გიგი უგულავა მერის უფლებამოსილების აღდგენაზე უარს უკვე ნებაყოფლობით ამბობს. მას შემდეგ, რაც მოსამართლის თანაშემწემ უგულავას ადვოკატთან განაცხადა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლე სათთბირო ვადას ზრდის და 25 ივნისის ნაცვლად განაჩენს 26 ივნისს გამოაცხადებს, უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს „მოთმინების ფიალა“ აევსო.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავასრულო ეს კომედია და გამომაქვს ჩემი შუამდგომლობა“, - განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება განგებ ჭიანურდება.
„სასამართლო მთავრობის გააფთრებულ ზეწოლას განიცდის, რომ მოსამართლემ არ გამოიტანოს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ აღადგინოს პირდაპირი წესით არჩეული მერი“, - აცხადებს გიგი უგულავა და აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას თვეზე მეტია სხვადასხვა მიზეზით აფერხებს. უფლებამოსილებაშეჩერებული მერი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გზით მისმა ბრძოლამ შედეგი მაინც გამოიღო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისის მომავალ მერს მის მსგავსად უფლებამოსილებას ვეღარავინ შეუჩერებს.
„ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ სასამართლოდან შუამდგომლობა და, შესაბამისად, სასამართლო აღარ განიხილავს ამ საკითხს“,- განუცხადა for.ge-ს სასამართლოში გიგი უგულავას ინტერესების დამცველმა გიზო უგლავამ.
ადვოკატის ფიქრობს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას არც 26 ივნისს გამოაცხადებდა და საამისოდ რამეს მოიმიზეზებდა.
„უბრალოდ, ამ შუამდგომლობის განხილვამ, დროის თვალსაზრისით, მნიშვნელობაც დაკარგა. უფლებამოსილების შეჩერება, ფაქტობრივად, განაჩენს დაემგვანა. მოსამართლეს, როგორც წესი, საქმის განსახილველად გონივრული ვადა აქვს. ამ საქმის განხილვა კი უკვე გასცდა ყოველგვარ გონივრულ ვადას და საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა“, - აცხადებს გიზო უგლავა.
როგორც გიგი უგულავა და მისი ინტერესების დამცველები აცხადებენ, სასამართლოს მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ხელოვნურად მხოლოდ 25 ივნისს არ გაუჭიანურებია და ეს პროცესი თვეზე მეტია გრძელდება. საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ჩნდება კითხვები, თუ რატომ მიმართა გიგი უგულავამ სასამართლოს, თუ მის გადაწყვეტილებას არ დაელოდებოდა. მით უფრო, რომ სასამართლოს განაჩენი, ოფიციალური განცხადების თანახმად, რამდენიმე საათში უნდა გამოცხადებულიყო - ანუ, 25 ივნისის 17:00 საათის ნაცვლად, 26 ივნისის 14:00 საათზე; ან, რატომ არ გამოიტანა შუამდგომლობა, თუნდაც, ორი კვირით ადრე?
სამართლებრივ საკითხთა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს, რადგან უგულავას გადასაწყვეტია, როდის შეიტანს და როდის გამოიტანს უკან საკუთარ შუამდგომლობას. თუმცა, რამდენიმე ექსპერტი არაოფიციალურ საუბრებში ყვება, რომ მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე წამოწყებული სასამართლო კამპანია წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით წარიმართა. კერძოდ, საუბარია თვეების წინ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთგვარ შეთანხმებაზე.
არსებობს ვერსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უგულავას მერობის საკითხზე საკონსტიტიციო სასამართლოს პირველ პირთან ერთგვარი შეთანხმება მოახერხეს და მათი თანაგუნდელი გიორგი პაპუაშვილისგან დაპირებაც მიიღეს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში, პასუხი მოსარჩელეებისთვის დადებითი იქნებოდა.
გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლომ 2013 წლის დეკემბერში მიიღო. საუბარია „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულებს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავას აღდგენის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლომ 23 მაისს დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყო მიმართული. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას ან შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას მერის უფლებამოსილებას სასამართლოს ქვედა ინსტანციები უკვე ვეღარ გადაწყვეტენ, რადგან ამ საკითხის განხილვაზე უარი თავად გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას რამდენიმედღიანი მერობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. თუმცა, უფლებაშეჩერებული მერის წინააღმდეგ წარმოებული 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.