მსახიობმა ჩარლი შინმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპანია Warner Bros- ისგან გათავისუფლების გამო 100 მილიონი დოლარი მოითხოვა. ჩარლი შინი ამავე კომპანიის პოპულარულ კომედიურ სერიალში "ორნახევარი ადამიანი" მონაწილეობდა. იგი 2011 წლის მარტის დასაწყისში გაათავისუფლეს, სერიალის გამოშვება კი შეწყდა.
მსახიობის დათხოვნის მიზეზის განმარტებისას კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩარლი შინის არაადექვატური საქციელის გამო სერიალის გადაღებები არაერთხელ შეწყვეტილა. ამასთან, რამდენიმე ინტერვიუში ჩარლი შინმა სერიალის პროდიუსერი ჩაკ ლორი არაკორექტულად მოიხსენია. მსახიობის თქმით, პროდიუსერი თავის სამუშაოს ცუდად უძღვებოდა.
სანტა-მონიკას სასამართლოში ჩარლი შინის მიერ შეტანილ სარჩელში განმარტებულია, რომ მსახიობის დათხოვნის რეალური მიზეზი პროდიუსერ ჩაკ ლორის მისამართით მის მიერ გამოხატული აზრია. მას შემდეგ, რაც მსახიობმა საკუთარი პროდიუსერი გააკრიტიკა, კომპანიამ გასულ წელს მომხდარი გაუგებრობის გახსენება გადაწყვიტა.
ამასთან, ჩარლი შინის ადვოკატები აცხადებენ, რომ სარჩელი სერიალის გადამღები ჯგუფის სხვა წევრთა ინტერესების გათვალისწინებით შეიტანა, რომლებიც, ასევე, სერიალის ვადამდელი შეწყვეტის გამო დაზარალდნენ. ჩარლი შინი მორალური ზიანისთვის 100 მილიონი ოდენობის თანხას მოითხოვს, რაც მას სერიალის დახურვის შემდეგ მიადგა. ასევე, ეს თანხა მოიცავს ჩარლი შინის ჰონორარსაც.