გარდაბნის თბოელექტროსადგური, შესაძლოა, დათქმულ ვადაზე ადრე აშენდეს

გარდაბნის თბოელექტროსადგური, შესაძლოა, დათქმულ ვადაზე ადრე აშენდეს

გარდაბანში მშენებარე თბოლექტროსადგური შესაძლოა, დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდეს. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მინისტრებმა, თურქმა ინვესტორებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა დაათვალიერეს. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა იანვრიდან დაიწყო. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.

თბოელექტროსადგური კომბინირებული ციკლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზის გარდა ორთქლზეც იმუშავებს და სხვა ტიპის თბოელექტროსადგურებთან შედარებით 55%-ით უფრო ეფექტური იქნება. დღეს ობიექტზე 400 ადამიანია დასაქმებული, მათგან 270 საქართვეოს მოქალაქეა. მომდევნო ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი 600-მდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება და გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაც ეკონომიკური აღმავლობის მაგალითია.

„მშენებლებმა 5 თვეში, პრაქტიკულად, შეუძლებელი შეძლეს. პროექტი სწრაფი ტემპით სრულდება. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ენერგეტიკის დივერსიფიკაციის და დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ეკონომიკის განვითარება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ამ თბოელექტროსადგურში ინერგება, გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ ენერგია, რომელიც ეკონომიკის წინსვლასაც მოხმარდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო პროექტი“, - ასე აფასებს გარდაბნის თბოლექტროსადგურის მშენებლობას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აღნიშნავს, რომ იგი საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია.

„პრაქტიკულად, გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რაც არსებობს ელექტროენერგიის დეფიციტის სახით ზამთრის პერიოდში. დაახლოებით 27 წუთი დასჭირდება ელექტროსისტემის ოპერატორს, რომ სადგური შეიყვანოს სისტემაში. მიმაჩნია, ეს იქნება ენერგოსისტემის მდგრადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პრაქტიკულად, მოვხსნით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელექტროსისტემასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს. შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ დროს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის პერიოდში“, - განმარტავს ირაკლი კოვზანაძე.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ყურადღებას თბოელექტროსადგურის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და მუშაობის პრინციპზე ამახვილებს.

„ორთქლი რომელიც წარმოიშობა გაზის წვის შედეგად გამოყენებულია ორთქლის ტურბინებში და ამ გზით მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის გაორმაგებულია. ეს არის ძალიან ეკონომიური, უახლესი ტექნოლოგიის ნაწარმი, ფაქტობრივად, უკვე ჩამოტანილია ყველა დანადგარი, რომელიც უნდა დამონტაჟდეს. საქართველოს ენერგოსისტემაში 230 მეგავატის ჩართვა მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოების განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გარდა თბოელექტროსადგურებიც სჭირდება. გარდაბნის თბოელექტროსადგური კი მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ფაქტორის გამოა, ის თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

გარდაბნის თბოლექტროსადგუზე მიმდინარე სამუშაოები მთავრობის წევრებთან ერთად თურქული კომპანია „ჩალიკ ენერჯის“ ხელმძღვანელმაც დაათვალიერა. მან ადგილზე ერთგვარი პრეზენტაციაც გამართა და პროექტის წარმატებას გაუსვა ხაზი.

„მთელი გულით ვმუშაობთ ამ პროექტზე. ტურბინები უკვე დავამონტაჟეთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, წლის ბოლოს, დეკემბერში უკვე დასრულდება სამუშაოები. დროზე ადრე დავასრულებთ პროექტს“, - განაცხადა თურქმა ინვესტორმა.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტი 2015 წელს უნდა დასრულდეს. მისი პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია, რომელიც ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.