ქართულ სადაზღვევო ბაზარზე „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ლიდერობს

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ლიდერობს

2014 წლის 1-ელი კვარტლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების გარეშე მოზიდული პრემიების ოდენობის მიხედვით ქართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია „ჯი პი აი ჰოლდინგს“ უჭირავს. 24 747 774 ლარი - სწორედ, ამ ციფრით განისაზღვრა სადაზღვევო კომპანიის მიერ დროის მითითებულ პერიოდში მოზიდული პრემია. მეორე ადგილზე „ალდაგი ბისიაია“ – 23 551 613 ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „ირაო“ იკავებს, აღნიშნული კომპანიის მიერ მოზიდული პრემიების ოდენობა პირველ კვარტალში 7 115 402 ლარს შეადგენს. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ირაო“ „ვენის სადაზღვევო ჯგუფში“ შემავალი კომაპნიები არიან.

კომპანია „ჯი პი აი-ს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი for.ge-სთან განმარტავს, რომ მოზიდული პრემიების მიხედვით ლიდერობა კომპანიისთვის უცხო არ არის.

„წლიური შედეგებით ჩვენ 2006 და 2011 წელს ვიყავით ბაზარზე ლიდერები, ანუ მოზიდული პრემიების მიხედვით პირველ ადგილს ვიკავებდით. ამჯერად, პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამების გარეშე ვართ ლიდერები. ასევე აღსანიშნავია ის, რომ „ირაო“ მესამე ადგილზეა და სულ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ბაზარზე „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არის უპირობო ლიდერი“, - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მოზიდული პრემიების მაჩვენებლის ზრდა მათ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პოპულარულ პროდუქტებს უკავშირდება.

„ავტოდაზღვევაში, 40%-იანი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით, ასევე ზრდა აღინიშნა ინდივიდუალური და კერძო მიმართულებით ჯანმრთელობის დაზღვევაში. ახალი რეალობის გათვალისწინებით ახალი პროდუქტი შემოვიტანეთ რამდენიმე თვის წინ და ძალიან ვაქტიურობთ საცალო ბაზარზე.

ჯანმრთელობის დაზღვევას რაც შეეხება, საყოველთაო დაზღვევაში ჩართულ ხალხს ჩვენ ვთავაზობთ, ხელმისაწვდომ ფასად გაიუმჯობესონ სადაზღვევო პირობები, კონკრეტულად კი ვთავაზობთ ისეთი მომსახურების დაფინანსებას, რასაც არ აფინანსებს სახელმწიფო. ესაა სტომატოლოგია, დიაგნოსტიკა, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტების დაფინანსება და მაღალი ლიმიტები. ცხადია, გვაქვს კორპორაციული მიმართულებაც - კონკურენტული პირობებით“, - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი და აღნიშნავს, რომ ავტოდაზღვევაში ლიდერი პოზიცია კომპანიამ იმის გამოც მოიპოვა, რომ კლიენტს მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად, კონკურენტი სადაზღვევო კომპანიებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ტიპის უპირატესობებს და ბონუსებს სთავაზობენ.

„ეს არის ანაზღაურების მკაცრად განსაზღვრული ვადები და პროცედურები, მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და მოქნილი სისტემა. მცირე ზარალს ადგილზე ვანაზღაურებთ. მცირე ზარალები კი მთლიანი ზარალის დიდ ნაწილს შეადგენს“, - აცხადებს „ჯიპიაი-ს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.

კომპანია წარმატებებს რამდენიმე თვის წინ „რექსის“ პერსონაჟის მონაწილეობით წარმოებულ სარეკლამო კამპანიას უკავშირებს. „ჯიპიაი“-ში განმარტავენ, რომ „რექსის“ დახმარებით დაზღვევის სფერო მომხმარებლის გონებაში უფრო აქტუალური გახდა, რადგან „რექსიმ“ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტები მომხმარებლამდე მკაფიოდ მიიტანა.