„საქართველოში ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები“

„საქართველოში ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები“

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით, საქართველოში 0-დან 16 წლამდე ბავშვების 27% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და, რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი.

სოციალურად დაუცველი ოჯახის მშობლებს ხშირად საკუთარი თავისა და ბავშვების გამოსაკვებად კათარზისიდან და ეკლესიიდან საკვები ქილებით მოაქვთ, რაც მათ პრობლემას ვერ წყვეტს.

ხშირად სიღარიბე მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, მთელ თავის ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებს. ამდენად, სავარაუდოა, ქართველი ბავშვები უფრო მაღალი ალბათობით იცხოვრებენ სიღარიბეში, თუკი ისინი ისეთ ოჯახში დაიბადნენ, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს, სადაც მშობლებს განათლების დაბალი დონე აქვთ, სადაც სამი ან მეტი ბავშვი ცხოვრობს, სადაც ოჯახი მიწას არ ფლობს და მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვს.

საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800 ბავშვი იღუპება. აქედან 300 ბავშვის გარდაცვალებას დედის ანემია, მცირე წონიანობა, არასრულფასოვანი კვება და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობისთან დაკავშირებული სხვადასხვა მანკი იწვევს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2012 წლის ნუტრიციულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მალნუტრიცია (კვების დარღვევა) საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან მოქმედებს ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვთა სიღარიბის შესახებ 2012 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 2013 წელს არსებული სულ ახალი მონაცემებით კი, 50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის. მართალია, ამ მაჩვენებლის თანახმად, უკიდურესი სიღარიბე შემცირდა, მაგრამ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს არსებული 25 %-დან 27 %-მდე გაიზარდა 2013 წელს. ანუ, ფარდობითი სიღარიბის მიხედვით, ბავშვები უფრო ღარიბები არიან საქართველოში, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ამის მიზეზი ისაა, რომ სოციალური დანახარჯები უფრო მიმართული იყო სხვა დაუცველ ჯგუფებზე, ვიდრე ბავშებზე.

„ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ყველა ბავშვისთვის გარკვეული ფულადი დახმარების შემოღებას, რაც შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს. ჯერ კიდევ 2011-12 წლების კვლევის თანახმად, დახმარება დაახლოებით 30 ლარის ოდენობით უნდა ყოფილიყო თვეში, რაც სახელმწიფოს 25 მილიონი ლარი უჯდებოდა. სახელმწიფოს შევთავაზეთ ჩვენი რეკომენდაციები და შარშან ოქტომბერში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული სოციალური დაცვის გადახედვას ახდენს. ისინი, ალბათ, მალე დადებენ კონკრეტულ რეკომენდაციას, თუ რა ტიპის დახმარება იქნება ბავშვებისთვის შემოღებული. განსაკუთრებით სოფლად უფრო მეტი სიღარიბე შეიმჩნევა. მცხეთა-მთიანეთი იყო პრობლემური რეგიონი. გახსოვთ, ალბათ, აჭარაში მცირეწლოვანი ბავშვის, გოგიტა აბაშიძის დაღუპვამ როგორი რეზონანსი გამოიწვია. იმ ბავშვს, მხოლოდ პურის ფქვილის ფაფას აჭმევდნენ და საჭმელი არანაირი ვიტამინებით და მიკროელემენტებით არ იყო გაჯერებული. ბუნებრივია, ამან ორგანიზმის გამოფიტვა გამოიწვია“, - აცხადებს მაია ქურციკიძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ხშირად კვების დეფიციტი არ უკავშირდება საჭმლის ქონა-არქონას, არამედ საქართველოში ტოტალურად ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას განიცდიან ბავშვები. რკინის დეფიციტი, ქალებში ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა სხვადასხვა ანომალიებს იწვევს. ძალიან ხშირად ეს დაკავშირებულია არაინფორმირებულობასთან, რადგან რეპროდუქციული ასაკის ქალმა არ იცის, რომ ორსულობისას ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ვერ განვითარდება.

„რეგიონის მასშტაბით, ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო 44 ქვეყნიდან 42-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ რთულია. აქ მთავარი პრობლემა ბავშვთა სიღარიბე, კვების დეფიციტი და ბავშვთა სიკვდილიანობაა. ადრეულ ასაკის ბავშვთა (5 წლამდე) განვითარებას საქართველოში, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა. არადა, ეს არის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება ბავშვის განვითარებას. რაც შეეხება ე.წ. ქუჩის ბავშვებს, რომლებიც ნახევარსარდაფებსა და მიყრუებულ ადგილებში ცხოვრობენ, ბავშვი არ უნდა იყოს ქუჩაში, რადგან ქუჩაში მას განვითარების არანაირი საშუალება არ აქვს. სხვადასხვა მიზეზის გამო ხვდება ბავშვი ქუჩაში - სიღარიბე, დისფუნქციური ოჯახი, ანუ ოჯახში არსებული პრობლემები, ძალადობა. ამის გამო ბავშვი გარეთ გარბის. დღესდღეობით მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა იუნისეფისა და ევროკავშირის დახმარებით, რომელმაც შექმნა სახელმწიფო მექანიზმი ამ ბავშვების დასახმარებლად. მობილური ჯგუფები დადიან ქუჩაში, ჯერჯერობით თბილისში, ხოლო სულ მალე, ეს მექანიზმი ამოქმედდება ქუთაისში. სწავლობენ ამ ბავშვების მდგომარეობას და თითოეული ბავშვისთვის დახმარების კონკრეტულ გეგმას ადგენენ. შემდეგი ეტაპი არის ამ ბავშვის წამოყვანა დღის ცენტრებში. რამდენიმე დღის ცენტრი იხსნება თბილისსა და ქუთაისში, ასევე, იარსებებს 24-საათიანი ტრანზიტული მომსახურების ცენტრი, ამ თავშესაფარში ბავშვს შეეძლება ღამის გათენება“.

მაია ქურციკიძის თქმით, ეს პროგრამა გარდამავალი ეტაპია და ქუჩის ბავშვებმა ეს ეტაპი უნდა გაიარონ, რათა შემდგომში მოხდეს მათი ინტეგრაცია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში (მინდობითი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები). ამ ბავშვებს პირდაპირ ვერ მიიყვანენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მანამდე მათ უნდა გაიარონ რეინტეგრაციის პერიოდი, რადგან მათ აქვთ ჩამორჩენა განვითარებაში, აქვთ პრობლემები განათლებაში და სხვა. ზოგადად კი, ამ ბავშვების ადგილი არის საზოგადოებაში და არა - სადმე ქუჩაში, იზოლირებულად.