გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის მუზეუმიდან ოგიუსტ როდენის ნამუშევარი მოიპარეს. კრიმინალთა ვინაობა დადგენილი არ არის და სამართალდამცველები ხელოვნების მოყვარულთათვის ჯერჯერობით სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ. როდენის ნამუშევრები ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფასეულ ხელოვნების ნიმუშებად ითვლება.
1929 წლის 29 ნოემბერს, ამერიკაში, კერძოდ ფილადელფიაში როდენის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი წარმოადგენს თეატრისა და კინოს მაგნატის, მასტმაუმის საჩუქარს ქალაქ ფილადელფიისათვის. მასტმაუმი 1923 წლიდან აგროვებდა როდენის ნამუშევრებს, იმ მიზნით, რომ მუზეუმი შეექმნა და თანამოქალაქეები გაემდიდრებინა. სამი წლის განმავლობაში მან თავი მოუყარა როდენის ნამუშევრების უმდიდრეს კოლექციას, რომელიც მოიცავდა: ბრინჯაოს ქანდაკებებს, თაბაშირის ესკიზებს, ჩანახატებს, გამოცემებს, წერილებს და წიგნებს.
1926 წელს მასტმაუმმა ფრანგ არქიტექტორებს პაულ კრეტსა და ჟაკ გრებერს მუზეუმის შენობისა და ბაღის დიზაინი დაუკვეთა. ქველმოქმედი კოლექციონერი ვერ მოესწრო ოცნების ახდენას და მუზეუმის ხილვას. მისი ოცნება სისრულეში მისმა ცოლმა მოიყვანა და 1929 წლის 29 ნოემბერს მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში დაცულია ოგიუსტ როდენის განთქმული ნამუშევრები: მოაზროვნე, რომელიც განთავსებულია მუზეუმის ეზოში. მუზეუმის შესასვლელშია ჯოჯოხეთის კარიბჭე. ეს არის 5.5მ სიმაღლის ბრინჯაოს კარი, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის შესავლელისათვის, რომელიც უნდა ყოფილიყო პარიზში, მაგრამ იდეა ვერ განხორციელდა. როდენმა 1880 წლიდან თითქმის გარდაცვალებამდე (1917) ამ კარიბჭისათვის 100-ზე მეტი სკულპტურა შექმნა.