საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოში დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაური იმყოფება. გენერალ-მაიორ ფინ ვინკლერთან შეხვედრა ბათუმში დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გამართა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა დანიელ სტუმარს მადლობა გადაუხადა დანიის სამეფოს მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანიის შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. დანიის შიდა გვარდია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან და დახმარებას უწევს მას ახალი სარეზერვო და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს დანიის შიდა გვარდიის მედალი გადასცა. აღნიშნული მედალი მხოლოდ სამეფო ოჯახის ნებართვით გაიცემა. გენერალური შტაბის უფროსმა ჯილდო კარგი სამსახურისთვის მიიღო.