„ალდაგს“ ანაწევრებენ, უცხოელები ბაზარზე შემოსვლას აპირებენ

„ალდაგს“ ანაწევრებენ, უცხოელები ბაზარზე შემოსვლას აპირებენ

სადაზღვევო ინდუსტრიაში დიდი ცვლილებები გრძელდება. ზოგიერთი კომპანია ბაზრიდან საერთოდ ქრება, ზოგი სხვას ერწყმება, ზოგი კი, პირიქით, - ნაწევრდება. მაგალითად, „ალდაგი“, თავის დროზე, კოლეგა კომაპანიების შემოერთებით იყო დაკავებული, მაგრამ ამჟამად თავად იყოფა ნაწილებად.

ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ცნობილი არ არის. კომპანიაში ამას მსხვილი მიმართულებების გამიჯვნას უკავშირებენ. ამ ბოლო დროს, ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აქტიურად შევიდა სადაზღვევო ბაზარზე, მასშტაბები მცირდება და იკლებს. ასე რომ, რომელიმე კომპანია ისე გამსხვილებულიყოს, რომ ერთ სისტემაში მისი მართვა შეუძლებელი გამხდარიყო, ცოტა ძნელი დასაჯერებელია.

ასეა თუ ისე, 4 ივნისიდან „ალდაგში“ რეორგანიზაცია დაიწყო. აქციონერების გადაწყვეტილებით, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგიდან“ გამოიყოფა ორი კომპანია, რის შედეგადაც ბაზარზე იფუნქციონირებს 3 კომპანია.

„ალდაგის“ სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებების მიზანია, კომპანიაში არსებულ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ და მსხვილ მიმართულებებზე უფრო კონცენტრირებულად გაგრძელდეს მუშაობა.  ეს, თავის მხრივ, მომხმარებელზე დადებითად აისახება. რაც შეეხება კომპანიის აქციონერებს, ამ კუთხით ცვლილება არ იგეგმება“, - აცხადებს „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაია ივჩენკო.

„იმისთვის, რომ კონცენტრირებულად ვიმუშავოთ, აუცილებელი იყო სტრუქტურული ცვლილება“, – აღნიშნავენ „ალდაგში“.

სადაზღვევო კომპანიის გაყოფის შედეგად წარმოქმნილ ორ სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო საქმიანობის ახალი ლიცენზიების აღება არ მოუწევთ. მათ შორის, „ალდაგის“ ამჟამინდელი ლიცენზია გაიყოფა.

როგორც სააგენტო „ჯიბისის“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ლაშა ნიკოლაძემ განუცხადა, „ალდაგის“ გაყოფა მათთან კოორდინაციით ხდება. ორივე კომპანია იქნება „ალდაგის“ სამართალმემკვიდრე, დაკმაყოფილდება ფინანსური მოთხოვნები და ამჟამინდელი ლიცენზიის ახალი გადანომვრა მოხდება ორ კომპანიაზე.

ერთი კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით იმუშავებს, მეორე კი – ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებით.

„ალდაგის“ გაყოფის შედეგად სადაზღვევო ბაზარზე 15 კომპანია იქნება, თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ ახალი კომპანიებიც დაემატოს. ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ რამდენიმე უცხოურმა ჯგუფმა საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე ნიკოლაძე თავს იკავებს.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი „ალდაგის“ გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებების გაყოფა, რადგან დაზღვევის თითოეული ეს სახეობა მოითხოვს განსხვავებულ ადმინისტრირებას, მენეჯმენტს, ინფრასტრუქტურასა და ფინანსური სისტემის მართვას.