სიგარეტის მწეველები ფიქრობენ, რომ ელექტრონული სიგარეტი მათი ხსნაა, რაც სიგარეტის დანებებაში ხელს შეუწყობს. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ სპეციალისტები. მათ ელექტრონული სიგარეტის ტოქსიკურობის დონე აშფოთებთ.
პრობლემას ართულებს ისიც, რომ ელექტრონული სიგარეტი ძალზე პოპულარული ხდება თინეიჯერებში, რომელთათვისაც ამ სახის სიგარეტის არქონა „გოიმობას“ უტოლდება.
For.ge-ს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.
თავის დროზე საქართველოს ბაზარზე ელექტრონული სიგარეტის შემოტანა უკანონოდ განხორციელდა. თამბაქოს ნაწარმის ნაცვლად, იგი ელექტრონულ ხელსაწყოდ წარმოაჩინეს. შესაბამისად, თამბაქოსთან დაკავშირებულ გადასახადებსაც არ იხდიდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოგეხსენებათ, თამბაქოს ნაწარმის რეკლამა 2003 წლიდან აკრძალულია, მაგრამ ელექტრონული თამბაქოს შემომტანებმა სხვადასხვა ტელეარხის საშუალებით უკანონო რეკლამის გავრცელება მაინც მოახერხეს. ამ რეკლამების შინაარსი მარტივი გახლდათ, თითქოსდა, ეს იყო სიგარეტისთვის თავის დანებების საშუალება. თუ ასე იყო, მაშინ სამედიცინო საშუალებად უნდა დაერეგისტრირებინათ ელექტრონული სიგარეტი, როგორც ეს სამკურნალო წამლების შემთხვევაში ხდება. სინამდვილეში, არცერთ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის რეგისტრაცია არ არსებობს, რადგან ეს ჩვეულებრივი თამბაქოს ნაწარმია. არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს ამას რეკომენდაციას, როგორც სიგარეტისთვის თავის დანებების საშუალებას. ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერებების შემცველია და სააფთიაქო ქსელში მისი რეალიზაცია არ შეიძლება. სხვათა შორის, ტოქსიკურობის გამო ბევრ შტატში ელექტრონული თამბაქო აკრძალულია და ამ ტერიტორიაზე მისი რეალიზაცია დაუშვებელია.
ელექტრონული თამბაქოს პოპულარიზაციის მიზნით ცნობილ ადამიანებს იყენებდნენ.
- ამ მიზნით იყვანდნენ ცნობილ სახეებს, პრომო გოგონებს, მიდიოდნენ კაფეებში და ახალგაზრდებს ასინჯინებდნენ ელექტრონულ სიგარეტს. ჩვეულებრივად ეუბნებოდნენ, ამის მოწევა დაშვებულია, რადგან ეს ელექტრონული სიგარეტია, შეგიძლიათ, ნებისმიერ დახურულ შენობაში მოწიოთ, არ არის მავნებელი და მოწევისგან თავის დანებებაში დაგეხმარებათ. მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი მესიჯებით შემოვიდა ბაზარზე ეს პროდუქტი, მაშინვე გავაკეთეთ განცხადება და 2011 წელს მაშინდელმა მთავრობამაც და პარლამენტმაც დააფიქსირა, რომ თამბაქოს რეგულაცია უნდა მომხდარიყო. ახალი მთავრობის პირობებში, ეს წინადადები მთავრობაში დამტკიცების პროცესშია და ელექტრონული თამბაქო უნდა მოექცეს ჩვეულებრივი თამბაქოს შეზღუდვის რეჟიმში. ანუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისი მოწევა არ შეიძლება, არასრულწლოვანებზე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ასი მეტრის დაშორებით მისი მიყიდვა დაუშვებელია, რაც დღეს ხდება და ნებისმიერი ბავშვის თუ ახალგაზრდისთვის ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია. რეკლამა სრულად უნდა აიკრძალოს, უნდა იყოს სპეციალური სააქციზო გადასახადი დაწესებული და, როგორც ელექტრონული ხელსაწყოს, ისე კატრიჯების შემოტანა ჩვეულებრივად უნდა იბეგრებოდეს, რაც დღეს არ ხდება. ამით სარგებლობს ეს ინდუსტრია, შემოაქვს ამ სახის ნაწარმი და გადასახადს არ იხდის.
მაგრამ ელექტრონული სიგარეტი მწეველებს სიგარეტზე თავის დანებებაში თითქოს ეხმარება.
- მაგალითად, მე თუ ვარ მწეველი და ელექტრონული სიგარეტის საშუალებით ვცდილობ სიგარეტის გადაგდებას, ელექტრონული სიგარეტი ქცევას მაინც არ მიცვლის, რადგან ჩვეულებრივად ისიც უნდა მოსწიო. ანუ პროცედურა, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევას უკავშირდება, მაინც გრძელდება. ამ შემთხვევაში, ეს ქცევა ყველაზე რთული დასაძლევია. ასევე, მასში არის ნიკოტინი, რომელიც მიჯაჭვულობას მინარჩუნებს; შეიცავს იმ ქიმიურ დანამატებსაც, რომელსაც ჩვეულებრივი თამბაქო. აქვე შევნიშნავ, ჩვეულებრივი თამბაქო ნამდვილი თამბაქო არ გეგონოთ, იქ არის მინარევები და თამბაქოს ინდუსტრიის მიერ სპეციალურად შემუშვებული სხვადასხვა ქიმიური დანამატი, რომლებიც საგემოვნო თვისებებს ანიჭებენ და მიჯაჭვულობას ზრდიან ამა თუ იმ თამბაქოს ნაწარმზე. მსგავსად არის მოწყობილი ელექტრონული სიგარეტიც. უბრალოდ, სხვანაირად ხდება მოწევის პროცესი, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს დროს. ეს არის საკმაოდ ტოქსიკური და, ბოლო მონაცემებით, აღმოჩნდა, რომ ელექტრონული სიგარეტის კვამლში, ტოქსიკური ნივთიერებების გარდა, აღმოჩნდა კანცეროგენური ნივთიერებებიც. მართალია, არა იმ კონცენტრაციით, რაც ჩვეულებრივ თამბაქოშია, მაგრამ ეს ნივთიერებები გარშემო მყოფებსაც ზიანს აყენებს.
ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ლეტალურად თუ დამთავრებულა?
- სიკვდილიანობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა გაუმართავი მოწყობილობის გამო, როცა ეს მოწყობილობა აფეთქდა. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, ტოქსიკურობისა და კანცეროგენურობიდან გამომდინარე, მისი ლეტალობა, სამედიცინო თვალსაზრისით, სავარაუდოა. ეს იწვევს პირის ღრუს დაზიანებას, ლორწოვანი გარსი ქიმიური ნივთიერებებისადმი უფრო სენსიტიურია, რასაც ელექტრონული სიგარეტის კვამლი შეიცავს. გადაგვარების პროცესი ეწყება საყლაპავ მილს, ხორხს და კუჭს. ძალზე იშვიათია, ელექტრონული სიგარეტის საშუალებით ვინმემ მოწევას თავი დაანებოს. შეიძლება, ფსიქოლოგიურად ელექტრონულმა სიგარეტმა ვინმეზე იმოქმედოს, ამას მივესალმები, მაგრამ, თუკი მწეველი შეატყობს, რომ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ანებებს თავს ელექტრონულ სიგარეტს, ეს ნიშნავს, რომ იგი უკვე გადავიდა, ანუ „დაჯდა“ ერთი ნიკოტინის ფორმიდან მეორე ნიკოტინის ფორმაზე და დამოკიდებული გახდა ელექტრონულ სიგარეტზე. თანაც, ელექტრონული სიგარეტი - კატრიჯი, შეიცავს ნატურალური სახით ნიკოტინს, რომლის გაუვნებელყოფა ბუნებაში არ ხდება, ანუ ის ჩვეულებრივ კაფსულაშია მოთავსებული და მისი უტილიზაცია ვერ ხერხდება. შესაბამისად, სერიოზული ზიანი ადგება გარემოს. ერთადერთი, რაც შეიძლება არ გამოიყოს გამონაბოლქვის დროს, ეს არის მხუთავი აირი CO, ესეც იმის გამო, რომ ქაღალდის წვა არ მიმდინარეობს. მაგრამ ეს შეღავათი სულაც არ არის გარემოსა და მწეველისთვის.