დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ახალი ქვეპროგრამის „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარება“ პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, აღნიშნული ქვეპროგრამის შემუშავება იმ მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილების აუცილებლობამ განაპირობა, რომელიც სხვა არცერთი პროგრამით არ ფინანსდება.
მინისტრის თქმით, პროგრამა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას გულისხმობს, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, მინიმალური საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ტექნიკა.
For.ge-ს კითხვაზე, საქართველოში რამდენი ოჯახი განეკუთვნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფთა კატეგორიას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახზეა გათვლილი, რომელთა სოციალური ქულების რაოდენობაც დაბალია. თუმცა ეს არ არის ზედა ზღვარი.
უფრო კონკრეტულად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარებისთვის ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.
„შეიძლება იყოს ოჯახი, სადაც სამსახური დაკარგეს ოჯახის წევრებმა და ბავშვის საჭმლის საყიდელი ფული არ აქვთ. ეს ოჯახი შეიძლება იმ წუთას არ იყოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ აუცილებლად დავეხმარებით. თუ ასეთი ორი ოჯახი აღმოჩნდა და არჩევანი გვექნა გასაკეთებელი, მაშინ თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს“,- აცხადებს დავით სერგეენკო.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამომვლენი სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტი რაოდენობრივად და თვისობრივი რესურსებით გაძლიერებას საჭიროებს, თუმცა სოციალური მუშაკი არ არის ერთადერთი საინფორმაციო გზა, საიდანაც ამ ოჯახთა შესახებ მივიღებთ ინფორმაციას. მხოლოდ სახელმწიფო და სოციალური მუშაკი ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, რადგან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გარშემო არის სოციუმი, რომელმაც სახელმწიფომდე უნდა მიიტანოს მათი პრობლემები, ანუ უნდა შეიქმნას ოქროს შუალედი.
ჩვენთან საუბარში საქართველოს კოალიცია „ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობისათვის“ თავმჯდომარე ჯაბა ნაჭყებია აცხადებს, რომ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარება აუცილებელია. კარგია ისიც, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ამ ოჯახების წინაშე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად მოქნილი იქნება ეს სისტემა და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამ ადამიანებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ - ზოგ ოჯახს, პირველ რიგში, საკვები ესაჭიროება, ზოგს ტანსაცმელი, მაცივარი და ა.შ.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნათია ფარცხალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ოჯახები სახელმწიფოს ზრუნვას საჭიროებენ თუნდაც იმიტომ, რომ მატერიალური გასაჭირის, საკვების არქონის გამო ოჯახმა არ მიატოვოს ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები. ამიტომ მათ მყისიერი დახმარება სჭირდებათ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს მოქნილი ფონდი, რომელიც ბავშვების და ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ადრე არსებობდა დიდი დონორული რესურსი, „იუნისეფი“ უწევდა კოორდინირებას ამ სამუშაოს. ახლა კი მთავრობამ გაიაზრა ამის საჭიროება და ეს ფონდი შეიქმნა.
„არიან ოჯახები, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელი ადგილები, მაგრამ კრიზისის ან სტიქიური უბედურების გამო დაუზიანდათ სახურავი, ან არ აქვთ ფანჯარა. ეს უნდა გამოსწორდეს. არიან ოჯახები, სადაც ბავშვს სძინავს იატაკზე, არ არსებობს საწოლი, ან რამდენიმე ოჯახის წევრი ერთდროულად იყენებს ერთ საწოლს. შეიძლება, ოჯახი ფორმალურად სიღარიბის ზღვარს მიღმა არ იყოს, მაგრამ უცბად აღმოჩნდეს ისეთ კრიზისში, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი. მინისტრმა დავით სერგეენკომ სწორად ბრძანა, რომ თითოეული მოქალაქის ვალია, როცა ოჯახში ხედავს კრიზისს, რომ ბავშვის საბაზისო საჭიროებას რისკი ემუქრება, აცნობოს სახელმწიფო სტრუქტურებს, მუნიციპალიტეტს“, - გვითხრა ნათია ფარცხალაძემ.
ბენეფიციარი ოჯახები გარკვეულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ: ოჯახი უნდა იყოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში ან ოჯახში უნდა იყოს სამი და მეტი ბავშვი, ასევე, გაითვალისწინებენ ოჯახში შეზღუდულუნარიანი ბავშვის არსებობას.