ახალი წიგნი ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროში არსებული კორუფციული სქემების და დატაცებული მილიარდების შესახებ -„ქართული ეკონომიკის მკვლელები“ – ასე ქვია წიგნს, რომელიც კომპანიების - „თელასის“ და „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, „ორთაჭალჰესის“ ყოფილი გენერალური დირექტორის და ენერგეტიკის აკადემიის წევრის თემურ ჭიჭინაძის ავტორობით გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართება.
წიგნი ცნობილი ბესტსელერის, ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარების“ მოტივებზე დაიწერა და ეხება სახელმწიფოს ცალკეული ჩინოვნიკების მიერ გარიგებებით და უკანონო ქმედებებით სხვადასხვა ბიზნესებში შეჭრას, ვიწრო წრეების სასარგებლოდ და საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.
წიგნში ზედმიწევნით თვალსაჩინოდ და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით გადმოცემულია სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ და ხშირ შემთხვევაში ირიბად, სხვადასხვა კომპანიებს და ცრუმაგიერ პირებს ამოფარებული, არათუ ცალკეული კომპანიების, არამედ მთლიანად დარგის დაპატრონების მაგალითები.
წიგნი სწორედ ამ საკითხის სიღრმისეულ ანალიზს შეიცავს და მასში განხილულია მთელი რიგი პრობლემებისა, რომელიც ეხება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს 2 სექტორს: წყალმომარაგებას და ენერგეტიკას. საერთაშორისოდ მიღებული და აპრობირებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო ერევა საქმიანობის ისეთ სფეროებში, სადაც კერძო კომპანიების არასწორმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესები დააზარალოს. სწორედ ამიტომ რეგულირდება საფინანსო სფერო, სურსათის უვნებლობა და ყველა სხვა ისეთი დარგი, სადაც სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულმა საბაზრო ჩავარდნამ მოსახლეობა შესაძლოა დააზარალოს. სექტორების ასეთ კატეგორიაში გადის ენერგეტიკაც და წყალმომარაგებაც, რაც წიგნის და მასში გადმოცემული საკითხების აქტუალობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
თუმცა, როგორც წიგნში მოყვანილი ფაქტებიდან ირკვევა, საქართველოში ამ დარგებში სახელმწიფოს ჩარევა, როგორც წესი, ხორციელდებოდა არა საზოგადოების ინტერესების, არამედ კერძო კომპანიების ინტერესების დასაცავად, თანაც სწორედ საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. ამის დასადასტურებლად ავტორს მოყვანილი აქვს კონკრეტული ფაქტები, კანონმდებლობის ცალკეული მუხლების, სხვადასხვა მაღალჩინოსნების ბრძანებების, დებულებების კონკრეტული ნომრების და მუხლების დონეზე. ფაქტები ცხადყოფს, თუ რა უხეშად ერეოდა ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროში ხელისუფლების სამივე შტო - აღმასრულებელიც, საკანონმდებლოც და სასამართლო ხელისუფლებაც, კონკრეტული კომპანიების და მათ ზურგს ამოფარებული ჩინოვნიკების სასარგებლოდ. შედეგი ყოველივე ამისა კი გახლავთ მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოღებული მილიარდობით ლარი, დაკარგული საბიუჯეტო შემოსავლები და ა.შ.
წიგნის პირველი თავი ეხება სს „თელასის“ პრივატიზაციის პროცესს და მასთან დაკავშირებულ უკანონობას და კორუფცუიულ გარიგებებს.
„ეი-ი-ეს თელასი“ – ფულის საჭრელი მანქანა ნანატრი ინვესტიციების ხიბლითა დაშედეგით
ენერგეტიკა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სექტორია, ამას მოწმობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ენერგეტიკის სფეროს წილის მაღალი და მზარდი მაჩვენებელი, ამას მოწმობს ისიც, რომ ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“ ენერგეტიკა ქვეყნის სტრატეგიულ დარგად და პრიორიტეტად არის მითითებული, ამას მოწმობს ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედი 2 საინვესტიციო ფონდს („საპარტნიორო ფონდი“ და „თანაინვესტირების ფონდი“) საკუთარ პრიორიტეტებში სწორედ ენერგეტიკა აქვთ მითითებული და პროექტების უმრავლესობას ამ დარგში ახორციელებენ და დაგეგმილი პროექტებიც ენერგეტიკის სფეროს უკავშირდება. სადაც დიდი ინტერესია, იქ კორუფციის და უკანონო ქმედებების რისკიც მაღალია. ამიტომ, სწორედ აქ უნდა იყოს სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით გაძლიერებული, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად შეუწყოს ხელი სამართლიანი პროცესების და კონკურენციის ხელშეწყობას. თუმცა, წიგნში მოყვანილი მაგალითები საპირისპიროს მოწმობს და ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ, სასათბურე პირობებს უქმნიდა ინვესტორებს.
„ქართული ეკონომიკის მკვლელები“ დეტალურად და ქრონოლოგიურად ასახავს „თელასის“ პრივატიზების პროცესს. ამ პროცესის სამართლიანი და კანონიერი წარმართვა მასში მონაწილე უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, „მერილ ლინჩის“ და ენერგეტიკის სფეროში 2 უდიდესი დასავლური კომპანიის - ფრანგული EDF-ს და ამერიკული AES-ის მონაწილეობის მიუხედავად ვერ მოხერხდა, ტენდერი არასამართლიანად ჩატარდა. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ფაქტი, თუ როგორ მოხდა ტენდერის ჩატარებამდე პრეტენდენტი კომპანია EDF-ის სატენდერო განაცხადის კონვერტის გახსნა და შემდგომ როგორ შეიტანა ამერიკულმა AES-მა ტენდერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სატენდერო განაცხადი. ის ფაქტი, რომ ტენდერი სწორედ AES-მა მოიგო, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სატენდერო პროცედურები დაირღვა და სახელმწიფოს ხელშეწყობით AES-მა არასამართლიან და არაკონკურენტულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
თუმცა, AES-ის სასარგებლოდ ტენდერის შემდეგაც არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ, დაჩქარებული წესით 2 დღეში გაუფორმა ხელშეკრულება, რამდენჯერმე გაუზარდა ტარიფები, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები და ა.შ.
წიგნში განხილულია ყველა საკანონმდებლო ცვლილება, ბრძანებულებები, განკარგულებები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც ხელს უწყობდა სფეროს მონოპოლიზაციას და ამერიკული კომპანიის ბაზარზე გაბატონებას. განხილულია აგრეთვე ის მაქინაციებიც, რომელთა გამოყენებითაც „ეი-ი-ეს თელასი“ ტარიფის გაბერვას „აპრავებდა“ და მოსახლეობისგან სულ უფრო მეტ თანხას კრეფდა.
ბაზარზე „ეი-ი-ეს თელასის“ მონოპოლისტად ჩამოყალიბების ნეგატიურ შედეგებს ასახავს წიგნში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერილი ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებაც. AES-ის შემოსვლიდან სულ რაღაც 3 წელიწადში „თელასის“ ტარიფი 5.5-ჯერ გაიზარდა (1.4 თეთრიდან 7.72 თეთრამდე) და „თელასის“ (განაწილების და დისტრიბუციის) წილი მთლიან ტარიფში 60-70%-ის ფარგლებშია. ევროპულ სახელმწიფოებში განაწილების წილი ტარიფში 40%-ს არ სცდება, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რატომ აქვს „თელასს“ ამხელა წილი ტარიფში. სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ არსებობს, უფრო სწორად, არსებობს, მაგრამ დაფარულია. უხეში გათვლებით შესაძლებელია იმის დადგენაც, გაბერილი ტარიფებით დამატებით რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო „თელასმა“ წლების განმავლობაში. 1999 წელს, როდესაც „თელასის“ პრივატიზება მოხდა, მისი ტარიფი განსაზღვრული იყო ერთ კილოვატზე 1.4 თეთრით, 2002 წელს კი ტარიფი რამდენიმენაბიჯიანი ზრდის შედეგად 7.72 თეთრი, ანუ 6.32 თეთრით მეტი იყო, 2002 წლიდან დღემდე საქართველოს სულ მოიხმარა 86 მილიარდ 796 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია, გამომდინარე იქედან, რომ „თელასი“ მხოლოდ თბილისში ახორციელებს დისტრიბუციას, მისი საბაზრო წილი შეადგენს 26%-ს, ანუ უხეში გათვლებით, ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის 26% „თელასის“ „გავლით“ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს, გამოდის რომ 2002 წლიდან 2012 წლის ჩათვლით „თელასმა“ დაახლოებით 22.6 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია მიაწოდა საბოლოო მომხმარებელს და თითოეულ კილოვატ/საათში მიიღო 6.32 თეთრით მეტი, ვიდრე 2002 წლამდე არსებული ტარიფით მიიღებდა. შედეგად, „თელასმა“ მოსახლეობისგან 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდ 430 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო ტარიფის გაზრდისგან.
ეს ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა „ეკონომიკური მკვლელობა“ ჩადენილი 520 ათასზე მეტი აბონენტის მიმართ.
მაგრამ, აღნიშნული პრეცედენტი წიგნის მხოლოდ ერთი ნაწილია. წიგნის მეორე თავში ასევე გადმოცემულია კიდევ უფრო დიდი მონოპოლისტის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქართულ ბაზარზე გამოჩენის და მისი შემდგომი ოპერირების ამსახველი საკმაოდ მწვავე ფაქტები.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ – კლანს გატანებული მილიონები
აქაც ხელწერა ანალოგიურია - ტენდერამდეც და ტენდერის შემდეგაც ერთი კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობის ჩეხვა, კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნა, რის შედეგადაც „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ენერგეტიკის სფეროში ელექტროენერგიის წარმოებიდან მის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების მთელი ჯაჭვი და ბაზრის 70% ჩაიგდო ხელში.
ამ პროცესებს შედეგიც ანალოგიური მოჰყვა, რაც ასევე სერიოზულ ეჭვს აჩენს სახელმწიფოს ჩინოვნიკების ინტერესებზე ენერგოსექტორში. წიგნში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ გააორმაგა სახელმწიფომ სატენდერო განაცხადების გახსნამდე ერთი დღით ადრე საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ჰიდროელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფი. ცალსახაა, რომ აქ დაკმაყოფილდა არა საზოგადოების ინტერესი, არამედ იმ კომპანიის („ენერგო-პრო ჯორჯია“), რომლის გამარჯვებულად გამოცხადებაც ტენდერამდე უკვე გადაწყვეტილი იყო. საგულისხმოა ისიც, რომ 2006 წელს „გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია“ მრავალი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 750 მილიონ ლარიანი ვალებისგან „გაწმინდეს“ და ისე „გაუმზადეს“„ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესასყიდად.
გარდა ამ ხელშეწყობისა, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სახელმწიფოსგან სასიამოვნო სიურპრიზები მომავალშიც მიიღო, რისი ფაქტებიც წიგნში საფუძვლიანადაა განხილული. ავტორს მოყვანილი ჰყავს კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ შეცვალა სახელმწიფომ სატენდერო პირობები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სასარგებლოდ და საპრივატიზაციო ობიექტები 312 მილიონი დოლარის ნაცვლად 132 მილიონად მიჰყიდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 200 მილიონი დოლარის (ექვივალენტი ლარებში) შემოსავალი დაკარგა.
თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის ის ერთადერთი ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო. გარდა ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დადო პირობა, რომ 85 მილიონ დოლარს შეძენილი ჰესების რეაბილიტაციაში ჩადებდა, 100 მილიონ დოლარის ინვესტიციას კი ახალი ჰესის აშენებაში განახორციელებდა. აღნიშნული ინვესტიციები ტარიფში იქნა ჩადებული, თუმცა ინვესტიცია არ განხორციელდა. ამის მიუხედავად, მომხმარებელი დღემდე იხდის ტარიფში ჩადებულ ამ ფიქტიური ინვესტიციის ხარჯს.
რაც შეეხება ტარიფის გაზრდით მოსახლეობისგან დამატებით მიღებულ შემოსავლებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქართულ ბაზარზე გამოჩენამდე „გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია“ მომხმარებელს 1 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას საშუალოდ 6 თეთრად აწვდიდა, მონოპოლისტმა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღნიშნული ტარიფი 16 თეთრამდე გაზარდა. ისევ ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიდან თუ ამოვალთ, 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ქვეყანამ მოიხმარა 51 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია, მომხმარებელზე ელექტროენერგიის მიწოდების საერთო მოცულობაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წილი კი 51%-ია, ანუ კომპანიამ მომხმარებელს 5 წლის განმავლობაში 26 მილიარდამდე კილოვატ/საათი ელექტროენერგია მიაწოდა 16 თეთრიანი ტარიფით, მანამდე არსებული საშუალოდ 6 თეთრის ნაცვლად. ანუ, უხეში გათვლით, ტარიფის გაზრდის შედეგად „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2.6 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, მოსახლეობამ კი ამდენივე დაკარგა.
გარდა ამისა, წიგნში განხილულია ფულის შესაძლო გათეთრების ფაქტიც, როდესაც სახელმწიფომ ქართველ ინვესტორებს „ორთაჭალჰესი“ წაართვა და უსაფუძვლოდ მაღალ ფასად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიყიდა.
ამდენად, წიგნი დეტალურად ასახავს ქართულ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს და იმ დარღვევებს, რომელიც ამ პროცესებს ახლდა და დღემდე ახლავს. მაგრამ, ენერგეტიკის გარდა ავტორს საფუძვლიანად აქვს შესწავლილი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის - წყალმომარაგების პრობლემები, რომლებსაც წიგნის მესამე თავი ეხება.
წყალსადენი თუ ფულსადენი
საგულისხმოა, რომ წყალმომარაგების სისტემების გარკვეული ნაწილის (თბილისის წყალი, მცხეთის წყალი და რუსთავის წყალმომარაგების სისტემები) პრივატიზებას, ისევე, როგორც ენერგოობიექტების პრივატიზების შემთხვევაში, წინ უძღვოდა ინვესტორისთვის წინასწარ მიმზიდველი პირობების შექმნა. მაგალითად წიგნში მოყვანილია „თბილისის წყლის“ პრივატიზაციის წინა პერიოდი, როდესაც კომპანიის მიერ მოპოვებული EBRD-ის 25 მილიონ დოლარიანი კრედიტი, რომელიც, ავტორის ვარაუდით, მომავალ „უცნობ“ ინვესტორს დაახვედრეს.
ავტორი მიმოიხილავს იმ დარღვევებს, რომლებიც ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოტანის მიზნით გაცხადებულ „ინტერესთა გამოხატვას“ უკავშირდება. დარღვევებში იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე არ არსებობდა ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება.
პროცესს საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. რაც მთავარია, განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც კორუფციის რისკს წარმოშობდა. მაგალითად ავტორს მოყვანილი აქვს „სახელმწიფოს ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის შედეგადაც კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით პრივატიზებას დაექვემდებარება არა მხოლოდ სახელმწიფო ქონება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაც. რაც გახდა შემდგომ ინვესტორისთვის შპს „რუსთავწყალკანალის“, შპს „მცხეთაწყალკანალის“, შპს „საქწყალკანალისა და შპს „თბილისის წყლის“ პირდაპირი მიყიდვის საფუძველი.
წიგნში თვალნათლადაა მოთხრობილი და ფაქტობრივად ჩატარებულია ერთგვარი გამოძიება ინვესტორი კომპანიის „მალტიპლექს სოლუშენის“ შესახებ. ავტორს მოყვანილი აქვს დეტალური ინფორმაციები კომპანიის წარმომავლობის და მასთან დაკავშირებული პირების შესახებ. ასევე განხილულია ის საეჭვო გარემოებაც, რომ გამარჯვებულად კომპანია „მალტიპლექს სოლუშენი“ სახელდება, ხელშეკრულება კი სულ სხვა დასახელების კომპანიასთან, „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედთან“ იდება.
ამდენად, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს მხრიდან მონოპოლიის შექმნის ხელშეწყობის ფაქტი აშკარაა. შედეგი კვლავაც სავალალო და მოსახლეობისთვის საზიანო.
დღეს თბილისში ფიზიკური პირები ერთ კუბურ მეტრ წყალში უმრიცხველო მოხმარებისას 1 სულზე 3.14 ლარს იხდიან, მრიცხველით მოხმარებისას – 0.2655 ლარს. იურიდიული პირები კი ერთ მეტრ კუბ წყალში 4.4 ლარს იხდიან. არადა არსებობს აუდიტორული კომპანიების გათვლები, რომელთა მიხედვით, ერთი მეტრ კუბი წყლის ღირებულება არ შეიძლება 8.5 თეთრს სცდებოდეს.
გარდა ამისა, ავტორს მიმოხილული აქვს პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობები, რომლებიც ინვესტორს უნდა შეესრულებინა. თუმცა, დღეისათვის არ არსებობს არანაირი ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ პირობები, ან მათი ნაწილი შესრულებულია. პირიქით, ავტორს მოყავს დაჯარიმების ფაქტებიც კი, რომლებიც გამოწვეული იყო ინვესტორის მიერ დავალების შეუსრულებლობით.
ამდენად, წიგნში წარმოდგენილია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგებში მიმდინარე პროცესების საფუძვლიანი და დეტალური ანალიზი.