„საყდრისის მიმდებარედ, აბულმუგის ხევში კომპანია „RMG Gold“-მა მადნეულის სამსხვრევი წისქვილები აამუშავა“, - ამის შესახებ For.ge-ს საყდრისის ერთ-ერთმა მცველმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა აცნობა. იგი ამჟამად აბულმუგის ტერიტორიაზე საყდრისის გადარჩენის კომიტეტის სამ წევრთან ერთად იმყოფება.
მისი თქმით, სასამართლო პროცესები საყდრისის დამცველთა სასარგებლოდ გადაწყდა და კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდს“ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება დროებით შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საყდრისის ირგვლივ რამდენიმე პოსტი გაუქმებულია, დაცვა შესუსტებულია, იმ რაოდენობით და სიმკაცრით აღარ არიან, თუმცა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის პროტესტის 71-ე დღეს მათ შენიშნეს, რომ საყდრისიდან რამდენიმე მეტრში ძალიან ახლოს, აბულმუგის ნამოსახლარზე მიმდინარეობს აფეთქებები, მადანს მოიპოვებენ და, თუ აქამდე გვერდით არსებული სამსხვრევი წისქვილი გაჩერებული იყო, ამჟამად გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. დღე და ღამე სამსხვრევ წისქვილში ყრიან აბულმუგიდან მოტანილ მადანს, მანქანები, ტრაქტორები, ბულდოზერები მოძრაობენ, მადანს ფქვავენ, მერე ეს მადანი მიაქვთ და ყრიან გამოსატუტ მოედნებზე.
„ამ წუთას ტყეში ვდგავარ ისეთ ადგილას, რომ ზუსტად აბულმუგის ხევს ვუყურებ ზემოდან. გაქანებული სამუშაოები მიმდინარეობს. არადა, ისტორიული ძეგლებითაა აქაურობა სავსე, აქ არის შუა საუკუნეების ტაძარი, რომელიც ზიანდება. ისედაც ჟამთა სვლის გამო დაზიანებული, შუაზეა გადაპობილი, სახურავიც აღარ აქვს. იქ არის მეორე უნიკალური ძეგლიც, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო აბანო, ზოგი ამბობს, რომ ეს იყო ტაძარი და მერე აბანოდ გადააკეთეს. ასე ზიანდება ტაძრები აფეთქებებით. მომწამვლელი ნივთიერებით ციანირება შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოს. სადაც მადანს ამსხვრევენ, იქიდან დაახლოებით 500-600 მეტრშია დასახლებული პუნქტი, სოფელი ბალიჭი. ციანირებას რომ დაიწყებენ, ბალიჭელები ან უნდა დაიხოცონ, ან უნდა აიყარონ და წავიდნენ. იქვეა კიდევ სოფელი დიდი დმანისი, ძალზე მძიმე ვითარებაა. რაც საქართველოს ხელისუფლებამ, გარემოს დაცვის სამინისტროს სახით გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასცა საკუთარი მოსახლეობის დაწამვლის ნებართვა. ქარს ხომ ვერ გააკონტროლებენ, ქარი ხომ წაიღებს იმ ციანიდს. ორსაყდრებთან ახლოს მოიყვანეს ტრაქტორი და დაიწყეს მიწის თხრა. მეტრანახევარზე უფრო მეტი მიწა აქვთ ამოღებული. გვითხრეს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით წყალი მიგვყავს გამოსატუტ მოედნებთანო. მაინტერესებს, სხვებთან ერთად მსოფლიო ბანკიც მონაწილეობს ქართველი ხალხის მოწამვლაში?“ - აცხადებს ნინო მიქიაშვილი, რომლის თქმითაც, მათ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც დაუდასტურა, რომ ამ სამუშაოებზე ნებართვაა გაცემული.
გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შადიმან გაგნიძეც იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე (სადაც ნინო მიქიაშვილი და საყდრისის სხვა მცველები არ შეუშვეს). გაგნიძემ განმარტა, რომ მართალია, მას „არ ემ ჯი“-ს წარმომადგენლებმა ნებართვა არ აჩვენეს, მაგრამ სიტყვიერად დაუდასტურეს, რომ ამ სამუშაოებისთვის ყველანაირი ნებართვა ჰქონდათ, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნებართვა გასული კვირის პარასკევს გასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ თეთრაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საყდრისის მიმდებარე ტერიტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ნებართვების გაცემა მათ არ ეხებათ.
„როგორც ვიცი, ნებართვა გაცემულია მშენებლობის ვარგისიანობაზე, თორემ ნებართვას ჩვენ ვერ გავცემთ ვერც მოპოვებაზე და ვერც წარმოებაზე. მაგათ ლიცენზია აქვთ და აწარმოებენ სამუშაოებს. მიმდინარეობს თუ არა იქ მადნის მოპოვება, ვერ გეტყვით, არც ის ვიცი, რაზე იყო შეთანხმება. ჩემი ტერიტორია არ არის საყდრისი, იმდენი საქმე მაქვს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რა ხდება, არ ვიცი“.
For.ge დაუკავშირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრა ობოლაძეს.
„ვერაფერს გეტყვით, შემდგომში დავინტერესდები. მე იქ ვარ თითქმის ერთი წელიწადია და არანაირი ნებართვა ჩვენ არ გაგვიცია. საყდრისთან დაკავშირებით არ შემიძლია ობიექტური ვიყო, ვეყრდნობი მეცნიერების აზრს და რასაც იტყვიან, იმას გავიზიარებ. ცალმხრივად რომ ვამტკიცო, რომ 5 ათასი წლის წინ იქ ოქროს მოპოვება იყო ან არ იყო, ეს არ იქნება სერიოზული“, -გვითხრა ალექსანდრა ობოლაძემ.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, პარლამენტარი გიორგი გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ საყდრისის მიმდებარედ ძალზე ცუდი პროცესი მიმდინარეობს. ეს დაკავშირებულია პოლიგონის მომზადებასთან, სადაც უნდა დასაწყობდეს მადანი. ამ მასის ამოტუტვა კი კალიუმის, ნატრიუმის ციანიდით, ამ ძალზე ტოქსიკური ნივთიერებით, უმაღლესი კატეგორიის შხამებით ხდება.
„ეს დიდი საფრთხის შემცველია, მით უმეტეს, ახლო-მახლო მოსახლეობა ცხოვრობს. ატმოსფეროში ნატრიუმის ციანიდი რომ ადის, წყლის ორთქლთან შედის რეაქციაში და წარმოშობს კიდევ გარკვეულ შხამებს, რომელიც შეიძლება გადავიდეს გარკვეულ მანძილზე. გარდა ამისა, ყოველთვის არის ამ შხამის გაჟონვის საფრთხე. ასეთი უბედურება მოხდა რუმინეთში ათი წლის წინ და საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სამწუხაროა, რომ ამის მშენებლობაზეც ნებართვა აქვს ადგილობრივ გამგეობას გაცემული და გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს. როგორც ვიცი, აქტიურობდნენ კიდეც, ხელმოწერებიც ჰქონდათ, მაგრამ იქ სხვა უცნაური რაღაცებიც მოხდა, არ მინდა ვთქვა, მაგრამ რაღაცნაირად გააჩუმეს ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი. ამ ხალხს თუ საკუთარი ოჯახის და შვილების უსაფრთხოებას რაღაც სხვა ურჩევნია, ეს არ ვიცი“, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.
ჩვენ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელს შადიმან გაგნიძესაც დავუკავშირდით. „არასწორად ფლობთ ინფორმაციას და ამ ტერიტორიაზე არანაირი საშიშროება არ არის“, - ასეთი იყო მისი „დასკვნა“. როცა შევახსენეთ, რომ მისგან გვინდოდა მისეული სიმართლის გაგება, გვითხრა: „წერილობით მიმართეთ ჩვენს სამინისტროს და გაგცემენ პასუხს. სატელეფონო კომენტარს არ ვაკეთებ“.
For.ge მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც საგარეო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა თამარ კობახიძემ უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს საყდრისის მიმდებარედ სამუშაოებს მათი დაფინანსებით ახორციელებენ. „მსოფლიო ბანკის მხრიდან იქ არაფერი მიმდინარეობს. შეიძლება, იქ რაღაც კეთდება, მაგრამ მსოფლიო ბანკს ამ ეტაპზე იქ არანაირი პროექტი არ აქვს“.
კომპანია RMG-ის წარმომადგენელი ნატალი ნოზაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი სალიცენზიო ტერიტორია უდიდეს ფართობს მოიცავს, კონკრეტულ ფართობზე გარკვეული სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ ამ სამუშაოების შესახებ უფრო მეტს ვერ დააკონკრეტებს.
„ის ფაქტი, რომ შეიძლება ციანიდით მოიწამლოს ტერიტორია, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არ არის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, ეს არის უბრალოდ, მიწის სამუშაოები, რომელიც საყდრისიდან კარგად მოშორებითაა. ჩვენ აკრძალული გვაქვს იქ მუშაობა და ამ პირობებს სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ვიცავთ“.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წიაღის მოპოვებასთან ციანიდი არანაირ კავშირში არ არის. არის თუ არა ალბათობა, სამომავლოდ ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და რას მოიმოქმედებს იგი, როგორც ბუნების დამცველი, ამის შესახებ გუჯარაიძე აცხადებს, „ამ ფაქტის შესახებ, თუ დეტალები დაზუსტდება, კომენტარს მაშინ გავაკეთებ“.