ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობამ გულშემატკივართა მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ალბათ გახსოვთ 2010 წლის ჩემპიონატი და ამჟამინდელი ტურნირისა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.
რა გითხრათ. გუნდების ჩემეული დახასიათებიდან თავს კვლავ შევიკავებ, რადგან არაერთ მათგანს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თამაში აქვს გამართული. იგივე იტალიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, „სკუადრა აძურას“ ნამდვილ ძალაზე ვერავინ იმსჯელებს. დარწმუნებული ვარ რომ ჩეზარე პრანდელის ბიჭები ურუგვაისთან საკუთარ მაღალ დონეს აუცილებლად დაამტკიცებენ და მერვედფინალური სტადიის საგზურს მოიპოვებენ.
„ბრაზილია - 2014“ -ის პირველი იმედგაცრუება ესპანეთის ეროვნული გუნდი აღმოჩნდა. ალბათ იოლია ვისენტე დელ ბოსკეს შეცდომებზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია: „ფურია როხას“ წინააღმდეგ თამაში ყველამ ისწავლა და ადრე თუ გვიან ამ ნაკრებს ჩავარდნა უნდა დაწყებოდა.
სამაგიეროდ ინგლისელთა „უიღბლობას“ ნამდვილად ველოდი. „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყნის შვილებმა ჯერ უზომოდ გაწელილ ეროვნულ პირველობას უნდა მიხედონ და ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატების პრეტენზია შემდეგ გაუჩნდეთ.
გამაკვირვა ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა. ლუის ვან გაალი დიდებული მწვრთნელია და სამხრეთ ამერიკაში ამ ნაკრებისაგან წარმატებებს ველი. საფეხბურთო ანალიზისგან თავს აღარ შეგაწყენთ და ნება მომეცით ორი დიდებული მოთამაშე გავიხსენო. წერილის დასაწყისში პელესა და დიეგო მარადონას შევეხები და ამ მობურთალეებისა და ქართველი ფეხბურთელების ურთიერთობას გაგახსენებთ.
წერილზე მუშაობის პროცესში დამაინტერესა და დიეგო მარადონას ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო, ჩვენთვის უცნობი ფაქტი მოვიძიე. მისი მამა პროფესიით მეწისქვილე იყო. მარადონა წარმოშობით იტალიელია და თვით დიდ მოგზაურს, მარკო პოლოს ენათესავება. ამას გარდა მის ძარღვებში ხორვატული სისხლიც ურევია, რადგან ბებიამისი წარმოშობით ამ ევროპული ქვეყნიდან იყო. სენიორა სალვადორას ქალიშვილობის გვარი კარიოლიჩი ყოფილა.
დიეგო მარადონას ერთი ქართველი ,,ძმაკაცი” ჰყავდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ,,დინამოს” ნახევარმცველი თენგიზ სულაქველიძე. თავის დროზე თენგიზს მწვანე მინდორზე დიეგოს მეურვეობა რამდენჯერმე მოუწია. ამ ორთაბრძოლებისას ისე ,,დაახლოებულან”, რომ როდესაც არგენტინის ეროვნული გუნდი საბჭოელებს ეთამაშებოდა, მარადონა თამაშის დაწყებამდე მუდმივად სულაქველიძეს კითხულობდა, უშუალოდ მატჩის წინ კი კარგი ახლობელივით ესალმებოდა.
ალბათ მაინც უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად თენგიზ სულაქველიძეს მივცემთ:
,,არგენტინაში მარადონასთან გამამწესეს. ვეთამაშებოდი პერსონალურად. მაგის დაჭერა არ არსებობდა, მხოლოდ ხელს თუ შეუშლიდი. მეც ცოტა უხეშად ვითამაშე. მარადონას არ აყვანა ნაკრებიდან გამოშვებას ნიშნავდა. ჰოდა ვურტყი და რა ვურტყი, ვიომე და ვიჭიდავე მარადონასთან. ტრიბუნიდან კიდე ყვირიან: რუსო, რუსოო… ერთი თქვენი ყველაფერიც, მაინც არ ვარ რუსი, იყვირეთ რამდენიც გინდათ მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. მაგენი ფიქრობდნენ, რას აძლევენ, ნეტა, ამისთანას, მარადონას რო კლავსო. არადა, მარადონას რომ გაეგო, მხოლოდ ას დოლარს მაძლევდნენ, ხომ მომცემდა ერთი ხუთი ათასს მაინც, დამანებე თავიო.
შემდეგ, გერმანიაში ოთხთა ტურნირი იყო: ჩვენ, შვედები, გერმანია და არგენტინა. სანამ თამაში დაიწყებოდა, მოვიდა ჩემთან და მხარზე მომითათუნა ხელი. მე მისი ასეთი საქციელი შემდეგნაირად ვთარგმნე: დამანებე თავი, ნუ მირტყამ ამდენსო”.
არგენტინიდან ბრაზილიაში გადავინაცვლოთ და ფეხბურთის მეფე პელეზე ვისაუბროთ.
1965 წელს, მოსკოვში, სსრკ-ისა და ბრაზილიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა. იმ მატჩში საბჭოელების რიგებში ვლადიმერ ბარქაიამ, გიორგი სიჭინავამ, სლავა მეტრეველმა, ანზორ კავაზაშვილმა და მიხეილ მესხმა იასპარეზეს. გაივლის დრო და მესხი ერთ ფაქტს გაიხსენებს:
,,თამაშის დროს ერთ ეპიზოდში ფეხბურთის მეფე და მე ახლოს აღმოვჩნდით. მე ზურგით ვიდექი, როგორღაც ვიგრძენი, ფეხებგაჩაჩხული იდგა. ამით ვისარგებლე, ისეთი მოძრაობა გავაკეთე, ვითომ ბურთს ვაჩერებდი. სინამდვილეში ბურთი გავატარე, პელეს ფეხებშუა გავუძვრინე. შემოვტრიალდი და ბურთს გამოვეკიდე. პელე შეცბა, ერთბაშად ახარხარდა, წამომეწია, ზურგზე შემახტა და კოცნა დამიწყო. კარგა მანძილზე ვატარე ასე, ზურგზე შემომჯდარი“.
ვლადიმერ ბარქაიას ჟერსონის მეურვეობა ჰქონდა დავალებული, გიორგი სიჭინავას კი პელესი. მატჩის დაწყებიდან 15 წუთი რომ გავიდა, ბარქაია სიჭინავას მიუახლოვდა და, - მოდი, ამათ ,,აყვანას” თავი დავანებოთ, ვუცქიროთ და დავტკბეთო, - უთხრა.
იმ პერიოდში ხმები დადიოდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პელემ საკუთარი მაისური გიორგი სიჭინავას გაუცვალა. ამ ფაქტს სიჭინავა დღემდე არც ადასტურებს და არც უარყოფს.
დღეს არგენტინის ეროვნული გუნდი ირანს დაუპირისპირდება. ვიცი რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი დიეგო მარადონას თანამემამულეებს ქომაგობს. ნება მომეცით შორეულ 28 წლით უკან დავბრუნდე და მარადონას ერთი ადრინდელი ინტერვიუ შემოგთავაზოთ.
დაპირებულ ინტერვიუმდე მცირე წინასიტყვაობას გავაკეთებ.
მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ეროვნული გუნდის უფროს მწვრთნელად დაინიშნა კარლოს ბილარდო - ორმოცი წლის ექიმი. თავიდან ის კოლუმბიის „დეპორტივო კალის“ და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ლა-პლატის გუნდს და იგი არგენტინის ჩემპიონი გახადა. ნაკრებში თავის თანაშემწედ მან კარლოს პაჩამე მიიწვია, ხოლო გუნდის ექიმის თანამდებობა პაულ მადეროს მიანდო.
თავის დროზე ბილარდო მათთან ერთად იცავდა „ესტუდიანტესის“ ღირსებას.ისევ შეიქმნა სრულიად ახალი გუნდი. ბილარდომ დააწინაურა ახალგაზრდა ფეხბურთელები - ისლასი, რუჯერი, ბურუჩაგა, პონსე, რინალდი. ამ ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალა კი დიეგო არმანდო მარადონა იყო. საინტერესოა, რომ მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა ბილარდო კინაღამ შეიწირა. პერუს ნაკრებთან უკანასკნელ მატჩში არგენტინას ფრეც ხელს აწყობდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე წინ პერუელები იყვნენ - 2:1. ყველაფერი გადაწყვიტა პასარელას სოლო გარღვევამ - 2:2. მექსიკურ ბატალიებს აღარ გავიმეორებ, რადგან ეს ჩემპიონატი არგენტინელთა ყველა ქომაგმა ზეპირად იცის.
გადამწყვეტ მატჩში, გერმანელთა ძლევის (3:2) შემდეგ, კარლოს ბილარდოს შეგირდებმა ჩემპიონის წოდება მეორედ მოიპოვეს. ამ წარმატების მთავარი შემომქმედი დიეგო მარადონა აღმოჩნდა. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ ინტერვიუდან, რომელიც დიეგომ 1986 წელს, ფინალური შეხვედრის შემდეგ მისცა ერთ-ერთ ესპანელ ჟურნალისტს.
რაზე ფიქრობდით, როცა ინგლისელებთან შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანეთ?
- ვფიქრობდი დედაჩემზე, ძმებზე, მამაჩემზე, რომელიც ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალყურს თამაშს. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ შემიძლია გავამართლო მათი ნდობა, ვინც ნაკრებში შემიყვანა.
იფიქრეთ თუ არა, რომ თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის უძლიერესი ფეხბურთელი ხართ?
- ვიფიქრე, რომ არგენტინის გუნდს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშოს. მას ხომ ჩინებული ოსტატები ჰყავს: პუმპიდო, რუჯერი, მარადონა და სხვები. თითოეულ არგენტინელ ფეხბურთელს თავისი უნდა მივუზღოთ.
რა ცვლილებები მოახდინა ბილარდომ არგენტინის ნაკრებში?
- დავიწყოთ იმით, რომ არგენტინელ მწვრთნელთაგან ისე არავის აკრიტიკებდნენ, როგორც ბილარდოს. რატომ? თვლიდნენ, რომ იგი თავის კლუბ “ესტუდიანტესში” ანტიფეხბურთს ნერგავდა. ეს აზრი სწორი არ იყო. მას აკრიტიკებდნენ მაშინაც, როცა გუნდში ჰყავდა ბატისტა, ბურუჩაგა, მარადონა, რომლებიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. საბოლოოდ ბილარდომ დაამტკიცა, რომ მისი გუნდი მექსიკაში გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ნებისმიერი სხვა მონაწილე.
ეს პირველობა “მარადონას ჩემპიონატი” იყო?
- დიახ, ამ ჩემპიონატს ასე უწოდებდნენ, მაგრამ მას უფრო “არგენტინის ჩემპიონატი” შეეფერება სახელად.დავუბრუნდეთ მსოფლიო ჩემპიონატს. ფინალურ მატჩში იყო მომენტი, როცა დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა...
- ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ უძლიერესი ნაკრები გვყავს. როცა გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს (2:2), ამან ერთგვარად შეგვაშფოთა, მაგრამ ძალა გამოვნახეთ, რომ კონტრიერიში წამოგვეწყო და კიდევ ერთი ბურთი გაგვეტანა. დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენი ნაკრები ერთი ფეხბურთელის გუნდი არ არის. ჩემს თამაშში, ჩემს ოსტატობაში თავისი წვლილი დოქტორმა ბილარდომაც შეიტანა, ზუსტად ისევე, როგორც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დანიელ პასარელას მიღწევებში უდავო იყო მენოტის ღვაწლი. ფინალურ მატჩში ძალიან მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. სამაგიეროდ, ბურთის გატანის საშუალება სხვებს შევუქმენი, გუნდისთვის თამაშიც სწორედ ეს გახლავთ.
იმედი მაქვს რომ ბრაზილიაში ლეო მესი აუცილებლად გაიბრწყინებს და თავის გუნდს გამარჯვების რთულ აღმართზე გაუძღვება, ისევე როგორც ეს დიდმა დიეგომ, 1986 წელს გააკეთა.