შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ ე.წ. კანონიერ ქურდთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. For.ge-სთან საუბრისას ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კომენტარს არც ვიცე-პრემიერი აკეთებს. როგორც For.ge-ს კახი კალაძის პრეს-სამსახურში განუცხადეს, მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის დავალებით ძებნილი კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და აეროპორტიდან გაიყვანა. ნადირაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხუთი დღის წინ დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, რომან ბარბაქაძე, მეტსახელად „რემენა“, რომელმაც უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირგიზეთის მოქალაქის, რამინ ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ საქართველოს საკონსულოს აცნობა და კიევის შევჩენკოს რაიონის მიგრაციის სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით.
ნადირაშვილის თქმით, მათ მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია. დეპუტატი ავრცელებს ბარბაქაძის ავიაბილეთისა და რეისის ნომერს 566240119315 რეისის ნომერი პს 517. თვთმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლიდან 21 ივნისს 19. 35 წუთზე. მისი თქმით, თბილისში კი, მოვლენები ასე განვითარდა - რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ზომები და დაეკავებინათ როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი.
„თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში, აეროპორტში გამოჩნდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებას, კერძოდ, მათი თქმით, „რემენა“ იყო არა „კანონიერი ქურდი“, არამედ ბიზნესმენი და გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა, ბარბაქაძე აეროპორტიდან გაიყვანა, რომლის მიერ საზღრის კვეთაც კი არ ფიქსირდება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დღესვე ნადირაშვილმა კითხვით მიმართა ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს იცნობს თუ არა „რემენას“, ასევე შეკითხვით მივმართავ შსს-ს, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ დეპორტაციის თაობაზე და ასევე მიმართავს სასჯელაჯღსრულების სამინისტროს, იმყოფება თუ არა აღნიშნული პირი სასჯელაჯღსრულების რომელიმე დაწესებულებაში. ნადირაშვილის ინფორმაციით, „რემენა“ დაკავებული არ არის და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია.
რაც შეეხება თავად რომან ბარბაქაძეს იგივე „რემენას“ მის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წლების განმავლობაში ის რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა, მოგვიანებით ქართველ კანონიერ ქურდთან ტარიელ ონიანთან დაპირისპირების შემდეგ, „მოღვაწეობა“ უკრაინაში, კერძოდ ლუგანსკის რაიონში განაგრძო. „რემენა“ რუსეთიდან უკრაინაში კონტრაბანდას აკონტროლებდა. გავრცელებილი ინფორმაციით, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გია ხმელიძესთან იგივე „ხმელოსთან“.
ვიცე-პრემიერის მსგავსად კომენტარს არც „ქართული ოცნების“ წევრები არ აკეთებენ. უმრავლესობის წევრს, გიგლა აგულაშვილს კი სურვილი არ აქვს „ნადირაშვილის ფანტაზიებზე“ კომენტარი გააკეთოს.
„იყო დრო, რომ ძალიან მიყვარდა ფანტასტიკური ჟანრი და მყავს რამდენიმე საყვარელი ავტორი, მაგრამ ამ ასაკიდან გამოვედი. ახლა სხვა საკითხავებზე მირჩევნია კომენტარის კეთება. ირმას ფანტაზიებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. არ მაქვს არც სურვილი და არ ვიცი... სამცხე-ჯავახეთში ვარ, საწარმოებს ვათვალიერებ და ამაზე, თუ გნებავთ, კომენტარს მოგცემთ, ირმას ფანტაზიებზე, უკაცრავად, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიგლა აგულაშვილმა.