აღმოჩნდა, რომ, როდესაც პატარები საფრთხის წინაშე მარტოები, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩებიან, იბნევიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ. მშობლის ვალია შვილის სწორად ინფორმირება და მისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა.
რა აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მშობლებმა ასეთი შემთხვევებისთვის შვილებს?!
ელექტრომოწყობილობები
ელექტრომოწყობილობებისადმი ინტერესით ბიჭები გამოირჩევიან. მშობლებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ რათა ბავშვი ჩამრთველთან არ მიიპაროს და ესა თუ ის მოწყობილობა არ ჩართოს. სკოლის ასაკის ბიჭებს ფიზიკის სფერო აინტერესებთ და ხშირად უჩნდებათ სახიფათო ცდების ჩატარების სურვილი. აუცილებელია მათ განვუმარტოთ, რომ დენთან ხუმრობა დაუშვებელია, განსაკუთრებულად უნდა იფრთხილონ ქუჩაში უყურადღებოდ დატოვებულ სადენებთან. სტატისტიკურად დადგინდა, რომ ხანძრების უმრავლესობა სწორედ უყურადღებოდ მიტოვებული ელექტროსადენების გამო ჩნდება.
ჭექა–ქუხილი
მართალია, წვიმისა და ჭექა–ქუხილის დროს ბავშვები ქუჩაში იშვიათად ხვდებიან, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენა გარკვეულ ხიფათს მაინც შეიცავს. პატარებს უნდა აუხსნათ, რომ ჭექა–ქუხილის დროს არსებობს მეხის დაცემის ალბათობა და ასწავლოთ, როგორ აარიდოს მას თავი. პირველ რიგში, თუ სახლში დაბრუნებას ვერ ასწრებს, თავი უნდა შეაფაროს უახლოეს შენობას, მაგალითად, მაღაზიას. არარეკომენდებულია ველოსიპედით სიარული, უნდა გათავისუფლდეს ლითონის საგნებისგან, თუ ზღვის ან მდინარის სანაპიროზეა, არ ჩავიდეს წყალში, რადგან წყალი დენის კარგი გამტარია. და კიდევ, ჭექა–ქუხილის დროს არავითარ შემთხვევაში დადგეს მაღალი ხის ქვეშ.
ვერ აგნებს სახლს
ხშირად პატარები იკარგებიან და საკუთარ სახლს ვეღარ აგნებენ. როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი ასეთ დროს? მთავარია, არ დაიბნეს და არ შეეშინდეს. მშობლებმა ამ სიტუაციაში სწორად მოქმედება შვილებს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ, რადგან პატარების დაკარგვის შემთხვევები ძალიან ხშირია.
თუ ბავშვი მაღაზიაში დაიკარგა, უნდა იცოდეს, რომ მივიდეს სალაროსთან, სადაც მას დედიკო აუცილებლად იპოვის. თუ ის ქუჩაში დაიკარგა, უთხარით, რომ შევიდეს უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში, სადაც მას აუცილებლად დაეხმარებიან. შედარებით მოზრდილებმა ასეთ დროს დახმარებისთვის პოლიციას უნდა მიმართონ.
ფრთხილად, ხანძარი!
სამწუხაროდ, ხანძრები იშვიათობას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ პატარებს ძალიან უყვართ ასანთით თუ სანთებელათი თამაში. მშობლებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს, რათა ასეთი ნივთები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ დარჩეთ. გარდა ამისა, უნდა აუხსნათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარმა, რამდენად სახიფათოა ის როგორც მისთვის, ისე გარშემომყოფებისათვის.
ხანძრის დროს არ შეიძლება ლიფტით სარგებლობა; სახიფათოა კვამლის ჩასუნთქვა, ამიტომ პირით კი არა, ცხვირით ისუნთქოს ან მაქსიმალურად შეიკავოს სუნთქვა.
ეს ის მინიმალური წესებია, რომელთა ცოდნაც ყველა პატარასთვის აუცილებელია და მათი შვილებამდე სწორად მიტანა ყველა მშობლის ვალია, ისევ და ისევ მათი შვილების კეთილდღეობისათვის.