ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, იუსტიციის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი იქმნება. ახალი დეპარტამენტი ევროპულ კანონებთან საქართველოს კანონების დაახლოებაზე იმუშავებს.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი უკვე პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა.
ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.
საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს „ასოცირების დღის წესრიგი“, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან პერიოდს მოიცავს. გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის მიზნით შეიქმნება ასოცირების საბჭო მინისტრების დონეზე, რომელიც მინიმუმ წელიწადში ერთხელ შეიკრიბება, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს. საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება. ასოცირების საბჭოს, თავისი მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში, ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე) დაეხმარება.
ასოცირების კომიტეტი ასევე შეიკრიბება სპეციალური ფორმით (ე.წ. ვაჭრობის კომიტეტი), რათა განიხილოს ყველა საკითხი, რაც ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებს (DCFTA) უკავშირდება. ასევე, შეიქმნება სპეციალური თემატური ქვეკომიტეტები, მათ შორის, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომლებიც საჯარო მოხელეების დონეზე შეიკრიბება და კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
ასოცირების საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემა შეეძლება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასაც.
შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით.
რაცა შეეხება ოკუპირებულ რეგიონებს, ასოცირების შეთანხმება ოკუპირებულ რეგიონებზე მას შემდეგ გავრცელდება, რაც საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეთანხმების იმპლემენტაცია, ასოცირების საბჭო მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირის მიზანია, მოხდეს შეთანხმების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.
„ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოუტანს სარგებელს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება, როგორც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს ეტაპობრივ დაახლოებას.
დაახლოებით 1200-გვერდიან დოკუმენტში გაწერილია კონკრეტულ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ვადები. შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოუწევს ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტს. ამ თვალსაზრისით, გარკვეული სამუშაოები 2010 წლიდან გატარებულია, ხოლო სხვადასხვა დირექტივის ძალაში შესვლის თარიღი განსხვავებულია და 8 წლამდე პერიოდს მოიცავს.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზებას, საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის კუთხით. ამ მიმართულებით განსაზღვრულია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფა.
საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები, ესენია - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.
ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირთა უფლებების პატივისცემა, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან, საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ გააძლიერონ ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა.
თუმცა, საზოგადოების ნაწილში არსებული მცდარი მოსაზრებისგან განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ვალდებულებაზე, რაც არც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და ასეთი მოთხოვნა, არც საქართველოს მიმართ არსებობს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ე.წ. „ახალი თაობის“ დოკუმენტია, რამდენადაც მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან და რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს.