გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი კვლავ გაურკვეველია. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე დღეს იმსჯელა, საქმეზე მოსამართლე მაია შოშიაშვილის კონკრეტული გადაწყვეტილება კი 25 ივნისს, 17:00 საათზე გამოცხადდება. თუმცა, შესაძლოა, შოშიაშვილმა უგულავას მერობის საკითხი ვერ გადაწყვიტოს.
საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობის საკითხის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია. პროკურორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს არ გააჩნია უფლებამოსილება, გააუქმოს მისივე დონის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ საკითხზე ზემდგომმა ინსტანციამ - საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
„საკანონმდებლო ნორმების მითითებით დავასაბუთეთ, რატომ არ არის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსჯადი და რატომ უნდა განიხილოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ. შესაბამისად, ასევე დავასაბუთეთ, რომ თუკი საქალაქო სასამართლო ამას განიხილავს, გასცდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და შეითავსებს სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებს, რადგან, სწორედ, ასეთი ჩანაწერები არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, - აცხადებს ნათია სონღულაშვილი.
პროკურორი განმარტავს, რომ გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვს, მაგრამ, ადვოკატებს შესაბამისი შუამდომლობა საქალაქო სასამართლოში არ უნდა წარედგინათ.
გიგი უგულავას ადვოკატები პროკურორის პოზიციასა და განცხადებებს არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, შეცდომა არ დაუშვიათ, რადგან საქალაქო სასამართლოს მათი შუამდგომლობის საკითხზე მსჯელობის უფლება აქვს.
„პროკურატურის პოზიციით, მოქალაქე გიორგი უგულავა რჩება მართლმსაჯულების გარეშე. არც ერთ ნორმატიულ აქტში არ მოიძებნება დათქმა, რომ ჩვენ უნდა მიგვემართა სააპელაციო სასამართლოსთვის, ამგვარ ნორმატიულ აქტს ბრალდების მხარე ვერსად წაგვაკითხებს“, - აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი გელხაური.
პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა გიგი უგულავამ. მან საკუთარი პოზიცია მხოლოდ სხდომის მიმდინარეობის დროს გამოხატა და ბრალდების მხარე მის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დროის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ბრალდების მხარის ამოცანაა, დროის გაწელვა. ბრალდება ცდილობს, საოლქო სასამართლოში გადაამისამართოს ამ შუამდგომლობის განხილვა. ნუ დაიბრმავებთ თვალებს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - მიმართა უგულავამ პროკურორებს და აღნიშნა, რომ ერთი თვის განმავლობაში პროცესი პროკურორების გამოუცხადებლობის გამო არ ტარდებოდა, რადგან პროკურორები სემინარებზე ზედამხედველობას იმიზეზებდნენ.
„შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში განხილვას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება, 3 კვირის შემდეგ კი შიშები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი იმიტომ, რომ ახალი მერი იქნება არჩეული. ახლა იტყვით, რომ რასაც მე ვამბობ, არ არის სიმართლე. კოლბებში არავინ ვცხოვრობთ და სიმართლე არის ის, რასაც მე ვამბობ“, - განაცხადა უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა. სასამართლოს სხდომაზე მან პროკურორების რეპლიკას, რომ იგი იურისტი არ არის და, შესაძლოა, კანონი კარგად არ იცოდეს, რეპლიკითვე უპასუხა. „დიახ, არ ვარ იურისტი, ფილოსოფოსი ვარ და კონფუცის სიტყვებს შეგახსენებთ: ბრძენი ქმნის კანონს და სულელი მისით შემოიფარგლება“.
სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე სპეციალისტები გიგი უგულავას მერის პოსტზე აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. თბილისის მერად უგულავას დაბრუნებას აზრი, განსაკუთრებით, მას შემდეგ მიეცა, რაც თვითმმართველობის პირველ ტურში თბილისის ახალი მერი ვერ გამოვლინდა.
არჩევნების მეორე ტური, წინასწარი ინფორმაციით, ივლისის ბოლოს გაიმართება. მანამდე კი, თეორიულად, შესაძლოა, მერის არჩევნების შემაჯამებელი შედეგები გასაჩივრდეს და მეორე ტური აგვისტოს დასაწყისში დაინიშნოს. კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლის შედეგად, საკრებულოს პირველი სხდომა, შესაძლოა, სექტემბრამდე ვერ გაიმართოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ თანამდებობაზე აღდგენილ გიგი უგულავას, თეორიული შანსი უჩნდება, ქალაქის ხელმძღვანელი სექტემბრამდე იყოს.
გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლომ 2013 წლის დეკემბერში მიიღო. საუბარია „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულებს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავას აღდგენის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლომ 23 მაისს დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყო მიმართული და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას ან შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს პირველი ან მეორე ინსტანცია გიგი უგულავას მერის უფლებამოსილებას აღუდგენს, ის რამდენიმე დღით მერის სავარძელს კვლავ დაიკავებს, თუმცა, უგულავას წინააღმდეგ წარმოებული 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე გამოძიება კვლავ გაგრძელდება.