ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ამჟამად საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მართალია, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მას გაღლეტილი მინისტრები ჰყავდა, თუმცა ფაქტები ექს-მინისრტების სიღარიბეს არ ადასტურებს. სოლოლაკში არსებულ საცხოვრებელ ფართში, რომელიც დავით კეზერაშვილის საკუთრებაშია, ამჟამად რემონტი მიმდინარეობს, რომელსაც მისი სიდედრი კურირებს.
ამ ინფორმაციას ყოფილი მინისტრის გარემოცვის წევრები ადასტურებენ და ამბობენ, რომ ეს არაა ერთადერთი საცხოვრებელი ფართი, რომელიც კეზერაშვილის საკუთრებაშია, მინისტრი რამდენიმე აგარაკის მეპატრონეც არის.
დავით კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა ყოფილმა მინისტრმა მის სახოვრებელ სახლში კარების შეცვლა, როცა თავად საქართველოში არ იმყოფება.
„ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი აპირებს თუ არა ჩამოსვლას, არც ის ვიცი მისი ოჯახი აპირებს თუ არა ჩამოსვლას საქართველოში. თუმცა, მე როგორც მისი ადვოკატი, ამ რჩევას არ მივცემდი. ვერაფერს ვერ გეტყვით“, - აცხადებს შოთა მინდელი.
For.ge-ს კითხავზე სად იმყოფება დღეს თავდაცვის მინისტრი, ადვოკატი ამბობს: „მე როგორც მისი ადვოკატი, არის რაღაცა საკითხები, რაზეც, ალბათ, მედიასთან არ უნდა ვისაუბრო, ვერაფერს ვერ გეტყვით ამის თაობაზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, დავით კეზერაშვილი სხვადასხვა ოფშორულ ზონაში დაახლოებით 5-6 კომპანიას ფლობს, რომლებიც საკმაოდ მაღალბრუნვადია. ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ ოფშორულ ზონაში, კერძოდ ვირჯინიის კუძულებზე რეგისტრირებული კომპანია „EXIMUS HOLDING“. კომპანია რომ მაღალბრუნვადია იმითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 14 მაისს კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ 1 500 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია განახორციელა. ამ ოფშორული კომპანიის დირექტორია ალექსანდრე გოგოხია, რომელიც წარსულში შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ხელმძღვანელობდა, გოგოხია ამჟამად მიმალვაშია.
თანხა, რომელიც „EXIMUS HOLDING“-დან იქნა მოხსნილი, გამოძიების ინფორმაციით, საარჩევნოდ იყო განკუთვნილი. განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ღონიაშვილი, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ქვისლი დააკავა. საქმეში ასევე ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.
ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დავით კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთ-ერთია ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მეორე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.
რაცა შეეხება ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეს, საქალაქო სასამართლომ ამ სისხლის სამართლის საქმეში დავით კეზერაშვილი გაამართლა. თუმცა, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ სცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი. როგორც ცნობილია კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველო 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მოგვიანებით ის ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა მისი საქართველოში ექსტრადირებაზე საფრანგეთმა უარი თქვა.
ადვოკატის განცხადებით, „იმედის“ გასხვისებისა და რიყის საქმეზე მინდინარეობს სასამართლო განხილვები. მისი თქმით, კეზერაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა ამ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა.
„გამოძება არაა ბოლომდე დასრულებული, სასამართლოში არ წარმართულა ჯერ საქმე განსახილველად, ეს გახლავთ მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებული საქმე. კერძოდ, 2008 წელს ომამდე ჩატარდა წვრთნა, თუმცა, პროკურატურამ დაადგინა, რომ დოკუმენტაცია არაა სათანადოდ გაფორმებული, რის გამოც ეს დაკვალიფიცირდა ისე, რომ თითქოს წვრთნა საერთოდ არ ჩატარებულა და შესაბამისად, მთელი ეს თანხა, რაც მიმართული იყო ამ წვრთნებისათვის, ჩაითვალა გაფლანგულად, რაც არასწორია და ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შოთა მინდელმა.