„დეპორტირებული მესხების დაბრუნება პირდაპირი ნაღმი არ უნდა იყოს“

„დეპორტირებული მესხების დაბრუნება პირდაპირი ნაღმი არ უნდა იყოს“

1944 წლის 24 ივლისმა დეპორტირებული მესხების ბედი განსაზღვრა. ამ დღეს ლავრენტი ბერიამ სტალინს მისწერა, რომ საქართველოს სსრკ-ის სამხრეთით მცხოვრები თურქი მოსახლეობა ენათესავებოდა თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებლებს და ამჟღავნებდა ემიგრაციულ განწყობას. კერძოდ, ისინი დაკავებულნი იყვნენ კონტრაბანდით და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისთვის წარმოადგენდნენ ჯაშუშური ელემენტების წყაროს გადმობირებისა და ბანდიტური ჯგუფების ფორმირებისთვის.

აღნიშნულმა წერილმა, რომლითაც ბერია მესხეთისა და აჭარის გარკვეულ რაიონებში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის შუა აზიაში გადასახლებას ითხოვდა, ასი ათასამდე ადამიანის ბედი სამუდამოდ შეცვალა. უფრო მეტიც, ბერიას გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 300 000-450 000-მდე დეპორტირებული მესხი და მათი შთამომავალი ცხოვრობს.

2007 წელს საქართველომ იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონი მიიღო. მასში გაწერილი სამართლებრივი მექანიზმებით მესხებს შეუძლიათ, ჯერ სტატუსი და შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ.

ამჟამად საქართველოს მთავრობა ე.წ. მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. კონკრეტულად, ამ ადამიანების ინტეგრაციისთვის დამატებითი რეგულაციის შემუშავება დევნილთა და განსახლების სამინისტროს ევალება. საკითხი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განსახილველად უნდა გასულიყო, თუმცა მთავრობამ სტრატეგიის მიღება რამდენიმე თვით გადადო.

მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ For.ge დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აგვიხსნეს, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, რადგან სტრატეგია დამუშავების სტადიაზეა.

ცნობილია, რომ ე.წ. მაჰმადიანი მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადებების მიღების ვადა 2010 წლის 1-ელ იანვარს ამოიწურა. ამ ეტაპზე ქართულ მხარეს სულ 5 841-მა სრულწლოვანმა აპლიკანტმა მიმართა. აქედან რეპატრიანტის სტატუსი 1 349-ს მიენიჭა, 7-მა უკვე მიიღო პირობადებული მოქალაქეობა (ანუ საქართველოს მოქალაქეობას ისინი მიიღებენ მას შემდეგ, რაც უარს იტყვიან მოქმედ მოქალაქეობაზე), ხოლო 54-ის საქმე პირობადებული მოქალაქეობის შესახებ უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ თურქ-მესხებს საშუალება ექნებათ, უახლოეს ორ წელიწადში დაჩქარებული ტემპებით მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

როგორი უნდა იყოს მთავრობის სტრატეგია დეპორტირებული მესხების დაბრუნების კვალობაზე, რათა ამ ვალდებულებამ საქართველოს მოსახლეობაში უარყოფითი შედეგი არ გამოიღოს?!

თურქოლოგი რომან კვიციანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შემოგდებული ტერმინი „თურქი-მესხი“ საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა ამ ადამიანების დეპორტაციის გასამართლებლად. მოგვიანებით ეს ტერმინი თურქეთმა კარგად აიტაცა და მას იყენებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში, ესენი არიან დეპორტირებული მესხები და, ამ შემთხვევაში, პრობლემები, რაც ე.წ. თურქი მესხების დაბრუნების შემთხვევაში გვემუქრებოდა, აღარ იარსებებს.

რომან კვიციანის თქმით, თურქეთის მთავრობა ახდენს მათ კოორდინირებას და საქართველოს აიძულებს მათ დაბრუნებას იმ რეგიონში, საიდანაც მოხდა მათი გასახლება. არადა, იმ რეგიონში მათი ჩასახლება და ხაზგასმა, რომ ის არის თურქი, გამოიწვევს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას, რამდენადაც ახლო ისტორიაში თურქებსა და სომხებს ჰქონდათ გარკვეული პრობლემები.

„ამ მიმართულებით თურქეთი ძალზე აქტიურად მუშაობს, როგორც თავის სახელმწიფოსა და პარლამენტში, ასევე, ევროპარლამენტშიც. რამდენიმე წლის წინ თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა ოფიციალურად დასვა საკითხი, რომ თურქეთმა უნდა დააბრუნოს თურქი-მესხები საქართველოში, ჯავახეთის რეგიონში, მას უნდა მისცეს ფართო ავტონომიის საშუალება და სრულიად მისცეს შეუზღუდავი ურთიერთობა თურქეთთან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ტერიტორიის მიერთებას. სხვათა შორის, სწორედ ამ მოხსენებით გამოდის ყოველწლიურად ეს დეპუტატი.

ფერგანის ტრაგედია მოხდა ტაჯიკეთში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ აიტანა ამ ხალხის იქ ყოფნა, ამას მოჰყვა დიდი ტრაგედია. ამ ტრაგედიის შემდეგ დეპორტირებული მესხები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გადაასახლეს - ყირგიზეთში, ყაზახეთში, რუსეთში, აზერბაიჯანშიც დიდი რაოდენობით არიან ჩასახლებულნი. ისინი გაიფანტნენ.

დღეს თურქეთი ახდენს მათ შეგროვებას და ერთ ადგილზე შეკრებას, უზრუნველყოფს მათ თურქეთში წაყვანას და მათ ექსკურსიებს საქართველოში. მათ უხსნის ისტორიას, თითქოს ისინი არ არიან ქართველები, მოკლედ, ატარებს თავის პოლიტიკას. გარკვეულწილად, ამერიკამ ეს ვალდებულება აგვარიდა, რადგან თურქი-მესხების ძალზე ბევრი რაოდენობა ჩაასახლა ამერიკაში. ეს ერი, თურქ-მესხებს ვისაც ეძახიან, უსამშობლო ერია. ანუ მათ არსად სამშობლო არ გააჩნიათ და არავის მოქალაქეობა არ აქვთ“, - აცხადებს რომან კვიციანი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, რომლითაც, განაცხადის შემომტანმა უნდა დაადასტუროს თავისი მესხური წარმომავლობა. გარდა ამისა, სანამ მათ საქართველოში შემოვიყვანთ, მანამდე ადგილობრივად (ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში), იქ, სადაც ლოკალურად არიან ჩასახლებულნი, უნდა გაუხსნან კულტურის ცენტრები, ასწავლონ ქართული ენა, შეასწავლონ საქართველოს მინიმალური ისტორია, რათა მათ თავიანთი თავის რეალიზაცია მოახდინონ და იპოვონ საკუთარი თავი ჩვენს სოციუმში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად ვინმეზე დამოკიდებულნი გახდებიან და ეს „ვიღაცა“ საქართველო ვერ იქნება, თავისი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ერთადერთი, რჩება თურქეთი, რომელიც ამ ფაქტორს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს და ამ მხრივ დეპორტირებული მესხების დაბრუნება პირდაპირი ნაღმი იქნება.

ორგანიზაცია „კავკასიური ლიგის“ პრეზიდენტი ნოდარ თოთაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის 6000-მდე მაჰმადიანი მესხი, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ, პროქართული ორიენტაციისაა და მათ ჩამოსახლებას საფრთხე არ მოჰყვება, რადგან ასეთ რთულ პირობებში, როცა ჩვენი სახელმწიფო მათ ვერ დაასაქმებს და ვერც ვერანაირ სოციალურ გარანტიებს ვერ მისცემს, მხოლოდ პროქართული ორიენტაციის მესხი თუ მიიღებდა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილებას.

„მათ ჩამოსახლებამდე უნდა გაკეთდეს პროგრამები, რომლითაც მათ შევასწავლით ქართულ ენას, ქართული ისტორიის მოკლე კურსს. როდესაც დავინახავთ მათ ქართულ ცნობიერებას და დავრწმუნდებით, რომ ისინი მზად არიან საქართველოში ინტეგრაციისთვის, ამის შემდეგ უნდა მოხდეს მათი დაბრუნება. თანაც, ისინი უნდა ჩავასახლოთ არა სამცხე-ჯავახეთში, არამედ - გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რათა გამოვრიცხოთ ეთნოდაპირისპირება“, - აცხადებს ნოდარ თოთაძე.