გაუდაბნოების პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე დედამიწის ისტორიაში. ჩვენი პლანეტის ერთ მეოთხედს გაუდაბურება ემუქრება, რაც ნიშნავს, რომ ნაყოფიერი მიწები გადაიქცევა უდაბურ ადგილად. ძირითადად, ეს ხდება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ინტენსიური მიწათმოქმედებისა და ძოვების გამო, რის შემდეგაც ნიადაგის ნაყოფიერება ქვეითდება და ბიომრავალფეროვნება იკარგება.
მართალია, გაუდაბნოება გამოწვეულია კლიმატური ცვლილებით, მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში ადამიანის ხელოვნური ჩარევა ბევრად უფრო დამღუპველია.
„კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) პროექტის კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში გაუდაბნოების პროცესი მართლაც პრობლემატურია. განსაკუთრებით, ეს ეხება ნახევრად მშრალ ზონას აღმოსავლეთ საქართველოში -კახეთი და ქვემო ქართლი, სადაც კლიმატის ცვლილების ზეგავლენას, როგორც ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს გაუდაბნოების პროცესში, თან ერთვის ძალიან სერიოზული ანთროპოგენური, ანუ ადამიანისმიერი ჩარევა. ეს მაპროვოცირებელი ფაქტორები უკვე კომპლექსურ სახეს იღებს და ჩქარდება გაუდაბნოების პროცესი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა გადაძოვების თემა, რადგან ე.წ. ზამთრის საძოვრები წარმოადგენს სწორედ ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ ტერიტორიებს გაუდაბნოებისთვის. მათ შორის, საუბარია შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზეც, სადაც თავის დროზე საქართველოდან ცხვარს მიერეკებოდნენ. დღესდღეობით, მთელი ზეწოლა მოდის ამ ტერიტორიებზე. წინათ არსებობდა გარკვეული სტანდარტი, რამდენ ჰექტარზე რამდენი წვრილფეხა ან მსხვილფეხა საქონელი უნდა მიერეკათ. ახლა კი საერთოდ არ კონტროლდება ეს საკითხი.
„გაუდაბნოების პროცესზე ინტენსიურმა მიწათმოქმედებამაც უარყოფითი გავლენა იქონია. საბჭოთა პერიოდში აგრარული ინდუსტრია მთლიანად მიმართული იყო, რომ მაქსიმალურად მეტი ტერიტორია აეთვისებინათ. იყო ლოზუნგიც, უდაბნოსგან უნდა გადავაქციოთ წალკოტი, დიდი თანხები იხარჯებოდა სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. საბოლოო ჯამში, ამან უფრო ცუდი შედეგი გამოიღო, კერძოდ, ე.წ. ნიადაგების დამლაშება, რადგან ნიადაგიდან წყლის აორთქლებას მარილის მეტი კონცენტრაცია მოჰყვა კახეთში, ქვემო ქართლში. საამისოდ ბრძოლის ორი გზა არსებობს - ადაპტაცია, ანუ უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი თემი, დავგეგმოთ მეურნეობა ახალ პირობებში, გამოვიყენოთ თანამედროვე სისტემები, ტექნოლოგიები. უარი უნდა ვთქვათ მიგდებით რწყვაზე, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით და გადავიდეთ წვეთოვან რწყვაზე. ჩვენზე გაცილებით უფრო მძიმე კლიმატურ პირობებში, თუნდაც ისრაელში, წვეთოვან რწყვას ანიჭებენ უპირატესობას. სხვათა შორის, საქართველოდან წასულ ქართველ მეცნიერებსაც აქვთ თავიანთი წვლილი ამ წვეთოვანის განვითარებაში შეტანილი. გაუდაბნოება და ეკოლოგოური პრობლემები ყველაზე მეტად აწუხებს განვითარებად ქვეყნებს, სადაც არსებობს მძიმე სოციალური ფონი. თუ ჩვენ გვაქვს ძლიერი თემი და სოფელი, მაშინ ის თავადვე ებრძვის ნებისმიერ გამოწვევას“, - აცხადებს რევაზ გეთიაშვილი და აღნიშნავს, რომ ანალოგიური საფრთხეები ბევრგანაა. მაგალითად, ჩინეთში, გობის უდაბნოს ასი ათასობით ჰექტარი გაუდაბნოების პროცესშია, რაც ყოველწლიურად ეკომიგრანტთა დიდ ტალღას ქმნის. სამომავლო პროგნოზით კი, ბევრი არქიპელაგი და ზღვისპირა ტერიტორია დაიტბორება, ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ გაქრება და ეკომიგრანტთა ნაკადი იმატებს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი ნინო ჩიქოვანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გამოიკვეთა ყველაზე მეტად მოწყვლადი ტერიტორიები - კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში. მართალია, საქართველოში კლასიკური უდაბნო არ გვაქვს, მაგრამ ნახევრად ალპურ ტერიტორიებზე გაუდაბნოების პროცესი საფრთხილოა. ეს ეხება, ასევე, მიწის დეგრადაციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნიადაგის მრავალი ტიპი არსებობს, მიწის დეგრადაციის პრობლემა თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება, მათ შორის, აჭარაში, გურიაში, კახეთსა და სხვა.
„კვლევა ჩავატარეთ გარდაბნის, ქარელის, გორის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. დაგეგმილია, თუ რა უნდა გაკეთდეს 2014-2020 წლებში. უნდა იყოს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანა. სამელიორაციო სისტემები უნდა აღდგეს, დაინერგოს წვეთოვანი სისტემები, შემცირდეს ქიმიკატები და ინტენსიური მიწათმოქმედება, ფერმერებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები, თუ რომელი მცენარე დარგონ ამა თუ იმ ტერიტორიაზე“, - აცხადებს ნინო ჩიქოვანი.