მუნდიალის დღეებში სექსუალური კავშირი რეკომენდირებული არ არის

მუნდიალის დღეებში სექსუალური კავშირი რეკომენდირებული არ არის

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში მსოფლიოს მორიგი საფეხბურთო პირველობა დაიწყო. დაიწყო ისე როგორც მუნდიალების უმეტესობა - პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა მსაჯების „მცირეოდენი დახმარებით“ იმარჯვეს. ძნელია მტკიცება, ის ავადსახსენებელი თერთმეტმეტრიანი რომ არ ყოფილიყო, მშვენივრად მობურთალი ხორვატია მინდორს დამარცხებული თუ დატოვებდა.

უკვე საწყისი ოთხი შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ფიფა-ს სამსაჯო კოლეგია არაერთი კრიტიკული შენიშვნის მოწმე გახდება. ბრაზილიის თამაშს თავი რომ დავანებოთ, მექსიკას ორი ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს, ჰოლანდიელებმა კი რიგით მესამე ბურთი წესების სრული დარღვევით გაიტანეს. ლუის ვან გაალის შეგირდები ვახსენე და „ნარინჯისფერებმა“ სრულიად მსოფლიო გააოცეს.

მსოფლიო პირველობის საწყისი მატჩების ჩემეულ ანალიზს მომდევნო კვირაში შემოგთავაზებთ. ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება: „მუნდიალი - 2014“ ჯერჯერობით ამართლებს და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის ქომაგებს კიდევ არაერთ შესანიშნავ და დასამახსოვრებელ სპექტაკლს შესთავაზებს.

ნება მომეცით წერილი მხიარულ ნოტებზე გავაგრძელო. იმედია ქვემოთ მოყვანილ „საფეხბურთო ინფორმაციას“ ყურადღებით გაეცნობით და ქართველი მანდილოსნები ამ „მითითებებს“ გულდასმით შეასრულებენ.

რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიაში, ფეხბურთის მოყვარულთა ერთმა ჯგუფმა „მუნდიალი-2014”-ის დღეებში ქალთა ქცევის „განსაკუთრებული” კოდექსი შეიმუშავა. ეს წესი მთელი მსოფლიოსათვის საერთოა.

1. საფეხბურთო რეპორტაჟის მიმდინარეობისას, მეუღლე მხოლოდ საოჯახო საქმიანობით უნდა დაკავდეს.

2. ყოველი მატჩის წინ ძვირფას ქმრებს რამდენიმე ქილა ან ბოთლი ცივი ლუდი უნდა მოუმარაგოთ.

3. თამაშის მსვლელობისას ოთახში, სადაც ტელევიზორია, ქალის ყოფნა სასტიკად იკრძალება, რადგან ერთი მამაკაცისათვის ორი სასურველი არსება მართლაც რომ მეტისმეტია.

4. ტაიმებს შორის შესვენებისას ცოლს უფლება აქვს უხმაუროდ შევიდეს ოთახში, დააცარიელოს საფერფლეები, ცარიელი ბოთლები სავსეებით შეცვალოს და საჭიროების შემთხვევაში ქმარს ტკბილეული ან რაიმე სხვა გემრიელი სასუსნავი შესთავაზოს.

5. თამაშამდე სადილი მზად უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რადგან მამაკაცი მატჩისათვის კარგად უნდა განეწყოს. სადილის დროს ქალმა პირი უნდა მოკუმოს და არ ისაუბროს.

6. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში სექსუალური კავშირი რეკომენდირებული არ არის, რადგან შეიძლება ბავშვი გონებაგაფანტული გამოვიდეს. ამას გარდა, სასტიკად აკრძალულია მოკლე კაბის ტარებაც, რათა მამაკაცებს ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. ფეხბურთი ხომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტია.

7. თუ მამაკაცი დიდსულოვანი აღმოჩნდება და ქალს მასთან ერთად ფეხბურთის ყურების ნება დართო, სასტიკად აკრძალულია სხვადასხვა წამოძახილებები, დილეტანტიზმის წამოფრქვევა და შემდეგი სახის ფრაზები: „არიენ რობენი დღეს ისევ ლამაზად გამოიყურება“ ან „რა სიმპათიური მამაკაცია ეს ოხერი დიეგო კოშტა“.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს თავი ფეხბურთის მეფე - პელემ „გამოიჩინა“. ამ პიროვნებამ ერთი თვის შემდეგ ბრაზილია - რუსეთის ფინალური შეხვედრა იწინასწარმეტყველა. როგორც „პროგნოზისტი“ ბატონი ედსონ დოს არანტოს ნასიმენტო არასდროს გამოირჩეოდა. საკუთარი თავისა თავად იკითხოს, მე კი ერთი ძველებური ამბავი გამახსენდა.

ბევრ ჩვენთაგანს გვაქვს ნანახი მხატვრული ფილმი, სადაც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი კახი კავსაძე პელესთან ერთად არის გადაღებული. ამ სურათის პირველი კადრები რიო-დე-ჟანეიროში გადაიღეს. კახი კავსაძე და ფილმის გადამღები ჯგუფი პელეს ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში დაუდარაჯდა. დანარჩენი კი უკვე კავსაძის მოხერხებულობის წყალობა იყო. სამწუხაროდ ეს კადრები გაფუჭდა და რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ფეხბურთის მეფის გადაღება კიდევ ერთხელ მოისურვა. ამ ისტორიას მოგვიანებით კახი კავსაძე შემდეგნაირად იგონებდა:

„ვარ ჩემთვის წყნარად და ერთ დღეს მიშა მეუბნება: განათება არ მომწონს და პელე თავიდან უნდა გადავიღოო, მილანში წავიდეთ, მის 50 წლის იუბილეს იქ აღნიშნავენ, „სან სიროს” სტადიონზე მსოფლიო და ბრაზილიის ნაკრები ხვდება ერთმანეთსო. გავემგზავრეთ მილანში, თეთრი ნაბადი და ნაბდის ქუდი წავიღეთ. სტადიონზე შესასვლელი ბილეთი სად გვქონდა. ერთი პოლიციელი დავაბით და შეგვიყვანა სტადიონზე.

წინ მე მივდივარ სტადიონზე, ნაბადი მაქვს მოხურული, ქუდიც მახურავს, ძაან იმპოზანტნი ვარ, რაა, არადა, ვინ იფიქრებს, ავანტიურისტი და აფერისტია ეს კაციო. არავინ არაფერს მეუბნება, გავიარე უთვალავი პოსტი და კორდონი, სენატორი ვეგონე თუ ვინ, არ ვიცი. გააჩერებენ მიშას, დავსჭექ ჩემთან არიან! ამგვარად მივაღწიეთ პელეს გასახდელამდე, შევაღე კარი და წევს ტახტზე ეს კუნაპეტივით შავი კაცი, მასაჟისტი კი მუხლზე მასაჟს უკეთებს. ბნელოდა იმ ოთახში გადაღებისათვის და მის გამოსვლას დაველოდეთ. რომ გამოვიდა, მაშინვე ნაბადი მოვახურე და ნაბდის ქუდითაც გამოვპრანჭე. ეს ყველაფერი გადავიღეთ და მიშას ვუთხარი, აბა, ახლა კი წავიდეთ-მეთქი. არაო, სტადიონიც უნდა გადავიღოო.

 

დაიწყეს ფეხბურთელებმა გამოსვლა, მსოფლიო ნაკრებში რუსი გავრილოვი თამაშობდა. დამინახა, მიცნო და დიდი მოწიწებით ჩამომართვა ხელი. ალბათ ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავიაო და მსოფლიო ნაკრების მთელმა შემადგენლობამ დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. ბრაზილიის ნაკრებიც გამოჩნდა, დავინახე პელე და ვეცი:

- როგორა ხარ, ბიჭო, ხომ კარგად ხარ?

- მუდა, უდა, დუდა - რაღაცას მეუბნება თავის ენაზე.

დაუკრეს ბრაზილიის ჰიმნი და მიშა მეუბნება: გადი მინდორზე და პელეს რამე უთხარი ყურში, ამ კადრის გარეშე აქედან არ წავალო. მიშა, გინდა, რომ მოგკლა? სად გავიდე, პოლიციელებმა თავში რამე რომ ჩამარტყან, მერე?! უხ, არ მომეშვა და მივედი პელესთან:

- აბა, შენ იცი, როგორ ითამაშებ, პელე!

- გრაცე, პრეზენტო, - მადლობა საჩუქრისთვისო. მეც ხელი დავარტყი მხარზე და გამოვედი მინდვრიდან ”.

დღეს (მასალას გუშინ ვამზადებდი) იტალიის ეროვნული გუნდი ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის წინ ორივე ქვეყნის მას-მედიამ მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ „ქათინაურები“ არ დაიშურა. თავდაპირველად გაზეთი „თაიმის“ „მოსაზრებებს“ გაგაცნობთ.

1. იტალიურ ტელეარხებზე ხშირად ნახავთ, თუ როგორ უსმენენ ვალტერ მაცარი და ჩეზარე პრანდელი თინეიჯერი გოგონების საფეხბურთო ანალიტიკურ მონოლოგებს.

2. იტალიელი ფეხბურთელები შვებულებაზე საუბარს სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე იწყებენ. არც წინასწარ შერჩეულ ადგილს მალავენ და არც იმას, თუ რომელი ტოპ-მოდელი უნდა წაიყვანონ ამა თუ იმ კურორტზე. შემდეგ კი ძალიან ბრაზდებიან, როდესაც სანაპიროზე მათ პაპარაცი აკითხავთ. თანაც უკვირთ, აქ როგორ მოგვაგნოო.

3. იტალიელი ფეხბურთელები მატჩამდე სილამაზის სალონებში დადიან, წვერს იპარსავენ და თმებს სტილისტებთან ივარცხნიან.

4. თუ „რაი უნო“ ამბობს, რომ ჯოვინკო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, იტალიაში ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით და ამბობენ, რომ მოთამაშემ ამაში ფული გადაიხადა.

5. იტალიელი ტიფოზები უცხოეთში მშვიდად იქცევიან, საკუთარ სტადიონზე კი ხშირად ადამიანურ სახეს კარგავენ.

6. კვირა დღე იტალიაში: ეკლესია, ფეხბურთი, სახლი და ტელევიზორი, რათა უყურო ტურის მიმოხილვას და გაარჩიო შენი გუნდის კონკურენტების თამაში.

ბრიტანელ კოლეგებს არც იტალიელი ჟურნალისტები ჩამორჩნენ და „გაზეტა დელო სპორტმა“ შემდეგი პასკვილი გამოაცხო.

1. კვირა დღე ინგლისში იწყება პაბით, შემდეგ ფეხბურთით გრძელდება და ისევ პაბით მთავრდება.

2. მატჩის წინ ინგლისელები მიირთმევენ ჩიფსებს, არაბულ ქაბაბს და სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სვამენ სამ-ოთხ კათხა ლუდს.

3. ინგლისში ტრიბუნებზე დამონტაჟებულ სკამებზე, როგორც წესი, სხედან.

4. ინგლისის სტადიონებზე სამართალდამცავებს პერანგი აცვიათ და კეპი ახურავთ.

5. არავინ იცის, სად და როგორ ატარებენ შვებულებას ინგლისელი ფეხბურთელები.

6. თუ „სქაი სპორტი“ ამბობს, რომ სტარიჯი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ინგლისში ამას იჯერებენ და სიახლეს დიდი სიხარულითაც იღებენ.

7. ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ფეხბურთელების ცოლები.

8. ინგლისურ ტელეარხებზე საფეხბურთო თემატიკაზე მხოლოდ მამაკაცები საუბრობენ.

19. ინგლისში ლუდი იმდენად უყვართ, რომ მასზე უარს არც ფეხბურთელები ამბობენ. განსაკუთრებით მოგებული შეხვედრების შემდეგ.

დღევანდელი წერილის დასასრულს ერთი საინტერესო გამოკვლევის შედეგებს გაგაცნობთ. ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა მუნდიალების ისტორიაში ჩატარებული ათი ყველაზე სანახაობრივი შეხვედრის ჩამონათვალი გამოაქვეყნეს. დარწმუნებული ვარ, ამ სიაში კორექტივის შეტანა უკვე შეიძლება და ერთ-ერთი თამაშის ადგილს ჰოლანდია - ესპანეთის (5:1) მატჩი დაიკავებს.

1. ბრაზილია - იტალია. 1982 წელი, მეორე ეტაპის შეხვედრა.

2. იტალია - გფრ 4:3 (დდ). 1970 წელი, ნახევარფინალი.

3. ბრაზილია - საფრანგეთი 1:1 (პენ 3:4), 1986 წელი, მეოთხედფინალი.

4. გფრ - ინგლისი 3:2 (დდ), 1970 წელი, მეოთხედფინალი.

5. გფრ - საფრანგეთი 3:3 (პენ 5:4), 1982 წელი, ნახევარფინალი.

6. პორტუგალია - ჩრდ. კორეა 5:3, 1966 წელი, მეოთხედფინალი.

7. ბრაზილია - პერუ 4:2, 1970 წელი, მეოთხედფინალი.

8. უნგრეთი - გფრ 2:3 1954 წელი, ფინალი.

9. გერმანია - იტალია 0:2 (დდ), 2006 წელი, ნახევარფინალი.

10. არგენტინა - ინგლისი 2:2 (პენ 4:3), 1998 წელი, მერვედფინალი.