კიდევ ერთი ქართული ბანკის წარმატება - თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

კიდევ ერთი ქართული ბანკის წარმატება - თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

განვითარებული საბანკო სექტორი ეკონომიკის შემდგომი განვითარების საწინდარია. საბედნიეროდ საქართველოს საბანკო სექტორი იძლევა იმის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი გახდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO - Initial Public Offering) განხორციელდა. როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, ამ ნაბიჯით, ბანკი შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბირჟაა მსოფლიოში.

თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDRs) სახით განთავსდა, Bank of New York Mellon-ის დახმარებით. როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანზაქცია - თიბისი ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.

განთავსებული აქციების ღირებულების მიხედვით, თიბისი ბანკის IPO არის ყველაზე დიდი ინდექს-გარეშე საერთაშორისო შეთავაზება ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე.

თიბისი ბანკის აქციები უკვე შეიძინა 100-მდე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

თიბისი ბანკში განმარტავენ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ, თიბისი ბანკის ინვესტორთა ბაზა გაფართოვდება, რაც დაეხმარება ბანკს გრძელვადიან განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამასთან, თიბისი ბანკის მრავალი აქციონერი, ინსტიტუციონალური აქციონერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩათვლით, რჩებიან ბანკის აქციონერებად.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, თიბისი ბანკი შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს,“ - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ლონდონის ბირჟაზე ბანკის ოფიციალურ წარდგენას დაესწრო.

მისივე განცხადებით,  ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს მსოფლიოს საუკეთესო  სტანდარტებს.

„ამასთან, აქციების განთავსება გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს პროცესები საერთაშორისო კომპანიების დონის შესაბამისად, დავნერგოთ კორპორაციული მართვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი.

რაც მთავარია, ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას; გაზრდის ინვესტორთა  ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ექსპერტ ნიკო მჭედლიშვილიშვილის განმარტებით, ბანკისთვის ეს არის დამატებითი კაპიტალის მოზიდვა.

„როგორც თავად განაცხადეს, ეს არის დაახლოებით 270 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ბანკი გამჭვირვალე ხდება ყველასთვის, რადგან ლონდონის ბირჟას აქვს თავისი მოთხოვნები და რეგულაციები და შესაბამისად, ეს უნდა შეასრულოს თიბისიმ. გარდა ამისა, დამატებითი კაპიტალით თავად ბანკი ძლიერდება - ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ექნება მენეჯმენტს, რადგან მისი აქციების ღირებულება ყოველთვის გამჭვირვალე იქნება ლონდონის ბირჟაზე“, - მიიჩნევს ნიკო მჭედლიშვილი.

მისივე განმარტებით, აქამდე მხოლოდ ერთი ბანკი იყო ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი, ეს ყო საქართველოს ბანკი, ხოლო რაც უფრო მეტი ფასიანი ქაღალდი, აქცია ბრუნავს ლონდონის ბირჟაზე, ეს უფრო კარგია ქვეყნისთვის.

„პოტენციური ინვესტორისთვის, რომელიც უყურებს საქართველოს და ზომავს რისკებს, უფრო ადვილი განსასაზღვრია ამა თუ იმ ქვეყნის რისკი, იქიდან გამომდინარე, რა ხარისხის ფასიანი ქაღალდებია (აქციები, ობლიგაციები) წარმოდგენილი მსოფლიოს ფინანსურ ბირჟებზე. ამით ბევრად ნათელი წარმოდგენა ექმნება ინვესტორს ამ ქვეყნის ეკონომიკაზე. აქციების ღირებულება, მისი კურსი დამოკიდებულია ასევე ქართულ ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე“.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი თიბისი ბანკისთვის - ეს არის დამატებითი თანხები, დამატებითი ინვესტიციები ქვეყნისთვის.

„კარგი იქნებოდა, რომ ნაწილი აქციებისა, განთავსებულიყო თბილისის საფონდო ბირჟაზეც, ამით წავიდოდა საკმაოდ დიდი კონკურენცია და მოხდებოდა ქართული ფინანსური ბაზრის მხარდაჭერა. თუმცა, თავისთავად, უდიდესი გამარჯვებაა, როდესაც მსოფლიო არენაზე კიდევ ერთი ქართული ბანკი გავიდა“, - მიიჩნევს ჯგერენაია.

ნიკო მჭედლიშვილის შეფასებით, ის ფული, რაც აქციების გაყიდვით შემოვა, ქართულ ეკონომიკაში წავა. 

როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, აქციების განთავსების შედეგად მოზიდული თანხით თიბისი ბანკი გეგმავს, უფრო აქტიურად დააფინანსოს საბანკო სექტორის ისეთი მზარდი სეგმენტები, როგორიცაა საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესი.     

ნიკო მჭედლიშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ინვესტიციის გზით ქართულ ეკონომიკაში ფულის შემოსვლა და როდესაც უკვე მეორე ბანკი ხვდება ლონდონის ბირჟაზე, ეს სერიოზული წარმატებაა - ეს მიუთითებს ტენდენციაზე, რომ ბანკებმა დახვეწეს მენეჯმენტი, ისწავლეს როგორ გახდნენ ლონდონის ბირჟაზე მოქმედი სააქციო საზოგადოება.

„დარწმუნებული ვარ, სხვა ქართული კომპანიებიც მოინდომებენ რომ ეგებ, მათაც გააკეთონ ლონდონის ბირჟაზე IPO, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ეკონომიკისათვისაც და ქვეყნისთვისაც“, - აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი.

ემზარ ჯგერენაიას განმარტებით, ინვესტორებისთვის ეს არის მესიჯი, რომ საქართველოში არსებობს მაღალი დონის, გამჭვირვალე საბანკო სისტემა.

„ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი მაღალი რინგი, როგორიცაა ლონდონის საფონდო ბირჟა და შეუძლიათ, გადაამოწმონ, რეალურად, რას წარმოადგენს ბანკი. ეს მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით - თუ ისინი აპირებენ ინვესტირებას საქართველოში, ადვილად დაინახავენ თიბისი-ში საყრდენს. გარდა ამისა, ბანკის სახით ეყოლებათ ძლიერი მხარდამჭერი ინსტიტუტი“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ  გარდა იმისა, რომ ხდება თანხების მოზიდვა, ეს არის ქვეყნისთვის მომავალში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციები 2006 წელს განთავსდა იმავე ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია გადასული. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ გახდა მეორე არაბრიტანული ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოხვდა. მისი აქციების ღირებულება 19%–ით გაიზარდა და 381 მილიონი ბრიტანული ფუნტი შეადგინა.

ბანკის ცნობით პრემიუმ სეგმენტში შესვლით, ახლა ის ექვემდებარება FTSE 250 ინდექსში შესვლას, რაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ასი უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის შემდეგ კაპიტალიზაციის სიდიდით, შემდგომ 250 კომპანიათა რიცხვში მოხვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მაღალია ნდობა საბანკო სექტორის მიმართ. მისი თქმით, ალბათ, უნიკალური ქვეყანა ვართ იმ კონტექსტში, რომ საბანკო სექტორის ნახევარი დღეს ლონდონის ბირჟაზე კვოტირებს და ეს არის ინვესტორების ნდობის მაღალი მაჩვენებელი.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქმიან წრეებში იზრდება საქართველოს ცნობადობა, სანდოობა, რაც გვაძლევს იმედს, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიც აქტიურად დაინტერესდებიან ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდებით.