„SOS!!!!! ადამიანებო, არ მოიხმაროთ ეგრეთ წოდებული „მიწა“, უმძიმესი შედეგი შეიძლება დადგეს - უეცარი სიკვდილი. განსაკუთრებულად ბავშვებს ვაფრთხილებ“, - ამ სიტყვებით მიმართა მოქალაქეებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ექიმმა-ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ.
მან პირველმა შეატყობინა საზოგადოებას სამწუხარო რეალობა, რომ თბილისში ე.წ „ბიოს“ სახელით ახალი ნარკოტიკული ნივთიერება „მიწა“ გავრცელდა. სინამდვილეში, „მიწა“ არის ნარკოტიკი, რომლის ანალოგსაც მსოფლიოს ექიმები არ იცნობენ. იგი კატასტროფულ შედეგს იწვევს. ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები მას იმ ადგილებში ეძებენ, სადაც ძალოვანების მიერ ნარკოტიკი ნადგურდება და ნიადაგში ირევა.
კონკრეტულად, მომხმარებლები ამ მიწას იღებენ და თრობისთვის იყენებენ. მით უმეტეს, ასეთი ადგილები დაუცველია და ამ სახის ნარკოტიკზე წვდომა უფასოდ შეიძლება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, მარტო მიწას კი არ იყენებენ თრობისთის, არამედ ნარკომომხმარებლებისთვის ამ ტერიტორიიდან აღებულ თითოეულ ქვასაც კი მნიშვნელობა ენიჭება. ისინი ამ ქვებს აცლიან მათთვის სასურველი მიწის მასას, რომელსაც, ასევე, ნარკოტიკული თრობისთვის იყებებენ. მიწის გასათხრელად საჭირო იარაღები კი, როგორც წესი, ამ ობიექტების გარშემო ყრია.
ექიმი-ნარკოლოგის ზურაბ სიხარულიძის თქმით, ვიღაცამ მიაგნო ადგილს, სადაც დაწვეს ნარკოტიკი და იქიდან მიწა ტომრებით წამოიღეს, დაამუშავეს და ახლა ასაღებენ, როგორც „ბიოს“. მისი მოწევა კომას იწვევს, თუმცა კომა ყველაზე იოლი გამოსავალია.
ამ რამდენიმე დღის წინ ზურაბ სიხარულიძესთან მშობლებმა 18 წლის მოზარდი მიიყვანეს, რომელიც „მიწის“ მოწევიდან რამდენიმე საათის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ერკვეოდა დროსა და სივრცეში და არც მშობელმა იცოდა, რა ხდებოდა შვილის თავს.
ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია მიიჩნევს, რომ „მიწით“ ნარკოტიკული თრობის დაწყება ბაზარზე ე.წ. „კრაკადილისა“ და „ბიოს“ გაქრობამ გამოიწვია. ამიტომ, თუ სასწრაფო ზომები არ გატარდება, სურათი უმძიმესი იქნება. „მსოფლიოში ასეთი რამ ცნობილი არ არის, ჩვენი ნარკომომხმარებლები ყველაზე უფრო „გამომგონებლები“ არიან“, - აცხადებს დავით ვადაჭკორია.
თავის მხრივ, შსს-ში განმარტავენ, რომ პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკები ქიმიურად დამუშავების შემდეგ ნადგურდება, რაც მის გამოყენებას გამორიცხავს. თუმცა ერთიცაა, აკრძალული პრეპარატების გამანადგურებელ სტრუქტურებს საქართველოს კანონი არ ავალდებულებს, ასეთი ადგილები მუდმივი დაცვის ქვეშ იყოს.
როგორც ჩანს, ნარკომომხმარებლები ინტერესით აკვირდებიან უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების განადგურების პროცესს. წესისამებრ, სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ და ეს მისია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილ მუდმივმოქმედ კომისიას აკისრია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი-ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის განადგურება. აქ შეიძლება იყოს როგორც „ბიო“, ისე ჰეროინი და ნებისმიერი სხვა ნარკოტიკი, რაც კი გამოიყენება. თუმცა ნარკოტიკის ნაწილი ცეცხლის წაკიდების შემდეგ ნადგურდება, ნაწილი კი არ ნადგურდება, რადგან ისეთი ქიმიური ნივთიერებებიც არსებობს, რომლებიც არ იწვის.
„რომელიღაც ქიმიურ ფორმულას ერთი სახის მოქმედება აქვს. თუ მას გავაცხელებთ, გავახურებთ, ეს ფორმულა იშლება და შეიძლება ბევრად უფრო მომწამვლელი გახდეს, ვიდრე მთლიანი ფორმულა. ნარკოტიკ „მიწის“ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ერთმანეთშია არეული, რაც სახიფათოა და შედეგიც მძიმედ დგება. ცხადია, მათი ერთად მოქმედება ბევრად უფრო მომწამვლელია, ვიდრე -ცალ-ცალკე. მოსალოდნელია ლეტალური შედეგიც. ყველა უბედურება შეიძლება მოხდეს, რაც ნარკოტიკის რაოდენობაზეა დამოკიდებული. უცხოეთშიც ამავე მეთოდით წვავენ ნარკოტიკს, მაგრამ იქ არავის ამისთანა იდეა არ მოსვლია. ვინ იფიქრებდა ასეთ რამეს? ამიტომაც სპეციალური ღონისძიებები არ იყო წინასწარ დაგეგმილი. საქართველოში კი ვიღაცამ მოიფიქრა, რომ ის მიწა თუ ნაცარი, რომელიც დაშლის შედეგად წარმოიქმნა, გამოეყენებინა. ვინც ეს გააკეთა, ფაქტობრივად, გაწირა ხალხი სიკვდილისთვის“, - აცხადებს გელა ლეჟავა.
ამასთან მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ შსს იმ ადგილებში დააყენებს თავის წარმომადგენლებს, სადაც ნარკოტიკების უტილიზაცია მიმდინარეობს, ასევე, სასურველია, ამ მიწის ბულდოზერით დამუშავება.
თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ლია კირვალიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად არ ჰყოლია პაციენტი, რომელიც „მიწას“ მოიხმარდა, მაგრამ სმენია ამ ნარკოტიკის ტოქსიკურობის შესახებ ქიმიური თვალსაზრისით, რაც სახიფათოა მოხმარებისთვის.
„სასიკვდილო შედეგიც გამოუწვევია ამ ნარკოტიკის მოხმარებას. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღება აუცილებელი იქნება. ასეთი ადგილები განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს, რომ ხელმისაწვდომი არ გახდეს. ალბათ, რეგიონალური, გეოგრაფიული პრინციპით უნდა შეირჩეს ეს ადგილები, სადაც ნარკოტიკი უნდა დაიწვას. კახეთის რეგიონში შეიძლება ასეთი ორი ან სამი ადგილი იყოს. მაგალითად, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ახმეტისთვის ერთი ადგილი საკმარისია, ლაგოდეხი მაინც სხვა მხარესაა და ნარკოტიკების დაწვის მიზნით მეორე ადგილი უნდა გამოიყოს, მესამე კი- ქიზიყისა და დედოფლისწყაროსთვის საკმარისია“, - აცხადებს ლია კირვალიძე.
რაც შეეხება ე.წ. „მიწას“, როგორც ნარკოტიკს, ლია კირვალიძის თქმით, პრობლემას ისიც ართულებს, რომ სამართალდამცავები ქიმიური საშუალებით ამუშავებენ უკვე დამწვარ ნარკოტიკებს, ამიტომ ესეც დამატებითი ტოქსიკური ნივთიერების წყაროა.