„თიბისი ბანკი“ „ასავალ-დასავალისა“ და მისი ჟურნალისტების შემდეგ სასამართლო გზით ბრძოლას გაზეთის რეპონდენტებთანაც გეგმავს. როგორც ბანკის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ for.ge-სთან საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე კონკრეტულ გვარებს არ დაასახელებს, თუმცა, იგულისხმებიან ის რესპონდენტები, რომლებიც გაზეთის ბოლო ნომრებში კონკრეტულ ბრალდებებს უყენებენ ბანკს და მის დამფუძნებლებს და ამის შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბრობენ.
„ვუჩივლებთ იმდენ ადამიანს, რამდენიც გაავრცელებს ცრუ ფაქტს“, - განუცხადა for.ge-ს ბანკის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. რესპონდენტების წინააღმდეგ სარჩელის მომზადებამდე, „თიბისის ბანკის“ ადვოკატები სასამართლოში საკუთარი სარჩელის დასაბუთებას გაზეთის და მისი კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ აპირებენ.
„ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 25 ივნისს, იწყება. სარჩელის მოტივი ბანკისა და მისი დამფუძნებლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცილისმწამებლური პუბლიკაციების სისტემატური გამოქვეყნებაა.
„თიბისი ბანკი“ „ასავალ-დასავალისგან“ მათ შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციების უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160 ათასი ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. ბანკის პიარსამსახურის ხელმძღვანლის, მაია ძირკველიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარებას მოხმარდება.
„თიბისი ბანკი უკომპრომისოდ გააგრძელებს სიცრუისა და ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლას. გვჯერა, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებას“, - აცხადებს მაია ძირკველიშვილი და აღნიშნავს, რომ გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ხშირად ფანტასტიკის ჟანრსაც კი სცილდებოდა და სცილდება.
ბანკის ინტერესების დამცველი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს შეიტანეს და მას შემდეგ, ოთხი თვის განმავლობაში, გაზეთის წარმომადგენლებისგან სასამართლოში არანაირი მტკიცებულება არ არის წარდგენილი, რომელიც „თიბისი ბანკისა“ და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დაადასტურებდა.
„მეტიც, ამ ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს კამპანია. ჩვენმა კლიენტებმა აირჩიეს გზა, რომ არ გადეტანათ ეს „გარჩევა“ პრესის ფურცლებსა და ტელევიზიებში, სამართლებრივი კუთხით კი არავითარი მტკიცებულება არ არის სასამართლოში წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გაზეთი ცდილობს, დაადასტუროს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოსაზრებაა. არადა, სახეზეა ინფორმაციის, როგორც ფაქტის გავრცელება“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.
ადვოკატი აპირებს ხვალ სასამართლო პროცესზე დაამტკიცოს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არ არის მოსაზრება და არის ცილისწამება, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბანკის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას ლახავს.
ბანკის კიდევ ერთი ადვოკატი ქეთევან ქარცხავა კი აღნიშნავს, რომ სიტყვისა და აზრის თავისუფლება არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარების საფუძველი, მაგრამ არსებობს ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც პირის პატივსა და ღირსებას იცავს.
„პირის პატივისა და ღირსების წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელებასა და ვისიმე ანგარიშსწორების ან სიძულვილის რეალიზაციას, არაფერი საერთო არ გააჩნია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ამას საზოგადოებისთვის. ჩვენ და ჩვენი კლიენტი არ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას, პირიქით, თანხა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბანკი პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ითხოვენ, სწორედ, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის განვითარებას მოხმარდება“, - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ და მისმა რამდენიმე ჟურნალისტმა კონსტიტუციით დადგენილი ზღვარი გადალახეს და შესაბამისი საკითხი უკვე სასამართლო პროცესებზე გაირკვევა.
ადვოკატები გაზეთის მიერ გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციებზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, ცილისწამებაა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ მერაბ კოსტავას ხელი დაარტყა მამუკა ხაზარაძემ და, რომ ხაზარაძე მონაწილეობდა დარბევაში 1989 წელს.
„ჩვენ წარმოვადგენთ მოწმეებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი და მახსოვს საზოგადოების განწყობა, მაშინ მერაბ კოსტავას რომ ხელი მოხვედროდა, ძნელი სათქმელია, იქ რა მოხდებოდა. რადგან, ყველამ კარგად იცის, თუ ვინ იყო მერებ კოსტავა. არათუ მამუკა ხაზარაძეს, საერთოდ, არავის დაურტყამს ხელი მერაბ კოსტავასთვის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაირკვეს ეს ერთხელ და სამუდამოდ. ასევე უნდა გაირკვეს „ელიტ-ელექტრონიქსთან“ დაკავშირებული საკითხიც, რომ თითქოს მათ ვინმემ რამე წაართვა. უნდა გაირკვეს „ცეკავშირთან“ დაკავშირებული ცილისწამებაც - ეს ხომ არ არის მოსაზრებები. ან ასეა, ან -ისე“, - განმარტავს ზვიად კორძაძე.
„თიბისის ბანკის“ სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის და არგუმენტების წარმოდგენა for.ge-მ „ასავალ-დასავალსაც“ სთხოვა. თუმცა, გაზეთის რედაქციაში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
„ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10:30 საათზე დაიწყება.