მთავრობამ 30 ივნისამდე აღარ დაიცადა და ერთი კვირით ადრე წარმოადგინა კონცეფცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და თანამდებობრივ სარგოებსა და დანამატებთან დაკავშირებით ერთიან წესს ეხება. მართალია, იქ გარკვეული შეზღუდვა არის გათვალისწინებული, მაგრამ ახალი წესი მხოლოდ მთავრობაზე ვრცელდება, ხოლო პარლამენტს, საკრებულოებს, სასამართლოს ცალკე რეგულაცია დასჭირდება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესის პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება პერიოდულობას, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით. პრემიების გაცემის წესის შესახებ პროექტი მთავრობის სხდომას 26 ივნისს წარედგინება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის თქმით, საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება“, - განმარტა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ბოლო ხანს საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.
„სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
მნიშვნელოვანი სიახლეა საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს დაწესებულების ხელმძღვანელი, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში გადაწყვეტს.
„საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი დასაბუთებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულის ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითზე გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ.
უკვე შემუშავებული წესი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება და ის არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე. ესე იგი, პარლამეტისთვის, საკრებულოებისთვის და სასამართლეობისთვის დამატებით ცალკე ნორმატიული აქტები უნდა შემუშავდეს. თუკი ხელისუფლების ტემპს მივიღებთ მხედველობაში, ყველა მიმართულებით ვითარების დარეგულირებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭრიდება.
ქარდავას ინფორმაციით, მნიშვნელოვან სიახლეა პრემიის გაცემის მიზნობრიობის განსაზღვრაც. პრემიის მიზანი უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
„აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს შეფასების ერთიანი სისტემები, რომელთა შესამუშავებლადაც საჯარო უწყებებს დაევალებათ, საჯარო სამსახურის ბიურის წარუდგინონ შეფასების სისტემის შესახებ ინფორმაცია მათი სპეციფიკის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ქარდავამ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საპრემიო სკანდალმა მთელი ქვეყანა მოიცვა. ბოლო წვეთი მინისტრების წარმოუდგენლად მაღალი სახელფასო დანამატი და დედაქალაქის საკრებულოში 243 ადამიანზე გააცემული „ჯგუფური პრემია“ გახდა. თბილისელი მოხელეების ქცევას პარლამენტის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა აუცილებლად მიიჩნევს პრემიების გაცემის წესის შეცვლას და რეგულაციების დაწესებას.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი იმაზე საუბრობს, თუ რამდენად უარყოფით გავლენას ახდენს მსგავსი ფაქტები პოლიტიკოსებისა და ზოგადად ხელისუფლების იმიჯზე და რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის მათ რეიტინგს.
„ვერ გავიგე რა საკანონმდებლო აქტი სჭირდება იმას, რომ დადგინდეს, თუ როგორ უნდა გაიცეს პრემიები. ორ საუკუნეზე მეტია, რაც მთელ მსოფლიოში ეს წესი მოქმედებს და იგულისხმება, ხელფასს ჩინოვნიკი იმაში იღებს, რომ კარგად იმუშავა, პრემიას კი იმაში, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა.
პრემია არ უნდა იყოს კოლექტიური, მთელმა სამინისტრომ, მთელმა საკრებულომ გააკეთა რაღაც განსაკუთრებული? ასე მდიდარ სახელმწიფოებშიც არ ხდება. ეს საკითხები, რატომღაც მთელი 9 წელი მიჩუმათებული იყო. ახლა კი მეტი ინფორმაცია საჯაროვდება, დამალვას ვეღარ ახერხებენ. ხალხის რეაგირებაც ადეკვატურია. მმართველი პარტია კი თან აკეთებს განცხადებას, რომ ეს მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ იქვე მორცხვად უმატებენ - რა ვქნათ, კანონი არ აზუსტებსო.
კანონი თუ არ ზღუდავს, არსებობს სხვა, დაუწერელი კანონი, ზნეობრივი ნორმები - ჩინოვნიკი, მთავრობის წევრი თავისი ცხოვრების წესით მისაბაძი უნდა იყოს“, - ამბობს სოსო ცინცაძე.