პოლონელი ფოტოგრაფი და გალერისტი ქალაქ გდანსკიდან ვლადისლავ ჟუხოვსკი აცხადებს, რომ მან ფრედერიკ შოპენის სიკვდილის შემდგომი ფოტო აღმოაჩინა. დაგეროტიპის (ვერცხლის ფორფიტაზე გადაღებული ფოტო) ფოტო, რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, ლუი-ოგიუსტ ბისონია, ჟუხოვსკიმ ერთ-ერთი შოტლანდიელისგან შეიძინა. 1849 წლით დათარიღებულ ფოტოსურათზე ცნობილი კომპიზიტორი სასიკვდილო სარეცელზეა აღბეჭდილი. ვარშავაში შოპენის მუზეუმის წარმომადგენელი ფოტოსურათის უტყუარობას უშუალოდ ნახვის გარეშე ვერ ადასტურებს.
თუკი ფოტოსურათის რეალურობა დადასტრურდება, პოლონელი გალერისტის აღმოჩენა სენსაციურად მიიჩნევა. დღემდე მსოფლოში შოპენის მხოლოდ ორი ფოტოა ცნობილი. ამასთან, ორივე ცნობილ კომპოზიტორს მის სიცოცხლეში გადაუღეს. ერთ-ერთის ავტორი ზემოხსენებული ლუი-ოგიუსტ ბისონია, რომელიც, ასევე, 1849 წელსაა გადაღებული.
შოპენის ფოტოს რეალურობის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ცნობილი კომპოზიტორის გარდაცვალებამ საფრანგეთს ხელოვანთა სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი აღსასრულის შემდეგ, ასევე, ცნობილმა მოქანდაკემ ოგიუსტ კლეზინჟემ, რომელსაც პერ-ლაშეზის სასაფლაოზე შოპენის საფლავის ქანდაკება ეკუთვნის, შოპენის სიკვდილის შემდგომი ნიღაბი დაამზადა. ამდენად, იმ დროისთვის საკმაოდ სახელგანთქმულ ფოტოგრაფ ბისონს თავისუფლად შეეძლო შოპენის უკანასკნელი ფოტოს გადაღება.