ფრთხილად - „მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება“!

ფრთხილად - „მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება“!

თუკი ცალკეულ კომპანიაში დარეკვისას ავტომოპასუხისგან შეიტყობთ, რომ „მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება“, უნდა დაფიქრდეთ, ღირს კი, ანდოთ თქვენი პრობლემები კონკრეტულ კომპანიას?! ხომ შეიძლება თქვენი გულახდილი საუბარი ინტერნეტსივრცეში აღმოჩნდეს და Youtube-სა და Myvideo-ს არქივებში დაიდოს ბინა.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპერატორები აბონენტებს საკუთარი ვინაობისა და მაიდენტიფიცირებელი საშუალებების დასახელებას სთხოვენ.  კომპანიების „ქოლ-ცენტრში“ განხორციელებული ზარების აუდიო-ჩანაწერების გავრცელების შემდეგ კი მოქალაქეთა ანონიმურობა გარანტირებული აღარ არის და მათი პერსონალური მონაცემები განსაჯაროვდება, რაც კანონის თანახმად, დანაშაულია.

მაგალითად, ასე მოხვდა ინტერნეტსივრცეში „სილქნეტის“ ანონენტისა და ოპერატორის სატელეფონო საუბარი, რომელსაც დასათაურებაც შესაბამისი შეურჩიეს- „სილქნეტის ოპერატორი ეღადავება უმეცარ მომხმარებელს“. ამ აუდიოჩანაწერის შინაარსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლის დაცინვაზეა აგებული. მათი ხანგრძლივი საუბარი იმით მთავრდება, რომ ოპერატორი ურჩევს აბონენტს, პროცესორს ზემოდან თბილი შალი გადააფაროს და ერთი საათის განმავლობაში დაელოდოს ინტერნეტის ამუშავებას...

ასეთი „პრიკოლები“ უამრავია და ძირითადად დაზარალებულები ყოველთვის „უმეცარი“ აბობენტები არიან, მათ შორის, კახელები, მეგრელები და ა.შ.   

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში არაერთი ჩანაწერი მოხვდა, რომლებიც გასართობი მიზნითაა გასაჯაროებული და, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეთა სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

მისი თქმით, ორგანიზაცია, რომელიც სატელეფონო საუბარს სერვისის გაუმჯობესების ან სხვა ლეგიტიმური მიზნით იწერს, ვალდებულია, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მიიღოს ყველა ზომა მათი უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, სატელეფონო საუბრის მომსახურება არ უნდა ლახავდეს მოქალაქის ღირსებას.

„ამ მასალის ინტერნეტში განთავსებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძალიან ბევრი მასალა წინა წლებისაა. შესაძლებელია, სოციალურ ქსელებში მოხვედრილ ამ მასალას უშუალოდ კომპანია არ ავრცელებდეს ინტერნეტში და ამის უკან ამა თუ იმ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები იდგენენ. ეს მასალა ატვირთულია კერძო პირების ე.წ. ექაუნთებიდან. ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს, მოგვმართონ მათი უფლებების დასაცავად; ასევე, კონკრეტულ ორგანიზაციებს კონსულტაციას გავუწევთ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად. მოქალაქეების განცხადებაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. შეიძლება, მათ დავეხმაროთ, წაიშალოს მათი მონაცემები, შესაძლოა, რეაგირების სხვა ზომას მივმართოთ. ინდივიდუალურ შემთხვევებში ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ვმოქმედებთ. დადგება თუ არა კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს მასალები გაავრცელა, კონკრეტული ორგანიზაციის შიდა პოლიტიკაა, ჩვენ არ ვერევით დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხში“, - გვითხრა თამარ ქალდანმა და განმარტა, რომ კერძო სექტორის მიმართ ჯერჯერობით მათ შეზღუდული აქვთ უფლებამოსილება.

გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ უკვე ატვირთული ვიდეოების წაშლის პერსპექტივა ცოტა რთულია, თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, თუ რამდენად შესაძლებელია იმის დადგენა, რომელმა პირმა ატვირთვა და სად არის ეს ყველაფერი ატვირთული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოქალაქეების საუბრის ჩაწერა ერთია, ხოლო ამ ჩანაწერების გამომჟღავნება - მეორე. თუ აბონენტის ხმა იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, მაშინ იგი საჯაროდ არ უნდა გავრცელდეს.

„ეს არის პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მისი თანხმობის გარეშე საჯარო სივრცეში მისი გავრცელება არ შეიძლება. ტექნიკურად როგორ წაიშლება უკვე ატვირთული ვიდეოები, ამას შესწავლა სჭირდება. თუმცა ეს საკითხი ჩემთვის ახალია და აუცილებლად დავინტერესდები. თუ რომელიმე უწყების თანამშრომელი წესებს არღვევს- ტელეფონით უხეშად ესაუბრება ვინმეს, ან საჯარო სამსახურისთვის შეუფერებელ განცხადებებს აკეთებს - ამისთვის არსებობს დისციპლინური სამართალწარმოება. შიდა მოკვლევის დონეზე უნდა შეისწავლონ ეს საკითხი, რადგან არაფრით არ შეიძლება მოქალაქეთა საუბრის ჩანაწერების საჯარო სივრცეში გამოტანა. ხომ შეიძლება, ესა თუ ის პირი ხმაზე იცნოს სხვა ადამიანმა?! მით უმეტეს, საუბრის გასაჯაროება დაუშვებელია, როცა პირს ვინაობას ასახელებინებენ“,-აღიშნა კახა კოჟორიძემ.  

და ბოლოს, მოქალაქეთა პირადი ჩანაწერების დაბლოკვა შესაძლებელია კონკრეტული ვებგვერდების ადმინისტრაციებთან დაკავშირების შემდეგ. თუმცა აქ პრობლემა იქმნება ამ აუდიოჩანაწერების კოპიოებთან დაკავშირებით. Youtube-თან მიმართებით კი საქმე რთულადაა, რადგან ცალკეული პირის ექაუნთით ხდება მონაცემების ატვირთვა.