პრემიები წელიწადში მხოლოდ 4-ჯერ

პრემიები წელიწადში მხოლოდ 4-ჯერ

საპრემიო შეზღუდვა უკვე დაწესდა, სახელფასო დანამატისა ჯერ არა. მინისტრების კვალდაკვალ პრემიები სხვა დიდმოხელეებსაც შეუკვეცეს. მთავრობამ უკვე დაამტკიცა დადგენილება, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პრემიების გაცემის წესებს, ზედა ზღვარს და პრემიის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს ადგენს. დადგენილების მიხედვით ჩინოვნიკს კვარტალში ერთხელ, ხელფასის 100%-ის ოდენობის პრემიის მიღება შეეძლება.

„1-ელ ივლისს წარმოდგენილი იქნება ერთიანი კონცეფცია. ამ დოკუმენტით განისაზღვრება და პასუხი გაეცემა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში მიღება, დაწინაურება, რანგირება, გათავისუფლება. დადგენილება პრემიების შესახებ უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები აღარ იქნება. დადგენილების თანახმად, კვარტალში ერთხელ, ხელფასის 100%-იანი ოდენობის გაცემის უფლება აქვს უწყების ხელმძღვანელს, ხოლო იმ უწყებებში, რომლებიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შემოდიან, პრემიის გაცემა უნდა მოხდეს პრემიერთან შეთანხმებით“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და განმარტა, რომ აღნიშნულ პროცესზე კონტროლი სახელმწიფო ხაზინას დაევალება.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ დააკონკრეტა, რომ პრემიების ოდენობის განსაზღვრის წესი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირებზე გავრცელდება.

ქარდავას თქმით, ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა პირის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს.

„დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ კანონში არაერთგვაროვნად იყო მოწესრიგებული აღნიშნული საკითხი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ, რომ დადგენილებით დაკონკრეტებულიყო გარკვეული ნორმები. დადგენილება მიღებულია. ეს გავრცელდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის, უმაღლეს მოხელეებზე.

გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ შემთხვევაში მინისტრს. საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერის შესაძლებლობა იკრძალება. თვითმმართველობის ორგანოებს კი ეთხოვათ, რომ მსგავსი რეგულაციები გაიწერონ და გაითვალისწინონ პრემიების გაცემისას“, - განაცხდა ქარდავამ.

არასამთავრობოებს არც ახალი რეგულაცია მოსწონთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის განცხადებით, პრემია ხელფასის 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. „პრემიის იდეა და არსი არის არა ის, რომ გამდიდრდეს რომელიმე ჩინოვნიკი, არამედ ის, რომ მოხდეს მისი წახალისება. ეს წახალისება უნდა იყოს მოზომილი და არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 30%-ს. დაახლოებით ამ სტანდარტებით ხდება დღეს წესების მიღება, ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ძნელია ამ შემთხვევაში არ დაეთანხმო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მოხელეების თავგასულობამ ბოლო წელიწადნახევარში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. თავი რომ დავანებოთ მინისტრებს (სხვათა შორის, მათ პრემიების მიღება კარგა ხანია ეკრძალებათ), მისი მოადგილეები და ამა თუ იმ დეპარტამენტების უფროსები კოლოსალური ოდენობის თანხებს იჯიბავენ.

მაგალითად, IDFI-ს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დიმიტრი ქუმსიშვილს 2013 წელს 92 350 ლარი აქვს მიღებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ლეჟავას 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 99 480 ლარს მიაღწია. ვინაიდან მინისტრის მოადგილის ყოველწლიური თანამდებობრივი სარგო 32 640 ლარია (თვეში 2 720 ლარი), შესაბამისად, დანარჩენი 66 840 ლარი მიღებულია პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დავით ჯალაღანიას და გიორგი ხელაიას 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 74 000 ლარი, საიდანაც მათი ყოველწლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეების მარიამ ჯაშის და დავით ლომიძის 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 68 500 ლარი. მათ მიერ პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.