ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებზე“ (ვიდეო)

ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებზე“ (ვიდეო)

ბრიტანეთის სამეფო ფონდის, პრინც ჰარის და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით,  ლონდონში „ძლიერთა თამაშები“ გაიმართება.  საერთაშორისო ასპარეზობაში 14 ქვეყნის 400-მდე დაშავებულ სამხედროს შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას.

10-14 სექტემბერს ლონდონში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებისთვის“  („Invictus Games“) 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედროები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურ მომზადებას უკვე გადიან. მათ პროფესიონალი მწვრთნელები მძლეოსნობასა და მშვილდით სროლაში ინტენსიურად ავარჯიშებენ. საერთაშორისო ასპარეზობისთვის სამხედროები ცურვაში მომზადებასაც მალე დაიწყებენ.

ლონდონში "ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით იმართება. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და  მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც   ადამიანთა კეთილდღეობისთვის გაიღეს მხვერპლი, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში.