„ჩხორჰესის“ ყოფილი დირექტორი ხელს როლანდ ახალაიას ადებს

„ჩხორჰესის“ ყოფილი დირექტორი ხელს როლანდ ახალაიას ადებს

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ჩხოროწყუში პირად საკუთრებაში არსებული ჰესი, წინა ხელისუფლებამ სამეგრელოს მაშინდელი პროკურორის, როლანდ ახალაიას მეშვეობით დაათმობინა, რადგან მისივე ახლობელი, ჰესის ხელმძღვანელი დიმიტრი ყიფიანი დააკავეს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურორმა, როლანდ ახალაიამ მოსთხოვა ჰესი სახელმწიფოსთვის გადაეცა და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებდნენ პატიმრობიდან დიმიტრი ყიფიანს.

„დამირეკეს გენპროკურატურიდან და მითხრეს, რომ უნდა ჩავსულიყავი ზუგდიდიში, ვიღაც პროკურორთან, სადაც უნდა გამერკვია ჰესის საკითხი. ვუთხარი, რა შუაშია ზუგდიდი და ზუგდიდელი პროკურორი, ახალი გამოსული ვიყავი ციხიდან, მოვალ თქვენთან და ადგილზე მითხარით, რაც გინდათ-მეთქი. ჩავედი ზუგდიდიში და აღმოჩნდა, რომ ჰესის ხელმძღვანელი, ჩვენი ახლობელი დიმიტრი ყიფიანი ყავდათ დაკავებული. ჩავედი თუ არა ზუგდიდში, იქ დამხვდა მელოტი, კბილებგადახეხილი ადამიანი, როგორც შემდგომ შევიტყვე, ეს იყო როლანდ ახალაია. თუმცა, იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი იყვნენ ახალაიები.

როლანდ ახალაიამ მითხრა, მართალია შენ შეიძინე ეს ჰესი, მაგრამ სახელმწიფოს უნდა გადასცეო. ამაზე ვუთხარი, რომ ვერ წამართმევდნენ, რადგანაც მე სხვაზე გადავაფორმე საწარმო და ბანკში ჩავდე გირაოთი. ამაზე ახალაიამ განმიცხადა, ნამდვილად პროფესიონალურად გაქვს დაცულები აქტივები, მაგრამ ეს უნდა დამეთმო, რადგანაც ამის საპირწონედ იდგა ჩემი ოჯახის ახლობელი ადამიანი. ქონების გადაფორმებისთანავე კი ამ ადამიანს გამოუშვებდნენ. ქონება ჩემს სიმამრზე იყო გადაფორმებული, ის მივიდა ეკონომიკის სამინისტროში და ერთ დოლარად გადასცა სახელმწიფოს 500 ათასად ნაყიდი აქციები. მეორე დღეს, დაკავებული ადამიანი გამოუშვეს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

სააქციო საზოგადოება „ჩხორჰესის“ ყოფილი დირექტორი დიმიტრი ყიფიანი, დეტალურად საუბრობს ყოფილი ხელისუფლების იმ კორუფციულ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს სამეგრელოში, მის საკუთრებაში არსებული „ჩხორჰესი“ როლანდ ახალაიამ სიმბოლურ ფასად 1 დოლარად დაათმობინა. 

For.ge. დიმიტრი ყიფიანს ესაუბრა.

ბატონო დიმიტრი, როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს ხელში ჩხორჰესი, რომლის გენერალური დირექტორიც თქვენ იყავით?

- სააქციო საზოგადოების მიერ, რომლის მესაკუთრეც გიორგი კაპანაძე გახლდათ, პრივიტიზაციის შედეგად შეძენილი იქნა „ჩხორჰესი“, რომელიც იმ პერიოდში გაჩერებული იყო. პირობად ახლდა საინვესტიციო ვალდებულება, დაახლოებით ნახევარ მილიონამდე. ეს ვალდებულებები განხორციელდა - სათავე ნაგებობის აღდგენა, სამკილომეტრიანი არხის აღდგენა და რეაბილიტაცია. პრაქტიკულად, უნდა დაგვეწყო მუშაობა, შევსულვიყავით ქსელში, ენერგოკომპანიასთან ხელშეკრულებები უკვე გამზადებული იყო და ამ დროს დამიბარეს პროკურატურაში. რადგან მე ვიყავი სააქციო საზოგადოება „ჩხორჰესის“ დირექტორი.

თუმცა, ამას წინ უძღოდა მაკონტროლებლების შემოსვლა ობიექტზე...

- დიახ, შემოვიდა მაკონტროლებელი ორგანო და დაიწყო მიზეზების ძიება. თითქოს ზეთის შეძენის დროს არასწორად გვქონდა შედგენილი დოკუმენტაცია, რაც იყო სრული აბსურდი. შეადგინეს დოკუმენტები, რომელიც გადასცეს პროკურატურას და პროკურატურამ კი აბსურდული ბრალი შექმნა, ვითომ ანგარიშფაქტურის გაყალბება. ამის მერე მირეკავენ პროკურატურიდან და მიბარებენ ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში. გამომძიებელს ვესაუბრე ტელეფონით, ავუხსენი, რომ ოჯახური პირობების გამო ვერ ვახარეხებდი ჩასვლას.

ცოტა ხანში, ოჯახში შემომივარდა 30 შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანი, შექმნეს ისეთი ვითარება, რომ თითქოს, სპეცოპერაციის შედეგად მოხდა მოხდა ჩემი დაკავება. თბილისიდან გადმომიყვანეს ზუგდიდის მე-4 დაწესებულების საპყრობილეში, სადაც დაახლოებით 10 დღე ვიყავი.

განგიმარტეს რატომ დაგაკავეს?

- მაჩვენეს რაღაცა საბუთი, რომ თითქოს დაბარებული ვიყავი უშიშროების სამინისტროში. სახლიდან რომ გამიყვანა სპეცრაზმმა, დავინახე, რომ კიბეებზე სპეცრაზმი იდგა, ეზოშიც სპეცრაზმი იყო, რამდენი იყვნენ ვერ გეტყვით. მანქანაში რომ ჩამსვეს არავის უთქვამს რა ხდებოდა, ან თვითონ ვინ იყვნენ. საპყრობილეში რომ გადამიყვანეს ჩემთან არავინ მოსულა. კომუნიკაცია გიორგი კაპანაძესთან დაამყარეს, ის ჩაერთო საქმეში. ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ მას უნდა დაეთმო ამ ჰესის აქციები. გიორგიმ გადაუფორმა აქციები, რომელიც მისი სიმამრის სახელზე იყო გაფორმებული. როგორც კი სახელმწიფოს გადასცა აქციები, მეორე დღესვე მეც გამომიშვეს.

ვინ აწარმოებდა კაპანაძესთან მოლაპარაკებას?

- გიორგი კაპანაძესთან, ქონების დათმობაზე, ხელისუფლების სახელით, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს. როლანდ ახალაიამ უთხრა გიორგის - თუ არ გადააფორმებ სახელმწიფოს სახელეზე აქციებს, მე ვიქნებოდი საპყრობილეში და მახეხინებდა კედლებს. როგორც გითხარით, გიორგი იძულებული გახდა საკუთარი ქონება დაეთმო და გადაეფორმებინა მათთვის.

თუმცა, მაშინ დაკავების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა თქვენი კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტთან, შაქრო კალაშოვთან და ნუგზარ შევარდნაძესთან, და, რომ თქვენ იყავით ენერგო მაფიის წევრი...

- სხვათა შორის, რომ დამაკავეს, მეორე დღეს ამიყვანეს გამომძიებლის ოთახში და მაყურებინეს 12 საათიანი კურიერისთვის, პირველ ნიუსად გავიდა ეს ამბავი, რომ აი, აიყვანეს ნუგზარ შევარდნაძის და შაქრო კალაშოვის დანაშაუალებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, თითქოს, ხელში ჩავიგდეთ ჰესი და ენერგო მაფიის წევრად გამომაცხადეს. საოცრება იყო, მეცინებოდა მაშინც ამაზე და ახლაც მეცინება.

გქონდათ მათთან შეხება?

- თვალითაც არ მინახავს არც ერთი და არც მეორე. არც პიროვნული და არც სამსახურეობრივი შეხება მათთან არ მქონია. პიარისთვის სჭირდებოდათ და იმიტომ მომიხსენიეს როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. ამიყვანეს სახელმწიფო ადვოკატი და ერთადერთი, რაც დაკითხვაზე მითხრეს, იყო ის, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამ თემაზე, ანუ - გაცვლაზე.

პატიმრობის პერიოდში როლანდ ახალაია შეგხვდათ?

- საბრალდებო დასკვანს, როგორც მახსოვს, როლანდ ახალაია აწერდა ხელს. მაშინ ახალაია იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურორი. მე მასთან შეხვედრა არ მქონია, გამომძიებელთან მქონდა მხოლოდ ორი შეხვედრა. პირველად, როდესაც „კურიერის“ კადრები მანახა და მეორედ, როდესაც მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო გარიგებაზე და, რომ ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ გიორგი კაპანაძეს უნდა დაეთმო ჰესის აქციები.

იმ პერიოდში, როდესაც იყავით საპყრობილეში, თქვენზე ზეწოლა იყო?

- არა. საპყრობილეში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა, რადან გიორგი პირველივე დაძახილზე გამოეხმაურა როლანდ ახალაიას. ის მზად იყო, რომ ჩემს სანაცვლოდ ეს ოპერაცია ჩატარებულიყო. ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ეს ჰესი, როგორც ვიცი, მოგვიანებით კერძო კომპანიაზე გასხვისდა. ფაქტია, რომ პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ - მე დამაკავეს და სანაცვლოდ, მეპატრონე იძულებული გახადეს, რომ დაეთმო აქციები სახელმწიფოსთვის, რომელმაც მერე ეს აქციები გაასხვისა. ეს ყველაფერი თავიდანვე იყო დაგეგმილი. ჰესის ინტერესი ჰქონდათ.

თქვენი ინფორმაციით ახალაიას გიორგი კაპანაძესთან რამე პირადული ჰქონდა? ფაქტია, რომ თქვენი თავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვა აქციების დათმობა...

- როლან ახალაიას რამე პირადული ჰქონდა თუ არა გიორგი კაპანაძესთან, ეს ჩემთვის უცნობია. ფაქტია, რომ ეს შედეგი დადგა. ფაქტია, მე ვიყავი დაკავებული იმ მოტივით, რომ ჰესი ჩაეგდოთ ხელში. არც ერთი სიტყვა არაა მოგონილი, რასაც ვამბობ ეს არის ფაქტი.

ხომ არ აპირებთ მიმართოთ პროკურატურას, თუნდაც იმისთვის, რომ ჰესი ისევ გადმოვიდეს თქვენს მფლობელობაში?

- ამ ეტაპზე ამაზე არც მიფიქრია. იცით, რომ მეპატრონე იყო გიორგი კაპანაძე და მისი გადასაწყვეტია მოითხოვს თუ არა აქტივების დაბრუნებას.

გიორგი კაპანაძემ დღეს რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ ესაუბრა ამ ფაქტებზე. ნაციონალურმა მოძრაობამ მას უწოდა თაღლითი, ჩამშვები ა.შ.

- აბა რას იზამდნენ ნაციონალები, აღიარებდნენ იმ უკანონობას რაც ჩაიდინეს? წესით, უნდა აღიარონ და ბოდიშიც უნდა მოიხადოს ყველამ ერთად, ვინც დაასახელა გიორგიმ. მე ვსაუბრობ ფაქტებზე. მათი განცხადება კომენტარსაც არ საჭიროებს, თავის მართლების პოზიციაში არიან ახლა ჩამდგარი.