„არასამთავრობოები არასამართლიან განცხადებებს აკეთებენ“

„არასამთავრობოები არასამართლიან განცხადებებს აკეთებენ“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი- ბიძინა ივანიშვილი არ ეთანხმება ცალკეული არასამთავრობოს მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 80-მა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოხსნა.

„დაუჯერებელია, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ტელევიზია ამას აფორმებს, მაგრამ ამით ვერ შეუცვლიან დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობას. დღეს ვნახავთ, რომ ასე იოლი არ არის ქართველი ხალხის მოტყუება. მუდამ ვუკიჟინებდი ძველ მთავრობას, დღევანდელ ოპოზიციას, რომ არა სიცრუით, არამედ სიმართლით, სწორი გზა უნდა ვაჩვენოთ და უკეთესი გზების ჩვენებით ვაჯობოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, გამოდის, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე უარესი ეს არჩევნებია. „ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ, რას შვებოდნენ ნაციონალები? როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა ნაციონალმა მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?“ - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია, რომ დროდადრო არასამთავრობოებისა და ნაციონალების პოზიცია უნისონშია. როცა ისმის არასამთავრობოების შეფასებები, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებული სიტუაცია თურმე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკეთესი და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უარესია, ჩნდება კითხვა, რაში უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ ნაცმოძრაობასთან ჭიდილი?!

საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თქმით კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის არაერთი ფაქტი, თუმცა კონკრეტულად ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას, დაზარალებულები არ აკონკრეტებენ.

დღესაც არასამთავრობოები ქვეყნის მასშტაბით სერიოზულ და, ასევე, ნაკლებად მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ. ისინი შეიარაღებული პირების მიერ მარტვილში საარჩევნო ყუთის გატაცებას „ძალიან დიდ დარღვევად“ აღიქვამენ.

„ამდენი ძალადობრივი დაპირისპირება პარტიის აქტივისტებს შორის გასულ არჩევნებზე არ ყოფილა“,- ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებაა. როგორც ლომჯარია ირწმუნება, მას კარგად ახსოვს 2010 წლის არჩევნები და მიაჩნია, რომ ამდენი ძალადობრივი დაპირისპირება პარტიის აქტივისტებს შორის არ ყოფილა - „არ ყოფილა ამდენი ჩაშლის მცდელობა კამპანიური ხასიათის შემთხვევების. ეს არჩევნები უფრო მეტად გავს 2010 წლის არჩევნებს, ვიდრე სხვა არჩევნებს, იმავე 2012 წლის თუ 2013 წლის არჩევნებს“.

პარალელურად, აქტიურობენ ნაციონალებიც. ისინი ე.წ.კარუსელების ფაქტებზე საუბრობენ და ავიწყდებათ მათ დროს აპრობირებული საარჩევნო ყუთების გატაცებები, კარუსელები, უბნის კოორდინატორების უნიკალური „ინსტიტუტი“ და ოპოზიციონერთა მიმართ საარჩევნოდ გამოწერილი ცემა-ტყეპა. ნაციონალები დღეს აცხადებენ, რომ ამ ხელისუფლებამ ქუთაისში „კარუსელის“ ტრიალი დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზას მიმართავს და დაფიქსირებულია უკვე მარკირებული ამომრჩევლების განმეორებითი მონაწილეობა.

ამ ფონზე საინტერესოა საქართველოში ამერიკის ელჩის-რიჩარდ ნორლანდის განცხადება: „ჯერჯერობით, ჩვენი ჯგუფებისგან გვესმის, რომ არჩევნები საკმაოდ ნორმალურად მიმდინარეობს“... „ვაფასებთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჰოლანდიელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ვიაროთ. სადამკვირვებლო ჯგუფები გაგზავნილი გვყავს მთელ საქართველოში, ისე, როგორც წინა არჩევნებისას“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ „დამკვიდრდა ცივილური არჩევნების ჩატარების ფორმა - მკვდარი სულების და კარუსელების გარეშე“.

რატომ ცდილობს არასამთავრობოების ნაწილი, ახლანდელი არჩევნები 2010 წლის არჩევნებს გაუთანაბროს?! რატომ არ აქტიურობდნენ ისინი მაშინ, როცა ნაციონალების მიერ ჩვენი ამომრჩევლის არჩევანი არაერთხელ შებღალულა?!

ექსპერტ გია ხუხაშვილ არ მოსწონს, როცა არასამთავრობოები დროზე ადრე აკეთებენ განცხადებას, რადგან არასამთავრობოებსაც და ნებისმიერ ადამიანსაც მეტი პასუხისმგებლობა და კვალიფიციურობა მართებს. მისი თქმით, ჯერ არჩევნები არ დასრულდებულა, ყველა საჩივარი არ შესწავლილა და ამ დროს ვიღაცები წინმსწრებად განცხადებას აკეთებენ ტელევიზიით.

„ქვეყანაში არაფერიც რომ არ ხდებოდეს, პროპაგანდას შეუძლია, ისეთი სურათი დახატოს, თითქოსდა, ომია. აქედან გამომდინარე, არ არის მაინცდამაინც სერიოზული ყველაფერზე „კომპეტენტური“ დასკვნის დადება. ჯობია, ეს არასამთავრობოები დაელოდონ, რა საჩივრები იქნება, შეისწავლონ ვითარება და ხვალ ან დღეს მოგვიანებით გააკეთონ განცხადებები. ცხადია, ვიზიარებ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რადგან არასამთავრობოების ე.წ. მსუბუქი განცხადებები უკვე სხვა ასოციაციებს აჩენს. თუ არასამთავრობოები ნაციონალების დროს ასე მკვეთრად არ გამოხატავდნენ პოზიციას და დღეს გამოხატავენ, ეს კარგია. არ მინდა მათ ვუსაყვედურო, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ ამ ადამიანებს, შეიძლება, მაშინ სხვანაირად უყურებდნენ პროცესებს, ახლა ნაკლებად ეშინიათ, ნაკლებად კონფორმისტები არიან, უფრო ღიად გამოთქვამენ აზრებს, ეს ამ ხელისუფლების მიღწევაა. ასეც უნდა იყოს, მთავარია, არ დაკარგონ ობიექტურობა და მეორე უკიდურესობაში არ გადავარდნენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ცდებოდა, როცა იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდა ნაციონალებს, ვიდრე ისინი იმსახურებდნენ. მაშინ, როცა მათი იგნორირება სწორი იარაღი იქნებოდა და „დღეს ნაცების ბუნდღა აღარ იარსებებდა“.

„პოლიტტექნოლოგიურად, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სჭირდება მტრის ხატი იმისთვის, რომ პლუსები აჩვენოს და პოლიტიკურ არენაზე მესამე ძალის გამოჩენისას პრევენცია მოახდინოს. პოლიტიკაში არის ხოლმე ასეთი თამაში. თუ ვიღაცა ამ პოლარიზაციით ცდილობს, წონა შეინარჩუნოს პოლიტიკურ ველზე, ეს შეცდომა და დანაშაულია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მობეზრდა ეს თამაშები. არჩევნების წინ, შევარდნაძე და ასლან აბაშიძე ერთმანეთთან ოპონირებას ძალიან მაღალ დონეზე იწყებდნენ. ეს იყო თამაში. არჩევნების შემდეგ კი ისევ ტკბილად იყვნენ. ურთიერთგინების ეს თამაში მიმდინარეობს იმისთვის, რომ მესამე ძალა აღარ დაუშვან პოლიტიკურ ველზე. დიდი იმედი მაქვს, ეს ახლა არ ხდება“.

ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე For.ge-სთან საუბრისას მიიჩნევს, რომ ახლანდელი არჩევნები ძალიან კარგად ტარდება და არასამთავრიბოებმა უნდა გაიხსენონ, რა ხდებოდა საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ადგილობრივ არჩევნებზე, როცა მაღაზიები იწვებოდა. ასეთივე ვითარება იყო ადგილობრივ არჩევნებზე სომხეთში, აზერბაიჯანში.

„აჯობებს, არასამთავრობოებმა თავიანთი საქმე გააკეთონ. „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, საპრეზიდენტო არჩევნებისას თავიდანვე ცხადი იყო, ვინც გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი. ახლა კი ასე არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი- 1500 კაცი უნდა ავირჩიოთ, ამიტომ დატვირთვა სულ სხვა აქვს ამ არჩევნებს. არასამთავრობოები არასამართლიან განცხადებებს აკეთებენ. მე მგონი, საქართველოს მაგალითზე ეს არჩევნები სამაგალითოა, ასეთი არჩევნები საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ეს არჩევნები რომ კარგია, დაადასტურა სამმა ელჩმაც. არასამთავრობოები თვლიან, რომ ყოველთვის მთავრობის ოპოზიციაში უნდა იყვნენ. ამაში ხედავენ თავის ფუნქციას, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია არის ნაცმოძრაობა, ამიტომ მათი ხმა უნისონშია. ადრე არასამთავრობოები არ აკეთებდნენ ასეთ განცხადებას, რადგან ეშინოდათ. ახლა არ ეშინიათ. თუნდაც ამის გამო მადლობა უნდა უთხრან „ოცნებას“, რომ შიში აღარ აქვთ. არასამთავრობოები ამას ორი წლის წინ ვერ გაბედავდნენ“, - აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.