„მთავარი იმედგაცრუებაა, რომ არანაირი არჩევნების შედეგები ხალხს სიკეთეს არ მოუტანს“

„მთავარი იმედგაცრუებაა, რომ არანაირი არჩევნების შედეგები ხალხს სიკეთეს არ მოუტანს“

ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას გამარჯვება მიულოცა. მან აღნიშნა, რომ თბილისში გამარჯვება მოიპოვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ და ეს არის იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ყველამ ერთად მოისმინა 8 საათზე. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ეგზიტპოლის შედეგები იგულისხმა.

მისივე და, ასევე, ეგზიტპოლის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მიკროფონი დავით ნარმანიას დაუთმო და იგი მოიხსენია, როგორც „თბილისის მერი“.

დავით ნარმანიამ 50%-იანი ბარიერი გადალახა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, თუმცა „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის შედეგებით, ნარმანიამ მხოლოდ 46.3% მიიღო. ამიტომ „რუსთავი 2“-ის თანახმად, თბილისში მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან თბილისის მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ თბილისელების გულის მოგება არც ისე იოლი აღმოჩნდა. 20. 00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 485 372-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.31 %-ია.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, 17.00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა იყო რაჭა-ლეჩხუმში 52.8%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირებულია თბილისში და 29.3% შეადგენს.

თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობა ყველაზე მაღალია დიდუბის საარჩევნო ოლქში, რაც 33,2%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა სამგორში, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 27%-ს შეადგენს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არჩევნებისადმი თბილისელთა შედარებით გულგრილ დამოკიდებულებას მათ პასიურ პროტესტს უკავშირებს. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ასეა - არჩევნებზე არ მიდიან მაშინ, როცა ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს და სჯერა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მათი კეთილდღეობა მაინც არ შეიცვლება (ასე ხდება ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში). თუმცა არის მეორე შემთხვევაც, ხალხი არ მიდის არჩევნებზე იქ, სადაც ძალიან ცუდად ცხოვრობს. მათაც სჯერათ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მათი ცუდი ცხოვრება არ შეიცვლება.

„პასიური პროტესტი ძალიან ცუდია, რადგან ასეთ ქვეყანაში ჭირს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, ამას მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს. თბილისელთა პასიურობას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. თბილისელები ცოტა ხორკლიანი საზოგადოებაა და სააკაშვილსაც უმწარებდნენ არჩევნებს. ამიტომ თავსმოხვეულ, დანიშნულ მერობის კანდიდატს არ სწყალობენ.

ხალხის დაბალ აქტიურობას ნარმანია უნდა უმადლოდეს მხოლოდ ივანიშვილს, სხვას არავის. გარდა ამისა, ყველა თბილისელი ერთნაირად მაინც არ აზროვნებს. მაგალითად, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირველი თაობის თბილისელია, მეოთხე თუ მეხუთე. თუმცა თბილისელთა ძველი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელი თვლის, რომ თბილისი იმსახურებს იმას, რომ ადგილობრივი მერი ჰყავდეს. აქ დღემდე შემორჩენილია ძველი მენტალობა. ისტორიულად, სულ სომხები იყვნენ თბილისის მერები. მთავარი მაინც ის იმედგაცრუებაა, რომ არანაირი არჩევნების შედეგები ხალხს სიკეთეს არ მოუტანს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ეჭვობს, მეორე ტური დაინიშნოს, რადგან აბსენტიზმი, ე.ი. არმისვლა არჩევნებზე, მოქმედებს არა მხოლოდ ნარმანიას საწინააღმდეგოდ, არამედ - ოპოზიციის საწინააღმდეგოდაც.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა „არა“-ს სასარგებლოდ. მაშინდელი დაბალი აქტივობა განპირობებული იყო იმით, რომ მოსახლეობამ ყველას უთხრა „არა“. არჩილ გამზარდია სწორედ ამ პოზიციას ინარჩუნებს დღესაც. მისი აზრით, თბილისელთა პასიურობა - ეს არის საზოგადოების მხრიდან „არა“-ს თქმა ყველა კანდიდატის მიმართ.

„ამ არჩევნებში იყო კატეგორია, რომელიც მიდიოდა და ყველა კანდიდატს ხაზავდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათი ხმა არ ითვლებოდა და ის ბიულეტენები უბრალოდ ბათილდებოდა. ამიტომ მათი პროტესტის ხმაც არ ფიქსირდებოდა. თბილისელთა უმრავლესობის არწასვლით გამოხატული პროტესტი ლოგიკურია. ეს იყო იმედგაცრუებული საზოგადოების წინააპათიური რეაქცია. მათ პროტესტი უჩნდებათ ყველას მიმართ და ეს არ არის პროტესტის ენერგიული ფორმა. როგორც წესი, ენერგიული პროტესტი მაშინ ჩნდება, როცა არსებობს მხარე, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენი საზოგადოება კი არმისვლით ამბობს, რომ არსებულ რეალობაში მხარდაჭერას არავის უცხადებს“, - გვითხრა არჩილ გამზარდიამ.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმს, მისი თქმით, ასეთი რეგიონები მცირე რაოდენობის მოსახლეობითაა დასახლებული, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და კოლექტივიზმი ძალზე მაღალია, რის გამოც ლოგიკურია, რომ არჩევნებში აქტივობის ხარისხი მაღალია. თანაც, რაჭა-ლეჩხუმის ამომრჩეველთა მაჩვენებელი პროცენტულია და არა - რაოდენობრივი, მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.

ერთადერთი პროგრესული ელემენტი, რაც შეიძლება ამ არჩევნებს მოყვეს, არჩილ გამზარდიას აზრით, ისაა, რომ მეორე ტური გაიმართოს, სადაც საზოგადოება აჩვენებს, რომ ასე მარტივად არ ირჩევენ ლიდერებს. მისი თქმით, არჩევნებზე ისედაც საზოგადოების მესამედი მიდის და იქიდან კიდევ ნახევარიც არ ირჩევს სასურველ სუბიექტს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი კარგად უნდა დაფიქრდეს.