თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. „კარანტინი“-ს დაშლისა და 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი ცემა-წამების ფაქტებზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის მე-8 დაწესებულებაში მიმდინარეობდა ე.წ. „კარანტინი“ -ს მორიგი დაშლა, რაც ფორმალურად გულისხმობდა შესაბამის საკნებში პატიმრების გადანაწილებას.
სინამდვილეში კი, ეს პროცესი, ისევე, როგორც სხვა არაერთი „კარანტინის“ დაშლა, ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული ერთგვარი „რიტუალით“, რასაც სავალდებულო წესით და ასევე მათ მიერ დადგენილი გარკვეული კრიტერიუმებით თან ახლდა პატიმართა ცემა მათი დამცირებით, პატივისა და ღირსების შელახვით.
„კარანტინი“- ს დაშლას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად „კარანტინი“-ს დაშლაში მონაწილეობას იღებდა საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა, მისი მოადგილეები ალექსანდრე ჯანჯღავა და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე საპყრობილის თანამშრომლები - გიორგი კვარაცხელია, მანუჩარ ლომთაძე, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი და თემურ ჭაჭია.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ჩამოთვლილმა პირებმა დაშინების, იძულებისა და რეჟიმისადმი მორჩილების მიზნით, პატიმრები ჩააყენეს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამყოფებდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში.
ჩადენილი დანაშაულისათვის, ცემა-წამებაში მონაწილე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასჯელთა შთანთქმის პრინციპითა და ამნისტიის აქტის გამოყენებით განესაზღვრათ - ოლეგ ფაცაციას- 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისადა 6 თვის ვადით. ვიქტორ ყაჭეიშვილს - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარი.
გაგა მკურნალიძეს - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარი. გიორგი კვარაცხელიას - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დავით ხუჭუას - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.