ბოლო ერთ თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიის მძლავრი შეტევებია. დარიალის ხეობა ჯერ არ გაწმენდილა, რომ ახლა რიკოთის უღელტეხილი დაიკეტა. რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა ზემო მლეთაშიც. პარალელურად ისეტყვება სხვადასხვა ტერიტორიები. პირწმინდად განადგურდა მოსავალი გორის რაიონის 5 და თეთრიწყარო-წალკის მუნიციპალიტტეტის 5 სოფელში.
მეწყერის ჩამოწოლის გამო, რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი გზის გაწმენდის სამუშაოები განახლდა, თუმცა სამუშაოებს ცუდი ამინდი აფერხებს. გარდა ამისა, მთიდან მიწის ჩამოშლა კიდევ გრძელდება.
12 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე) დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტი, მოძრაობს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.
ასევე გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ზემო მლეთაში. დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან წიკლაურის თქმით, ზემო მლეთაში სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტისა და დუშეთის რაიონის წარმომადგენლები მუშაობენ.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში 2 მსუბუქი ავტომანქანა აღმოჩნდა. მათი მფლობელები არ დაშავებულან. თუმცა, ასე გადაჭრით რაიმეს თქმა მაინც არ შეიძლება იმიტომ, რომ სოფელ ქვემო მლეთაში დაკარგულ 17 წლის გურამ დადიანიძეს ამ დრომდე ეძებენ.
გურამ დადიანიძე ახლობლებთან ერთად ლომისობას წმინდა გიორგის ტაძარში იმყოფებოდა და უკან, ცენტრალურ ტრასამდე მათთან ერთად დაბრუნდა. ახალგაზრდა სოფელ ქვემო მლეთას ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ისინი ექვსნი იყვნენ, ერთად ჩამოვიდნენ ცენტრალურ ტრასამდე და შემდეგ გურამ დადიანიძე სადღაც გაქრა. მის კვალს ვერ მიაგნეს. ჯერ თავად ახლობლები ეძებდნენ და რომ არ გამოჩნდა, ჟინვალის პოლიციის ქვეგანყოფილებას მიმართეს. ამის შემდეგ ახალგაზრდის პოვნის სამუშაოებში დუშეთის სამაშველო სამსახურიც ჩაერთო“, - განაცხადა ქეთევან წიკლაურმა.
როგორც აღვნიშნეთ, მწყერის და მიწის დიდი მასის ჩამოშლის პარალელურად, 3-4 დღეში ერთხელ ისეტყვება სხვადასხვა რაიონის სოფლები. სტიქია უფრო ქართლს უტევს. ივნისის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული ჯერ გორის რაიონი დაისეტყვა, შემედეგ კი თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.
თეთრიწყაროში სეტყვამ ნათესები, ბოსტნეული და ხეხილი გაანადგურა, ხოლო ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა საცხოვრებელ სახლებში შევარდნის საშიშროება შექმნა.
სეტყვის შედეგად წარმოიქმნა თოვლის სახის რამდენიმე სანტიმეტრიანი ნალექი, რომელიც 2 დღე არ დამდნარა. ძლიერი სეტყვის შედეგად ზარალი მიადგა თეთრიწყაროს სოფლების, ჭივჭავის, იფნარას, ალექსეევკას, ირაგას მოსახლეობას და წაკლის რაიონს კიდევ რამდენიმე სოფელს.
გორის რაიონის სოფელ ზერტის მოსახლეობა კი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, ძლიერმა სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა.
სოფელ ზერტში ინტენსიური სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„100%-ით გაფუჭებულია ყველაფერი და ალბათ მთავრობა უნდა დაეხმაროს სოფელს. უმრავლესობას მოვლის საშუალებაც რომ არ ჰქონდა, გამოიტანეს კრედიტები და ყველაფერი განადგურდა. არ ვიცით რითი გადავიხადოთ და რა გავაკეთოთ, მთელი სოფელი ამ დღეშია“, - აცხადებენ სოფელში.
სოფლის რწმუნებულის მოადგილე ლევან მასურაშვილის ინფორმაციით, ზარალს დათვლის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს რა ფორმით დაეხმარება მოსახლეობას.