ჩვენი თანამემამულის თვალით დანახული სირია

ჩვენი თანამემამულის თვალით დანახული სირია

”როიტერის” თანახმად, ”საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს” ყოფილმა პროკურორმა დევიდ კრეინმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ომის დამნაშავეთა ოცკაციანი სიის სათავეში მოხვედა, რომელიც სასამართლოს ექსპერტებმა შეადგინეს.

დევიდ კრეინის თქმით, სიაში სირიის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან ერთად, ისლამისტური დაჯგუფებებიც არიან შესული. სირიის ომის პერიოდში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ მსგავსი სია გაეროს გამომძიებლებსაც აქვს შედგენილი, თუმცა უცნობია სიაში შესულთა ვინაობა.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის მარტში დაიწყო, რასაც 160 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ასადი კიდევ 7 წლით აირჩიეს პრეზიდენტად.

ბოლო დროს სირია ომთან და ადამიანების მსხვერპლთან ასოცირდება, მაგრამ ჩემმა რესპონდენტმა, აღმოსავლეთმცოდნე მანანა გეგიამ სხვანაირი სირია ნახა 15 წლის წინ, როდესაც დამასკოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.

“ამ ქვეყანაში როცა ჩადიხარ, დროის განცდა გეკარგება - წარსულსა და დღევანდელობას შორის გგონია თავი”, - ამბობს მანანა გეგია, რომელიც სირიელებზე, სირიასა და იმ მეთოდებზე მიყვება, რომელითაც ასადების გვარი მოვიდა ხელისუფლებაში

დამასკო - წარსულისა და აწმყოს ქალაქი

როცა სირიაში პირველად ჩავედი, დამეუფლა განცდა, რომ უცნაურ ქვეყანაში მოვხვდი, რომელიც არც ევროპა იყო და არც - აზია. რაღაცით თბილისსაც ჰგავდა და არც ჰგავდა. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები და ხის აივნები მშობლიურ განცდას აღვიძებდა, კასიონის მთა კი, სადაც გადმოცემის თანახმად, კაენმა აბელი მოკლა, მთაწმინდის ასოციაციას იწვევდა. ხალხიც ღიმილიანები და ქართველებივით სტუმართმოყვარეები არიან.

ამ ქვეყანაში აღმოსავლური და დასავლური კულტურების საოცარი ნაზავია. ეს, ალბათ, მისი ისტორიის ანარეკლია. მისი მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს შუმერულიდან ისლამურ პერიოდამდე. ამის დამადასტურებელი მრავალი ძეგლია, მაგრამ სიმრავლით ანტიკური ხანის ნაგებობები ჭარბობს. პალმირა, ბოსრა, აფამეა ცნობილი ანტიკური ქალაქებია. სირია რელიგიურად ჭრელი ქვეყანაა. იქ იპოვით, როგორც ისლამის, ისე ქრისტიანობის თითქმის ყველა მიმდინარეობის წარმომადგენლებს და ასევე ცეცხლთაყვანისმცემლებს.

მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია, მხოლოდ 7%-ია დღეს ქრიატიანი, მაგრამ დამასკოს ღირსება ქრისტიანული უბანი ბაბ თუმა და მის გარშემო განლაგებული ძველი ქალაქია ვიწრო ქუჩებით, მე-12 საუკუნეში აგებული ჰამიდიის ბაზრითა და ომაელთა მეჩეთით. ბაბ თუმაზეა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის, ეგნატე მეოთხის რეზიდენციაც და მეორე საუკუნეში აგებული მარიამიას ტაძარიც, სადაც პატრიარქი ყოველ კვირა წირავს. ბაბ თუმა კი თომას კარებს ნიშნავს, ანუ ადგილს, საიდანაც ურწმუნო თომა დამასკოში შევიდა. ამ კარის ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. ამ უბანშივეა წმ. ჰანანიას ეკლესია, სადაც პეტრე ქრისტიანად მოექცა, ხოლო სავლე - პავლედ. ანტიოქიის ეკლესიის ფუძემდებლადაც პეტრე და პავლე მოციქულები ითვლებიან. სხვათა შორის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც მეხუთე საუკუნამდე ანტიოქიის ეკლესიის დაქვემდებარებაში შედიოდა. 484 წელს კი ვახტანგ გორგასლის თხოვნით და ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ომაელთა მეჩეთიც ოდესღაც ეკლესია იყო, სადაც იოანე ნათლისმცემლის მოჭრილი თავი ინახებოდა, მაგრამ ის დღეს ომაელთა დიდების დამადასტურებელი ძეგლია.

ძველ დამასკოში შენება აკრძალულია - ქალაქის ისტორიულ იერსახეს უფრთხილდებიან. ის, რაც ძველ თბილისში მოხდა - ფასადების შეცვლა, შუშის ხიდის აგება და რიყის იერ-სახის გარდასახვა, იქ წარმოუდგენელია. ძველი დამასკო იუნესკოს მფარველობის ქვეშაა და ქალაქ-მუზეუმის სტატუსი აქვს.

15 წლის, წინ როცა ჩემს ფანჯარასთან დილის 5 საათზე მოლამ “ალაჰულ აქბარ’’ შემოსძახა, შიშისგან და მოულოდნელობისგან ლოგინში გავიყინე, მაგრამ ახლა მის გარეშე იქ ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია, იმდენადაა დამასკოს ცხოვრების სტილთან შესისლხორცებული.

ადგილი, სადაც ქრისტეს ენაზე საუბრობენ

სირიაში უძველესი ქრისტიანული ძეგლები მრავლადაა შემორჩენილი. განსაკუთრებით საინტერესოა მალულა და წმ. თეკლეს ტაძარი, სადაც წმინდანი განისვენებს. გადმოცემის თანახმად, იგი მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე წელიწადშია აგებული. პირველმოწამე თეკლე პავლე მოციქულის მოწაფე გახლდათ. მდიდარ ოჯახში გაზრდილი თეკლე 18 წლის ასაკში გავლენიან ახალგაზრდაზე დანიშნეს. ქალწულმა შემთხვევით მოისმინა პავლე მოციქულის ქადაგება და გადაწყვიტა, აღარ გათხოვილიყო. მის გადაწყვეტილებს დედა არ დაეთანხმა, საქმრომ კი მოციქულს უჩივლა და დააჭერინა. როცა თეკლემ ამის შესახებ გაიგო, სახლიდან გაიპარა, სამკაულებით მცველი მოისყიდა და სამი დღე პავლეს ფეხებთან მჯდომი ისმენდა ქადაგებას. მიაგნეს. როცა დედა ქალიშვილთან ვერაფერს გახდა, თავად მიგვარა ქალაქის მმართველს. დაწვის განაჩენი გამოუტანეს. ალმა ვერაფერი ავნო. მერე მხეცებს მიუგდეს, არც ცხობელებმა ავნეს რამე. მმართველს შეეშინდა და გაათავისუფლა. ისევ მოციქულთან დაბრუნდა და მისი ლოცვა–კურთხევით უდაბნოში დასახლდა, სადაც წყალი არ იყო. ღმერთმა მას წყალი აღმოუცენა. იქ მან მრავალი წელი გაატარა. კურნების ნიჭიც ჰქონდა და ხალხს უსასყიდლოდ კურნავდა, ამის გამო წარმართი ქურუმები დაუპირისპირდნენ და მისი შეურაცხყოფა განიზრახეს. ეგონათ, ქალწულთა მფარველი არტემიდა იფარავდა. როცა მოძალადეები უკვე ახლოს იყვნენ, წმინდანმა დახმარება ღმერთს სთხოვა. ამ დროს კლდე ორად გაიპო და წმინდანს გაქცევის საშუალება მისცა. როცა ამ კლდეში გადიხარ, შენს თვალწინ სამყარო მეტყველი ხდება. და რაც ყველაზე მთავარი, მალულა არის ერთადერთი ადგილი, სადაც დღემდე არამეულ - ქრისტეს ენაზე საუბრობენ.

საიდნაია

…საიდნაიას მონასტერი არის ადგილი, სადაც ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი იმ 4 ხატიდან ერთ-ერთი ინახება, რომელიც წმინდანმა მარიამის სიცოცხლეშივე დაწერა. მონასტერი 450 წელსაა აგებული და მას შემდეგ, რაც პალესტინა დაკარგეს, ის დარჩა ერთადერთ წმინდა ადგილად ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანებისა და არაქრისტიანებისათვის. ხატის მონასტერში დავანების ისტორიაც სასწაულს უკავშირდება. იმ პერიოდში უამრავი მლოცველი დადიოდა წმინდა მიწაზე მოსალოცად და გზად სწორედ ამ მონასტერში ისვენებდა. ერთხელაც, მონასტრის წინამძღვარმა ერთ–ერთ მომლოცველს სთხოვა, რომ აღდგომის ტაძრიდან ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატი ჩამოეტანა, რაზედაც თანხმობა მიიღო. მომლოცველმა ხატი მართლაც წამოაბრძანა წმინდა მიწიდან. გზად უამრავი განსაცდელის გადალახვა მოუხდა. მიხვდა, რომ ამაში ხატი დაეხმარა და გადაწყვიტა - თუ წინამძღვარი არ მოიკითხავდა, არ მიეცა. წინამძღვარს მართლაც არ მოუკითხავს. მომლოცველმა მონასტრიდან წასვლა დააპირა, მაგრამ ვერაფრით შეძლო კარში გასვლა. მონასტერს დაბალი კარი აქვს და მისი გავლა მხოლოდ მოხრითაა შესაძლებელი. როცა ერთი და იგივე რამდენჯერმე განმეორდა, მიხვდა, რომ მიზეზი ხატი გახლდათ და მიუბრძანა წინამძღვარს. ხატი დღემდე მონასტერში ინახება. ცნობილია, როგორც სასწაულმოქმედი, რადგან უამრავ სასწაულს ახდენს – კურნების ძალა აქვს. მას დახმარებას შეთხოვენ, როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები.

ერთხელ ხატს მუსლიმმა ქალმა კიბოსგან განკურნება შესთხოვა. განკურნების შემდეგ კი მონასტერში შესაწირი - ზეთი წაიღო. კიბეზე შეისვენა და ზეთის ქილა კიბის საფეხურზე ჩამოდგა. როცა აიღო, შეამჩნია, რომ ზეთის წვეთი დაღვრილიყო და აწმენდა სცადა, ამ დროს დაინახა, რომ კიბეზე ღვთისმშობელი გამოისახა. გამოსახულება დღემდე კიბეზეა.

სასწაული მოხდა ორი წლის წინაც, როცა დამასკოში კოკისპირულად იწვიმა, რასაც საშინელი სეტყვა მოყვა. იმ დროს “არაბული გაზაფხულის“ გარიჟრაჟი იყო სირიაში. იმ დღეს საიდნაიას მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ატირდა. მაშინვე ითქვა, რომ ეს მოახლოებულ განსაცდელს წინასწარმეტყველებდა. წინასწარმეტყველება ახდა – იმ დღიდან დღემდე სამოქალაქო ომს 100 ათასამდე სირიელი შეეწირა, 2 მილიონი ლტოლვილად იქცა და ჯერ არავინ იცის, ეს როგორ დამთავრდება.

კაცის ღირსება - ოქროთი უხვად შემკული ცოლი

ნურავის ეგონება, რომ სირიელი ქალები ირანელებივით ჩადრით დადიან. სირიაში შეგიძლია ჩაიცვა ულტრამოდურად ან ისე, რომ მხოლოდ თვალები გიჩანდეს. ქრისტიანებს თამადროვედ აცვიათ, მაჰმადიანებს კი იმის მიხედვით, ისლამის რომელ მიმდევრობას განეკუთვნიან. ზოგი მარტო თვალებს აჩენს, ზოგიც მხოლოდ თმას იბურავს, თუმცა ზოგ თავშებურულ ქალს ისე გამომწვევად აცვია - ტანზე შემოტმასნილი “ელასტიკი“ ან ჯინსი მოკლე მაისურზე, რომ უნებურად იფიქრებ, ნეტა ჰიჯაბს (თავსაბურავს) რა დანიშნულება აქვსო.

ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ალავინების, ისლამის ყველაზე “რბილი’’ მიმდინარეობის წარმომადგენელია. ალავინ ქალებს არ ევალებათ თავის დაბურვა, მამაკაცებს კი ოქროს ტარება არ ეკრძალებათ, მაშინ როცა ისლამი ამას კატეგორიულად კრძალავს. სამაგიეროდ, სირიელი ქალები ატარებენ უხვად ოქროს სამკაულს. კაცის ღირსებად ითვლება, რაც უფრო მოვლილი და ბევრი ოქროთია შემკული ცოლი.

სირიელი არაბების ოჯახში მთავარი ფიგურაც ქალია, კაცი მხოლოდ შემომტანია. წარმოგიდგენიათ, ოჯახში ვისაც ფული შემოაქვს, ის არ მბრძანებლობს. სირიელი ქალები ძირითადად არ მუშაობენ. მთელი დღე ოჯახის საქმეებით და შვილებით არიან დაკავებულები. მინიმუმ - 3, უმეტესად კი 6-7 შვილი ჰყავთ. ეს მუსლიმებს, თორემ ქრისტიანები ერთ შვილსაც სჯერდებიან. ქალი თუ მუშაობს, ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბანკებში ან თანამედროვე ცნობილი ბრენდების მაღაზიებში. ბაზარში და რესტორანში ქალ გამყიდველს, მზარეულს ან ოფიციანტს ვერსად ნახავთ. საგულისხმოა, რომ ბევრ სირიელ მაღალჩინოსანს და მდიდარს რუსი ცოლი ჰყავს. მიზეზი მარტივია - მათმა უმრავლესობამ განათლება რუსეთში მიიღო და მათი უმეტესობაც სამშობლოში რუს ქალებზე დაქორწინებული დაბრუნდა.

ამ ქვეყანაში ერთცოლიანობაა გავრცელებული, თუმცა კანონით მრავალცოლიანობაც დაშვებულია. ეს უფრო კაცის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვისაც 2 და 3 ცოლის მოვლა შეუძლია, ჰყავს კიდეც, მაგრამ სირია არ არის ერაყის, საუდის არაბეთის ან კატარივით მდიდარი ქვეყანა. მისი მოსახლეობა ცოტა მდიდრების, ცოტაზე მეტი საშუალო ფენისა და ძალიან ბევრი ღარიბებისაგან შედგება. ამას პალესტინიდან და ერაყიდან ლტოლვილთა დიდმა ნაკადმაც შეუწყო ხელი. იღბლიანი სირიელები ვაჭრობითა და კორუფიით მდიდრდებიან. ნავთობის საბადოები, ისევე, როგორც სხვა სტრეტეგიული ობიექტები, სახელმწიფოს საკუთრებაა. სირიას საბჭოთა კავშირის მეთექვსმეტე ქვეყანას უწოდებდნენ და ეს მის წყობასა და ეკონომიკასაც ეტყობა - არც სოციალიზმია და არც - კაპიტალიზმი.

სირია - მსოფლიოს ყურადღების ცენტრი

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სირიაში რუსეთის გავლენაზე და რატომღაც არ ან ნაკლებად ახსენებენ ირანს. არადა ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლობა და გავლენაც საგრძნობლად შემცირებულია ადგილზე, სამაგიეროდ, ძალიან გაზრდილია ირანის როლი. 15 წლის წინ დამასკოში რუსეთს უზარმაზარი საელჩო ჰქონდა, დღეს კი ბევრად მოკრძალებული. დამასკოში არსებობდა რუსული ეკლესია, სკოლა, თეატრი, კინო. . . ეს ეს ყევლაფერი დახურულია, თუმცა რუსეთს პოზიციები, რა თქმა უნდა, არ დაუთმია. რუსეთმა თუ სირია დათმო, ახლო აღმოსავლეთში მისი გავლენა დასრულდება. ამიტომაც ის დღემდე რჩება სირიის მოკავშირედ. სხვადასხვა მონაცემებით, მარტო სამხედრო სფეროში 4-8 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა აქვს წელიწადში.

მაგრამ აშშ-ის მხრიდან დამასკოს მიმართ სამხედრო ოპერაციაზე უარის თქმა მხოლოდ რუსეთის ფაქტორით არ იყო განპირობებული. არ უნდა თავი დიდ შარში გაყოს. იცის, რომ სირიის უკან “ჰეზბოლა’’ და ირანი დგანან, ასევე ერაყიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ერაყის შიიტურ მთავრობასაც არ უნდა, რომ სირიის სათავეში სუნიტური მთავრობა მოვიდეს. სუნიტური მთავრობა არ უნდა ადგილობრივი მუსლიმების არასუნიტურ ფრთასაც, ქრისტიანებსაც და სხვა რელიგიის მიმდევრებსაც. ამერიკის ყოველი მოქმედება კი სუნიტების დახმარებად აღიქმება. ამასთანავე ამერიკა იმ ისრაელის მხარდამჭერად ითვლება, რომელმაც მათ პალესტინა წაართვა და ათი ათასობით ადამიანი საკუთარი მიწიდან გააძევა. პალესტინელთა უმრავლესობა კი დევნილის სტატუსით დღეს სწორედ სირიაში ცხოვრობს.

რატომ არ მოსწონთ ბაშარი სირიელებს?

ბაშარ ალ-ასადის მიმართ უკმაყოფილება რეალურად ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ბოღმის გადმონთხევაა. ის ხომ სირიის ყოფილი პრეზიდენტის, “აღმოსავლეთის მელად” წოდებული ჰაფიზ ალ-ასადის ვაჟია. ჰაფიზ ალ ასადი ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალებით 1966 წლის 23 თებერვალს მოვიდა და 30 წელზე მეტ ხანს ედგა ქვეყანას სათავეში. მაშინ მან სამხედრო გადატრიალება საკუთარ ძმას მოუწყო. მან კადაფისა და სადამ ჰუსეინის მსგავსად აღმოსავლეთში სოციალისტური იდეები და რუსული გავლენა შეიტანა. ყველა მოწინააღმდეგეს სასტიკად გაუსწორდა. 1976–82 წელს სირია ისლამისტების ტერორისტულმა აქტებმა მოიცვა. მათ სათავეში “მუსლიმი ძმები’’ ედგა. უკანასკნელი შეტაკება ქალაქ ჰამაში მოხდა. სხვადასხვა მონაცემებით, ამ ერთ აჯანყებას 17–40 ათასი ადამიანი შეეწირა. ამით შეტაკებით დაასრულა სამოქალაქო ომი, მაგრამ თვითონ ჰაფიზ ალ-ასადი დიქტატორად იქცა.

1998 წელს, როცა პირველად ჩავედი სირიაში, პრეზიდენტი ჯერ კიდევ ჰაფეზ ალ-ასადი იყო. ქვეყენაში არ იყო ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, საერთაშორისო ზარები კი მკაცრად კონტროლდებოდა. კონტროლი იყო ფაქსებზე და საფოსტო გზავნილებზეც. იკრძალებოდა პრეზიდენტის სახელის ხსენება, კრიტიკა კი ისჯებოდა. სამაგიეროდ, ეს დიქტატორული სახელმწიფო საოცრად კომფორტული იყო უცხოელებისთვის, რა თქმა უნდა, თუ იქ ცხოვრების უფლებას მოიპოვებდი - უსაფრთხოება და იაფი ყოფა გარანტირებული გქონდა. მაშინ ერთი წელი ვიცხოვრე და დღემდე კარგად მახსენდება. მეორედ 2010 წელს ჩავედი და ორი წელი დავრჩი. ბაშარ ალ-ასადის მმართველობისას დამხვდა ქვეყანა, სადაც შეიძლებოდა ხელისუფლების კრიტიკა და რაც მთავარია, იყო საერთაშორისო კომუნიკაციები.

საინტერესოა, რომ ჰაფეზ ალ-ასადი პრეზიდენტად ბაშარს არ ზრდიდა. თავის მემკვიდრედ მეორე ვაჟს - ბასილს ამზადებდა, რომელსაც სამხედრო განათლება ჰქონდა. ბასილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა ჰაფიზ ალ-ასადის მიერ დამხობილმა ძმამ მოაწყო.

ბაშარ ალ-ასადს ინგლისში აქვს სწავლა-განათლება მიღებული. ევროპული ყაიდის კაცია და მეუღლეც ევროპული განათლების ჰყავს. როდესაც გამოსვლები დაიწყო, ბაშარმა სცადა ეს კრიზისი ზემოდან ცვლილებებით მოეგვარებინა. ორჯერ შეცვალა კონსტიტუცია - ჩაწერა, რომ სახელმწიფო რელიგია ისლამია და რომ მომავალში ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით არის შესაძლებელი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ომმა სერიოზული მასშტაბები მიიღო, ამაზე ლაპარაკიც შეწყდა. ერთხელ ბაშარმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა - თუ სირიის კონფლიქტში გარედან ჩარევა მოხდება, ეს პოლიტიკურ მსოფლიო მიწისძვრას გამოიწვევსო და ეტყობა, არც ცდებოდა. სირიაში თუ ვითარება აირია, გარე ფაქტორები რომც გამოვრიცხოთ, ეს არეულობა 30 წელიწადს მაინც გასტანს, რადგან, მულტიეროვნულ და მულტირელიგიურ სახელმწიფოში ყველას თავისი ინტერესები აქვს.

რას ეძებენ არაბები საქართველოში?

სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. საქართველოში ძირითადად ერაყელი არაბები ჩამოდიან, სირიელები - ნაკლებად. აქ ჩამოსული სირიელების უმეტესობა ან ლტოლვილია, ან რაღაც პერიოდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობდა, იქ თანხა დააგროვა და გადაწყვიტეს ფული საქართველოში დააბანდონ. არაბები საქართველოში ძირითადად მიწებს ყიდულობენ. მოსწონთ ჩვენი ბუნება და კლიმატი. განსაკუთრებულად მომრავლდნენ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლზე და დიღმის დასახლებაში. მაგრამ ახალმა კანონმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის აკრძალვის შესახებ მდგომარეობა გაურთულათ, რადგან ვერც ყიდულობენ, ვერც ყიდიან და ვერც ვერაფერს აშენებენ. ფინანსურადაც ვერ გათვალეს, ეგონათ, საქართველოში ფულიც ისე მარტივად იშოვებოდა, როგორც სამეწარმეო საქმიანობაა მარტივად დასაწყები. მარჯანიშვილზე კაფეები და რესტორნები აიღეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ აქ დიდი ფული არ იშოვება. ბევრი წავიდა, ვინც დარჩა, არჩევნების ჩატარებას ელოდება, რომ იქნებ მერე შეიცვალოს რამე. უკმაყოფილოები არიან ის მდიდარი არაბებიც, რომლებიც საქართველოში ფულის დასახარჯად და გასართობად ჩამოდიან. რომ მოდიან, ჰგონიათ, რომ საქართველო რუსეთის მსგავსი ქვეყანაა, დისკოთეკებით და თავისუფალი ურთიერთობებით. ამიტომ თბილისური არც გართობა მოსწონთ და არც ინფრასტრუქტურა. ჩვენი მეძავებიც კი დაიწუნეს: არაბი ქალები ბევრად უფრო მოვლილები არიან, ქართველები გადაღლილები ჩანანო. ძირითადად პეროვსკაიას სტუმრობენ - ჩინური ან ტაილანდური მასაჟის სალონებს... თუმცა მყავს ერაყელი მეგობარი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საქართველოში აპირებს დარჩენას - მსოფლიო მოვიარე და თქვენნაირი თბილი ღიმილი ვერსად ვიპოვეო.