„პოლიტიკური საკითხი რომ მოგვარდება, საკონსტიტუციო კინკლაობაც დამთავრდება“

„პოლიტიკური საკითხი რომ მოგვარდება, საკონსტიტუციო კინკლაობაც დამთავრდება“

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელს ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოაწერს. ესენი იქნებიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი.

საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 27 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. ამ ღირსსანიშნავ თარიღს არ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა როგორც for.ge-სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი, ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, შეიძლებოდა დელეგაციისთვის პრეზიდენტს ეხელმძღვანელა, ხოლო პრემიერს - ხელი მოეწერა.

ბატონო ავთანდილ, ჩვენს შემთხვევაში კლასიკური საპარლამენტო მოდელისკენ გადახრა ხომ არ ხდება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ ხმაური შეიქმნა?

- ეს არის შერეული სისტემა, რომელშიც, რა თქმა უნდა, არის უფრო მეტი ელემენტი საპარლამენტო რესპუბლიკიდან, ვიდრე საპრეზიდენტოდან, მაგრამ პრეზიდენტის როლი აშკარად არ შეესაბამება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს.

პრეზიდენტი არის არჩეული ხალხის მიერ - ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაცია, დიდი ნდობა. შესაბამისად, მას აქვს უფლება, თქვას, რომ არის ხალხის წარმომადგენელი. ამის გარდა, მას გააჩნია ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც აძლევს საშუალებას, დანარჩენ განშტოებებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. ეს არის საკანონმდებლო სფეროში ვეტოს უფლება, პარლამენტში საინიციატივო მოხსენების უფლება, რაღაცეების შერჩევა და ა.შ.

აღმასრულებელ სფეროში, ეს არის, მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა, ზოგიერთ სფეროში - გადამწყვეტი. მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის უფლებამოსილი და რაც მთავარია, ის არის ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში და განუზომლად იზრდება მისი უფლებამოსილებები კრიზისულ სიტუაციებში, საომარი მდგომარეობის დროს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, ანუ პრეზიდენტი არ არის ცერემონიალური, სიმბოლური ფიგურა. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ამ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, არის სიმბოლური ფიგურა.

ერთი პერიოდი, საუბარი იყო, რომ საქართველო მთლიანად საპარლამენტო მოდელზე უნდა გადასულიყო. როდესაც კონსტიტუციაზე მუშაობდით ეს საკითხიც განიხილებოდა, თუ გადაწყვეტილი იყო, რომ ნახევრადსაპარლამენტო მოდელზე უნდა გემუშავათ?

- არ ყოფილა ამაზე საუბარი. ერთადერთი, რასაც მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, ეს იყო, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული ტიპის კონსტიტუცია. ევროპაში, არის როგორც საპარლამენტო, ასევე შერეული მოდელები, ან მოდელები, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტები სჭარბობს. არც მითითებაში, არც დადგენილებაში, არც კონცეფციაში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა არ იყო გათვალისწინებული.

ანუ, ის მოდელი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ითვალისწინებდა არჩეულ პრეზიდენტს? იყო ლაპარაკიც, პარლამენტს ხომ არ აერჩია, შემდეგ არჩევნების ჩატარება გადაწყდა...

- პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა ყოფილიყო არჩეული და ხომ ჩატარდა კიდეც არჩევნები. თუმცა, არის საპარლამენტო რესპუბლიკები, სადაც პირდაპირი წესით ირჩევენ პრეზიდენტს, მაგალითად, ავსტრია. ანუ, პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ერთადერთი ნიშანი, რის გამოც ვამბობ, რომ ეს არის შერეული სისტემა. ამის ნიშანია პრეზიდენტის უმაღლესი მთავარსარდლობა, მისი წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში, მისი უფლებამოსილებები მთავრობასთან ურთიეთობაში, საკადრო, მოქალაქეობის საკითხები, შეწყალების უფლება და ა.შ - მთელი კომლექსი უფლებამოსილებებისა ქმნის მას, როგორც ქმედით არბიტრს მშვიდობიან პერიოდში და ერთპიროვნულ მმართველს საომარ ვითარებაში.

თქვენი შეფასებით, რატომ მოხდა ბევრი გაუგებრობა ბოლო პერიოდში იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები აქვს პრემიერს და რა პრეზიდენტს? ეს რამ გამოიწვია?

- პირველი, ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რაც შეიძლება პიროვნულ ფაქტორამდეც კი დავიყვანოთ - ეს არის კოალიციაში დაულაგებელი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, ივანიშვილის იმედგაცრუების შემდეგ რომ შეიცვალა ურთიერთობები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

თუმცა პრეზიდენტის უფლებების შეკვეცაზე საუბარი, ივანიშვილის მიერ საკუთარი შეფასების საჯაროდ გაცხადებამდე დაიწყო...

- მივალ აქამდეც - კიდევ ერთი მიზეზი ამ გაუგებრობებისა არის სამართლებრივი ფაქტორი - დღეს შეიძლება თამამად თქვა, რომ კანონმდებლობას პარლამენტში განსაზღვრავენ „რესპუბლიკელები“. შესაბამისად, ვახტანგ ხმალაძემ, დავით უსუფაშვილმა - ნაკლებად, მაგრამ მინიშნებით მაინც, პირდაპირ განაცხადეს იმთავითვე, ვიდრე პრეზიდენტი აირჩეოდა, რომ კონსტიტუცია უდა გადაისინჯოს - ბიძინა ივანიშვილმა თქვა, კონსტიტუცია ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთო. ამაში იგულისხმებოდა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე უნდა გადავიდეთო.

გავიდა ცოტა დრო და ივანიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ დიდი ფიქრის შემდეგ, ალასანიასთან საუბრის შემდეგ, მიიჩნია საჭიროდ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეულიო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ მან უარი თქვა საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკურ მოდელზე. აქედან იწყება უკვე მათ შორის დავა, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი - კოალიციაში არ არსებობს ამის თაობაზე ერთიანი აზრი.

მესამე არის კონსტიტუციური საკითხი - კონსტიტუციაში რაღაცეები არის გასარკვევი - მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, პრზიდენტს საგარეო სფეროში კონკრეტულად, რა უფლებამოსილებები გააჩნია. რა იგულისხმება იმაში, რომ მთავრობის თანხმობით უნდა განახორციელოს საერთაშორისო მოლაპარაკებები, დადოს ხელშეკრულებები. ამ ფაქტორთა ერთობლიობამ განაპირობა და ალბათ პიროვნული ურთიერთობებიც დაერთო, რომ ასეთი სიტუაცია მივიღეთ.

პრეზიდენტი თავისი ბუნებით ფილოსოფოსია და არასდროს არ იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე კარგად არ მოიფიქრებს, პრემიერ-მინისტრი კი ზოგჯერ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ, დრო სჭირდება, რომ ეს კონსტიტუციური კინკლაობა მოგვარდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე რამდენადაც ცნობილია, სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ, ვახტანგ ხმალაძემაც წარმოადგინა თავისი ვარიანტი. ანუ, კონსტიტუციის დალაგებასთან ერთად ეს გაუგებრობებიც დამთავრდება?

- კომისიის წევრი ვარ და ვიცი, რაც წარმოადგინა ვახტანგ ხმალაძემ, მაგრამ ეს ვარიანტი კი არ ამცირებს პრზიდენტის უფლებებს, არამედ ზრდის. ერთადერთი, რა საკითხიც დადგება და ალბათ, ვახტანგ ხმალაძე დააყენებს ამ საკითხს - ეს არის როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი არჩეული. პირდაპირი და არაპირდაპირი წესით.

კოალიციის შიგნით პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება ბევრ რამეს გაამარტივებდა - ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ეს ერთად უნდა გადაეწყვიტათ - ორივეს აქვს ხელის მოწერის უფლება - არ იყო საჭირო ამდენი აჟიოტაჟი.

თუმცა, ფორმალურად, კონსტიტუციურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა მოაწერა ხელი, მაგრამ ის არასწორად მოიქცა, როდესაც ბრძანებულებით თითქოსდა დელეგირება მოახდინა თავისი უფლებების - ასეთი რამ არ ხდება, რამდენადაც ვიცი, მთავრობამ არც კი განიხილა ეს ბრძანებულება.

პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტის გარდა, საჭიროა უფრო მეტი სიცხადე კონსტიტუციაში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის საკითხებში. თუმცა არ ვიცი პოლიტიკური ურთიერთობები როგორ დალაგდება. არ ვიცი, იყო თუ არა შერიგების ჟესტი პრეზიდენტის მხრიდან კადრების შეცვლა. თუ ეს შერიგების ჟესტი იყო, მაშინ, შეიძლება ჩავთვალოთ, დალაგდა ყველაფერი. მეორე მხრივ, მთავრობის მხრიდანაც უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯი - შეიძლებოდა, პრეზიდენტი იმ დელეგაციის ხელმძღვანელი ყოფილიყო, რომელიც ხელმოსაწერად გაემგზავრებოდა, ხოლო პრემიერი ხელს მოაწერდა დოკუმენტს. არც არაფერი დაშავდებოდა და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩებოდა.

რომელი მოდელი იქნებოდა საქართველოსთვის უკეთესი, როგორც კონსტიტუციონალისტი, რას ფიქრობთ?

- ყოველთვის ვიყავი და ვარ შერეული მმართველობის მოდელის მომხრე.