წარმატებული კარიერისთვის მხოლოდ ცოდნა და ნიჭი არასაკმარისია. წინსვლისთვის ასევე აუცილებელია კარგი რეპუტაცია. როგორ შევიქმნათ ის?
პირველი წესი. კოლეგებთან ნეიტრალური ურთიერთობა დაამყარეთ.
თქვენი რეპუტაცია კომპანიაში ბევრად დამოკიდებულია თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. მათთან კარგი დამოკიდებულება - კარიერისთვის დიდი პლუსია. გახსოვდეთ: კოლექტივში მუშაობისას აუცილებლად ანგარიში უნდა გაუწიოთ გარშემომყოფთა აზრს. თუ რაიმე მიზეზით რომელიმე კონკრეტულ თანამშრომელთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ ან უბრალოდ ცუდ განწყობაზე ხართ, თავს ძალა დაატანეთ და მოუსმინეთ ადამიანს, როდესაც რაღაც წინადადებით მოგმართავთ ან დახმარებას გთხოვთ. იყავით თავაზიანი და ყურადღება გამოავლინეთ.
მეორე წესი. ნაცნობების წრე გააფართოვეთ.
რატომ არ გაზრდით ურთიერთობის წრეს? ნაცნობობა საჭიროა მაშინ, როდესაც ახალ სამუშაოს ეძებთ: რაც მეტი ადამიანი იქნება თქვენი პრობლემის კურსში, მით მეტია ალბათობა, რომ მის გადაჭრაში რომელიმე მათგანი დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ბევრ კომპანიაში დიდი სიამოვნებით იღებენ თანამშრომლებს რეკომენდაციით და არა - ქუჩიდან. კავშირების გარეშე იმ შემთხვევაშიც ვერ გახვალთ, თუ თქვენი საქმიანობის ასპექტის კარდინალურად შეცვლა გსურთ. როდესაც გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხზე კონსულტაცია მოგცენ, საჭირო კონტაქტებით დაგეხმარონ, ეს ცხოვრებას გაგიადვილებთ.
მესამე წესი. ხელმძღვანელობასთან მეტი კონტაქტი გქონდეთ.
ხელმძღვანელობასთან ურთიერთმიმართება - ეს კარიერის განვითარებაში საკვანძო მომენტია. კონტაქტის დამყარება იმათთან, ვინც სამსახურებრივ კიბეზე თქვენზე მაღლა დგას, თქვენს წარმატებებზე (ან მათ არარსებობაზე) აისახება. ხელმძღვანელობასთან დამოკიდებულებაში ინიციატივის გამოჩენა საჭიროა, მაგრამ ეს ტაქტიანად უნდა გააკეთოთ. თქვენ წინადადებასა და იდეაზე შეფის რეაქციას ყურადღება მიაქციეთ. თუ გაღიზიანების ნიშნებს ხედავთ, თქვენის გატანას ნუ ეცდებით. საუბარი შემდეგისთვის გადადეთ და ეცადეთ, თქვენ სასარგებლოდ უფრო მტკიცე არგუმენტები იპოვოთ. ამავე დროს საჭიროა გაითვალისწინოთ შეფის ხასიათი. გულჩათხრობილია თუ გულღია? თავშეკავებული თუ ფიცხი? მიდგომა ისწავლეთ.
წარმატებულ ადამიანთან ანუ შეფთან კონტაქტი სასარგებლოა - მისგან ბევრ რამეს ისწავლით, მაგრამ გახსოვდეთ, თუ გსურთ, რაღაც ახალი გაიგოთ, საჭიროა მოსმენა და არა - ლაპარაკი. ხელმძღვანელთან ურთიერთობაში ფრთხილად იყავით: ნუ გადააბიჯებთ იმ ვიწრო საზღვარს, როდესაც პატივდებული ურთიერთობა აშკარა პირფერობასა და ლაქუცში გადადის. კოლეგები ამას არ პატიობენ.