არსებული ინფორმაციით ნადირაშვილი ბაქოში არადეკლარირებული მილიონი დოლარის გამო დააკავეს

არსებული ინფორმაციით ნადირაშვილი ბაქოში არადეკლარირებული მილიონი დოლარის გამო დააკავეს

აზერბაიჯანში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და ერთი მილიონი დოლარის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს და საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული.

საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და მიზეზებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩემი ინფორმაციით, აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული და მიმდინარეობს ძიება. საუბარია დიდი რაოდენობით არადეკლარირებულ თანხაზე. როგორც ითქვა მილიონ დოლარზე, თუმცა, ვითარებას სწავლობენ და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ელექტროშოკურ აპარატთან დაკავშირებით ელჩი ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ თანხის თაობაზე აქვს ინფორმაცია.

„კონკრეტულად თანხა არ ვიცით, დაახლოებით მილიონ დოლარზეა საუბარი. ჩვენ მხოლოდ თანხაზე გვაქვს ინფორმაცია და ძიების შემდეგ დაზუსტდება ყველაფერი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ჩვენი ინფორმაციით, სიტუაციის გარკვევას საქართველოს კონსული აზერბაიჯანში, ნიკოლოზ გოგიტიძე საბაჟოზე ცდილობს.

ნადირაშვილს და ჯაფარიძეს მობილური ტელეფონები გათიშული აქვთ, თუმცა, ცნობილია, რომ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ბაქოში მისი და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო, თუმცა ბაქოში ყოფნა დაადასტურა.

„მე და ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთში ვიმყოფებით ბაქოში. ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9 საათიან რეისს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდები ამ მთავრობისგან, იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც გავრცელდა. თუ უნდათ დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ასევე ვრცელდება ცნობა ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო სამსახურიდან, მებაჟეები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ქალი დააკავეს. მათივე ცნობით, მისი დაკავება პირად ფულს უკავშირდებოდა, თუმცა ოდენობას არ ასახელებენ. საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა, თუმცა ჯაფარიძის დაკავებას არ ადასტურებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ინფორმაციას, მათი წევრების დაკავების შესახებ არ ადასტურებს: „ხელისუფლებას უნდა, რომ ასე იყოს, მაგრამ ტყუილია“.