ემზარ კვიციანი პროკურორების აცილებას ითხოვს. საუბარია თენგიზ ხარებავასა და თენგიზ ჭითაშვილზე. როგორც კვიციანის ადვოკატი რეზო კახნიაური აცხადებს, სახელმწიფო ბრალმდებლები არიან ისეთი ოდიოზური პიროვნებები, რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო ბრალდებას ვაზაგაშვილისა და სხვა საქმეებზე. ეს პირები კი ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ამიტომ მათი მოთხოვნაა, თენგიზ ხარებავა და თენგიზ ჭითაშვილი საქმეს ჩამოაშორონ.
For.ge რევაზ კახნიაურს ესაუბრა.
ცოტა ხნის წინ ემზარ კვიციანი შიმშილობდა, რადგან ოჯახში დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ. დღეს კი ემზარ კვიციანის პოზიციაა, რომ პროკურორები - თენგიზ ხარებავა და თენგიზ ჭითაშვილი მის საქმეს ჩამოაცილონ. ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები აბრკოლებენ მისი საქმის ობიექტურ გამოძიებას?
- ემზარ კვიციანის შიმშილობის მიზეზი იყო, რომ ის ითხოვდა პროკურატურის წარმომადგენლებთან, თენგიზ ხარებავასა და ჭითაშვილთან შეხვედრას. თუმცა მას ისინი არ შეხვდნენ. დღესდღეობით საქმე სასამართლოში გადასაცემად მზადდება, ძიება მთავრდება, დარჩენილია მხოლოდ ორი მუხლი, დანარჩენები მოეხსნა დანაშაულის არარსებობის გამო. ვთვლით, რომ დარჩენილი ორი მუხლიც მოგონილი და შეთითხნილია მხოლოდ და მხოლოდ ემზარ კვიციანის დისკრედიტაციის მიზნით, რათა საზოგადოება დაეჭვდეს, რაკი ამ ადამიანს ამდენს ედავებიან და ამდენი მუხლით არის პასუხისგებაში მიცემული, ე.ი. მართლაც რაღაც აქვს დაშავებული. რეალურად, ეს არ დასტურდება და ის ორი მუხლიც, რომელიც შეეხება ამბოხს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას, არარეალურია. სინამდვილეში, „უკანონო შეიარაღებული ფორმირება“ შეიქმნა 1991 წელს და მან თავისი როლი შეასრულა. კერძოდ, 15 წლის განმავლობაში ეს ფორმირება იცავდა კოდორის ხეობას და ის საქართველოს იურისდიქციაში შედიოდა. როდესაც კოდორში 2006 წელს შეჰყავდათ ჯარები, ემზარ კვიციანი წინ დაუდგა და უთხრა, არ შეიძლება შემოსვლა, ამას მოჰყვება ოთხმხრივი ხელშეკრულების დარღვევა, რითაც რუსებსა და აფხაზების შემოტევის საშუალება მიეცემათო. ამიტომ, ჯერ გაუქმდეს 1994 წლის 13 მაისის გაეროს, რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის დადებული ოთხმხრივი ხელშეკრულება, ან შემოიყვანეთ მხოლოდ პოლიციის დანაყოფები. ეს არ შესრულდა. ემზარ კვიციანმა არ დაღვარა სისხლი, გაერიდა ძმათამკვლელ ომს. ამას მოჰყვა, რომ კოდორის ხეობაში შევიდა საქართველოს ჯარი. სწორედ ეს ჩაუთვალეს მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად და ამბოხად, ჩაყარეს ასობით მილიონი ბიუჯეტიდან და მაინც ტყვიის გაუსროლად გამოიქცნენ იქიდან, მიატოვეს კოდორის ხეობა, ანუ ტერიტორიის ერთი მესამედი, რასაც მანამდე ემზარ კვიციანის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლება აკოტროლებდა. დღეს ეს ხეობა მთლიანად ოკუპირებულია.
მტკიცებულებების არარსებობის გამო ემზარ კვიციანს 7 მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მოუხსნეს. ამის გამო ხომ არ არის პერსპექტივა, რომ საერთოდ გამართლდეს იგი დანარჩენი ორი მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებშიც? მით უმეტეს, 315-ე და 223-ე მუხლები 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- ახლაც იგივე მდგომარეობაა, არაფერს ნიშნავს, რომ მას მსუბუქი მუხლები მოეხსნა, რომელიც იყო თითიდან გამოწოვილი, თეთრი ძაფით შეკერილი. არ ჰქონდა ის ქმედებები ჩადენილი, მას ედავებოდნენ რაღაც 1301 ლარს, რომ თავის თანამშრომელს მისცა თანხმობა, 1300 ლარი დაეზოგა და საშემოსავლო არ გადაეხადა. მას წაუყენეს ეს ორ მუხლად, როგორც თაღლითობაში დახმარება, რაც თავიდანვე აბსურდი იყო. მის საქმეს 15 გამომძიებელი და 8 პროკურორი იძიებდა 2006 წლიდან და სასამართლო განხილვები არ ყოფილა. ახლა ემზარ კვიციანი 4 თვეა დაკავებულია და არ შეუძლია, 10 წლის შვილთან დარეკვა, არ აქვს პრესის, ტელევიზიის ნახვის საშუალება. ყველანაირად შეზღუდულია. არადა, პროცესში წერია, ადამიანი შეიძლება წინასწარ პატიმრობაში იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელს შეუშლის ან დაემალება გამოძიებას. ამ დროს ემზარ კვიციანი თავად ჩამოვიდა, მას არ უნდოდა დამალვა. ამიტომ ეს ფაქტორი წინასწარ გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან 2006 წელს დაიწყო ეს გამოძიება და ყველა ჩვენება უკვე მიღებულია. ჯანმრთელობის მხრივ იგი მძიმედ იყო, ხერხემალი აწუხებდა, ორი თვის განმავლობაში ვითხოვდით ნევროპათოლოგის შეყვანას და მასთან არ შევიდა ნევროპათოლოგი.
კონკრეტულად სახელმწიფო ბრალმდებლების შესახებ რას იტყვით? მათი დაინტერესებით აიხსნება ემზარ კვიციანის ხანგრძლივად დარჩენა პატიმრობაში?
- მე ვთვლი, ისინი არიან ნაცმოძრაობის თანამოაზრეები. არ ვიცი, რა კომპრომატი გააჩნია ნაცმოძრაობას მათზე, მაგრამ ყველა არაობიექტურობა მათგან მოდის. რას ნიშნავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კვიციანი იჯდეს ციხეში?! მაშინ, როცა ამ კაცს უკეთებია ის საქმე, რაც ქვეყანას სჭირდებოდა. მათ თუ უბრძოლიათ და ქვეყნისთვის ერთი მტერი მაინც თუ მოუცილებიათ?! ამ კაცმა ბაგრამიანის 247 ჯარისკაცი, რომლებმაც სოხუმში გაიმარჯვეს და შემდეგ შემოუტიეს კოდორის ხეობას, დააწვინა იქ და ქართველებზე გამარჯვება არ აზეიმა. ჩემთვის კვიციანი გმირია, ის ადამიანები კი, რომლებიც მას იჭერენ და ამ დროს ასობით მილიონს კარგავენ და ფლანგავენ, ნამდვილად არ არიან გმირები. ისინი მას აპატიმრებენ და ამით არც სამართლიანობა აღდგება. ეს უზნეობაა.
ორი პროკურორის ვინაობა დაასახელეთ, მაგრამ თქვენი აზრით, კონკრეტულად ამ საქმის უკან ვინ დგას? ისევ ყოფილი ხელისუფლება მართავს სიტუაციას, თუ ახალ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ თანამოაზრეები, მიუხედავად პარლამენტარების ხელმოწერებისა, რომლებიც ემზარ კვიციანს თავდებში ჩაუდგნენ?
- ხელმოწერები შეგროვდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ემზარ კვიციანს მტრები უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მოყვრები.
მტრები ნაციონალებში თუ ახალ ხელისუფლებაშიც?
- ჩემი ღრმა შეგნებით, ახალი და ძველი ხელისუფლება ისეა გადაჯაჭვული, სად არის ძველი და სად ახალი, ძნელი გასარკვევია.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ, თუ საქმე 28 ივნისამდე სასამართლოს არ გადაეცემა, მაშინ კვიციანი უკანონო პატიმრად ჩაითვლება?
- საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში არის პირდაპირ ასეთი მუხლი, საპატიმრო ვადა, წინასწარი პატიმრობა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში. მეტის გაგრძელების საშუალებას სისხლის სამართლის პროცესი არ იძლევა. ამიტომ, თუ ეს საქმე არ დამთავრდება და არ გადაეცემა სასამართლოს, ის იქნება უკანონო პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ პირველადი სასამართლო არ გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, ამას გავასაჩივრებთ ზემდგომში და, რა თქმა უნდა, სტრასბურგშიც.