმენა და ქვეყნის წარმატების იმედი აერთიანებდათ.

„იმედია, უკეთესობისკენ წავა ქვეყანა. ვფიქრობ, მეტი ინვეტიციები შემოვა. სამუშაო ადგილები გაჩნდება და უმუშევრები დასაქმდებიან. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროპას მეტად დავუახლოვდებით. ხელისუფლების და ევროპული კურსის მხარდამჭერი ვარ, კონცერტზეც ამიტომ მოვედი“, - გვითხრა ინგა ჩხაიძემ. ის ფიქრობს, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შემდეგ რუსეთი ახალი აგრესიისგან თავს შეიკავებს, რადგან, უკრაინის მაგალითზე უკვე გამოჩნდა, რომ ხალხი ევროპულ არჩევანს არ თმობს.

ევროპის პარკში გამართულ ღონისძიებაზე ბევრი უცნობი და ბევრიც საზოგადოებისთვის ნაცნობი სახე გამოჩნდა. ყოფილმა პარლამენტარმა, რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა თამაზ დიასამიძემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღე თანამოქალაქეებთან ერთად აღნიშნა.

„ვიზიარებ ხალხის სიხარულს. დღევანდელი დღე ბოლო ორი ათწლეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა - ევროპასთან ჩვენი დაახლოების ნაბიჯი გადაიდგა. ეს ნიშნავს თავისუფალი ღირებულებების გაზიარებას, ეს არის შესაძლებლობა, ევროპასთან სიახლოვით გავიადვილოთ ჩვენი სახელმწიოფოს შემდეგომი მშენებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ეკონომიკური სისტემის რაც შეიძლება სამართლიანად მოწყობა. ევროპასთან საქართველოს დაახლოება ასევე არის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია, ბაზრის გახსნა“,- აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამაზ დიასამიძემ. იგი ფიქრობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოში რეფორმები დაჩქარდება და მთავრობაც და პარლამენტიც ამ მიმართულებით აქტიურ ღონისძიებებს გაატარებს.

ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს გაცილებით სჭარბობდნენ მოქმედი ხელისუფლების წევრები. მათ შორის იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

„დღევანდელ დღეს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, აღსდგა ის ისტორიული სამართლიანობა, რასაც ვითხოვდით. წერტილი დაესვა, თავისთავად, საქართველოს ხელოვნურ გარიყვას ევროპული ოჯახიდან, რომელსაც ყოველთვის ვეკუთვნოდით. ევროპული იდეოლოგიის შექმნაში წარსულში საქართველოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნა საქართველოს წინაშე დიდი შესაძლებლობები - ყველა მხრივ. მე განსაკუთრებით განათლების და მეცნიერების სფერო მაინტერესებს. ამ თვალსაზრისით, ნამდვილად მომზადებულები ვართ და აუცილებლად იქნება ქმედითი ნაბიჯები. ეს ნაბიჯები გაგვაერთიანებს ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან“,- განუცხადა for.ge-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ევროპისგან კარგი გამოცდილებების გაზიარების პარალელურად ქართული კულტურისა და ისტორიის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე.

„სწორ გზაზე დავდექით. იმედი გვაქვს, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. არ ვიტყოდი, რომ დღეს გადაწყდა ჩვენი ბედი, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ. რაც აქვს კარგი ევროპას, უნდა გადმოვიღოთ. ყველაფრის გადმოღება არ გვინდა, ჩვენ საკუთარი კულტურა და ისტორია გვაქვს. ევროპაში ჩვენი 3-ათასი წლის კულტურით და ღირებულებებით უნდა შევიდეთ“,- აცხადებს საოპერო მომღერალი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 27 ივნისს საქართველოს უახლესი ისტორიის პირველი ფურცელი შეივსო.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში, პირადად ჩემთვის, ალბათ ყველაზე სასიხარულო და პოზიტიური დღეა, როგორც იქნა შევაღეთ ევროპის კარი, ვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ვფიქრობ, 27 ივნისიდან იწერება საქართველოს უახლესი ისტორია“,- აცხადებს გიორგი სიგუა.

ევროპის პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას კონცერტის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სიტყვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა. ილია მეორემ განმარტა, რომ ევროპასთან დაახლოება საქართველოსთვის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა.

„საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა“, - განაცხადა პატრიარქმა და დალოცა ყველა ვინც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა.

პატრიარქის შემდეგ საერო პირთა მიმართვების დროც დადგა. საკონცერტო სცენიდან საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკოსთაგან პირველმა პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ივნისს ისტორიული და საამაყო დღე უწოდა და აღნიშნა რომ, ეს არის გამარჯვება, რომელიც დიდ წინაპრებს ეკუთვნით.

„ეს არის ჩვენი დიდი მეფეების, დიდი ილიას, ვაჟა-ფშაველას, დიდი ქართველების საოცნებო დღე. ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა“,- განაცხადა პრემიერმა.

„მოგესალმებით ქართველო ევროპელებო!“- ამ სიტყვებით კი საკუთარი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაიწყო და განმარტა, რომ მცირერიცხოვან ქართველებს დიდ ევროპასთან შეერთება არ აშფოთებთ, რადგან დღევანდელი ევროპის 28 სახელმწიფოში 13-ს საქართველოზე მცირე ტერიტორია აქვს, 9-ს კი ნაკლები მოსახლე ჰყავს.

„ევროპა არ არის სრულყოფილი, ევროპა არ არის ამქვეყნიური სამოთხე, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ევროპა არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე უსაფრთხო. ევროპა არის ის ადგილი, სადაც ეროვნული თვითმყოფადობა ყველაზე უკეთ არის დაცული ყველაზე მცირე ერებისთვისაც კი“,- განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობების გარდა ევროპაში 40 მილიონი ერთმორწმუნე მართლმადიდებელია. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ ევროპასთან დაახლოებით საქართველო კავკასიიდან არსად მიდის და არც კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ამბობს უარს.

დავით უსუფაშვილმა ევროპასთან დაახლოების კუთხით გაწეული შრომისთვის მადლობა მოქმედ ხელისუფალთ და წინა ხელისუფლებების წარმომადგენლებსაც გადაუხადა და ევროპასთან შემდგომი დაახლოების მიზნით მუხლჩაუხრელი მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ვიაროთ ყველამ ერთად ამაყად თავაწეულებმა ევროპისკენ, ეს ჩვენი სახლიცაა უკვე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკონცერტო სცენიდან ბოლო სიტყვა პრეზიდენტმა თქვა. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა მისი წინა საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, ემოციური გამოდგა. ის ცდილობდა, უშუალოდ, ხალხისთვის მიემართა და ეთქვა, რომ თითოეული მათგანი ძალიან უყვარს. შედეგიც მყისიერი იყო - მარგველაშვილის მიმართვას საზეიმოდ შეკრებილმა პუბლიკამ წინა გამომსვლელებზე გაცილებით ხანგრძლივი ტაშით უპასუხა.

„ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ დღეს ერთად ვდგავართ. მინდა დღეს მთელ საქართველოს მივულოცო ის გამარჯვება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. მინდა დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენს ძმებს უკრაინაში, ჩვენს ძმებს მოლდოვაში, რადგან ჩვენთან ერთად დღეს ისინიც ზეიმობენ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარლამენტს, რომ იშრომა ამისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობას, რომ იბრძოლა ამ მიღწევისთვის. მათი მუშაობა ამ გზაზე ნამდვილად დადებითად დასაფასებელია და უნდა დავუფასოთ კიდეც. ყველაზე დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ყოველივე ამას მიაღწია. ქართველ ხალხთან ერთად კი მადლობას ვუხდი ჩვენს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, რადგან ამ გზაზე მან ძალიან სწორი მიმართულება მოგვცა. კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ - ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ. თქვენთან ერთად ვიქნები მომავალი გამარჯვებებისკენ!“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სიტყვის დასრულების შემდეგ საზოგადოების რეაქციით გათამამებული პრეზიდენტი ხალხში გავიდა და სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღო.

ევროპასთან საქართველოს დაახლოების დღე ევროპის პარკში გვიან ღამით ფეიერვერკების ფონზე დასრულდა, მანამდე კი საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.