რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებები განახორციელდა. კერძოდ, საუბარია ტელეკომპანიის დირექტორის რევაზ საყევარიშვილის, გენერალური პროდიუსერის გიორგი ბახტურიძის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლის ბაია ცანავას საკადრო გადაადგილებებზე.
For.ge-მ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება უშულაოდ დასახელებულ პირებთან სცადა, თუმცა, მათთან სატელეფონო კავშირი ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც მათ და არც ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებმა არ უპასუხეს.
For.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბაია ცანავას, რევაზ საყევარიშვილისა და გიორგი ბახტურიძისთვის თანამდებობების შეცვლა არხის მფლობელებმა გადაწყვიტეს. წყაროს ინფორმაციით, პატარკაციშვილის ოჯახმა ტელევიზიაში ცვლილებების გადაწყვეტილება ფინანსური პოლიტიკიდან გამომდინარე გადაწყვიტა და ოჯახი სამივე დასახელებული პირის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში გადაყვანას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საინფორმაციო პოლიტიკის უშუალოდ განსაზღვრა არ შეეძლებათ, ხელფასს კი სოლიდურს მიიღებენ. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა, საკადრო გადაადგილებას სხვა მიზეზი ჰქონდეს.
წყაროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო გადაადგილებაზე საუბარი დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცანავას, ბახტურიძისა და საყევარიშვილის მიერ თანამდებობების დატოვება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ეგზიტპოლების გამოქვეყნებას უკავშირდება.