სამთავრობო ბარაკული გარანტიები

სამთავრობო ბარაკული გარანტიები

როგორი შედეგით დასრულდება ბათუმში ბარაკების აღება და იქ მცხოვრები მოსახლეობის ახალ ბინებში გადაყვანა ჯერ უცნობია. ახალი პროექტის დეტალები, პრაქტიკულად, დადგენილია, მაგრამ შავიზღისპირა ქალაქს ბარაკების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ნეგატიური გამოცდილება აქვს.

თუმცა, ასე მხოლოდ ბათუმში არ ხდება. დედაქალაქებმა სულ რამდენიმე თვის წინათ იხილეს „ხრუშჩოვკების“ მორიგი აფერა. ბარაკების თემა კი თბილისში ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემაა.

აჭარის მთავარ ქალაქში დეველოპერულ კომპანიებს ბათუმში ე.წ. ბარაკული ტიპის დასახლებების ათვისების სანაცვლოდ კომერციულ ორგანიზაციებთან თავდებობას სთავაზობენ. პროექტში „საქართველოს ბანკი“ ჩაერთო, რომელთანაც აჭარის მთავრობამ უკვე გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე შენობების აღება და მათ ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება.

ბარაკებში მცხოვრები ოჯახები ბინებს უფასოდ მიიღებენ, დეველოპერებს კი ქალაქის მერია, პროექტის გაცემისას, განსაკუთრებულ პირობებს შეუქმნის, რაც მათ მოგების საშუალებას მისცემს.

პროექტის განხორციელება 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, თავდებობის თანხა კი ბიუჯეტში 20 მილიონი დოლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სესხის ოდენობას, თითოეულ დეველოპერს, მაქსიმუმ, 3-მილიონიანი კრედიტის აღება შეუძლია.

„ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ პრეზენტაცია უკვე გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ესწრებოდნენ.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, იონა წითელაძე განმარტავს, პროექტი მთლიანად აგებულია დეველოპერული კომპანიისა და ბანკის ურთიერთობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, ბანკი იღებს ვალდებულებას, დაასრულოს პროექტი, რომელსაც სახელმწიფო გამოისყიდის.

„აჭარის მთავრობა თავდებში უდგება ბანკს, რომ დასრულებულ შენობას გამოისყიდის, სხვა საკითხებზე შეთანხმება უშუალოდ ბანკსა და დეველოპერს შორის უნდა მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ პროექტში მონაწილეობა უცხოელ ინვესტორებსაც შეუძლიათ, თუკი ისინი ბანკთან შეთანხმებას მიაღწევენ. მისივე ცნობით, საქართველოს ბანკი დეველოპერისთვის სესხს 12%-ად გასცემს.

წითელაძის განცხადებით, პროექტი მთელს ქალაქს მოიცავს, თუმცა, სავარაუდოდ, მშენებლობები ცენტრალური უბნებიდან დაიწყება, რადგან ეს ტერიტორიები კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველია.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ტურისტულ ქალაქში უსახური შენობების ნაცვლად, აშენდება თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი სახლები და კიდევ უფრო გალამაზდება ქალაქის იერსახე.

მსგავსი პროექტი - „ბათუმი ბარაკების გარეშე“ - ჰქონდა წინა მთავრობასაც. 2010 წლისთვის, ბათუმში არცერთი ბარაკი არ უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ საკითხზე, 2011 წელს სპეციალური საგამოძიებო ფილმიც მომზადდა, საიდანაც ირკვევა, რომ დაპირება, რომელიც არჩვენების წინ გაიცა, არ შესრულდა და ბათუმის საბინაო ფონდიდან მერიამ მხოლოდ 4 ბინა გასცა.