შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნილად გამოაცხადა. ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით ბრალი აფხაზეთის კუდის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას დაუმძიმა. ცინდელინაის გაუჩინარების საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და მთავარი პროკურატურა აწარმოებდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან თბილისში და მომხდარიყო მასთან გასაუბრება იმ მიზეზით, თითქოს-და მათ ხელთარსებული ინფორმაციით, დათო ცინდელიანი აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობდა.
კუდ-ის მაღალჩინოსნისათვის ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქუთაისში დანიშნული ჰქონდა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლების გაერთიანებული თათბირი, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბარებული იყო დათო ცინდელიანიც.
2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კუდ-ის თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანებით, ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან დახვდნენ „ნივის“ მარკის ავტომანქანას, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად ისხდნენ დათო ცინდელიანი და მამამისი ზაურ ცინდელიანი. დათო ცინდელიანი გადასვეს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსით“ ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით წაიყვანეს თბილისის მიმართულებით.
მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად თბილისისა ჩაიყვანეს ბათუმში და გადასცეს კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას. რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.
რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა-რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე.
რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას, ანალოგიური სცენარით მკვლელობის საქმეზე ბრალი რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა. მას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობა ედება ბრალად. შამათავა ხურჩის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება. მას პატიმრობა კიდევ ერთხელ პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზეც შეეფარდა.
კუდ-მა ცინდელიანს დანაშაულად ის ფაქტი ჩაუთვალა, რომ აგვისტოს ომის დროს დავით ცინდელიანმა მის მეგობარ რუს გოგონასთან საუბრისას კოდორის ხეობა ახსენა. კუდ-მა სწორედ ეს საუბარი გაშიფრა და სატელეფონო საუბარს შპიონაჟის კვალიფიკაცია მისცა და ცინდელიანს სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება დააბრალა.
დაკავებულ ცინდელიანს პირველი დაკითხვა გზაზე მოუწყვეს, რა დროსაც ცინდელიანმა აღიარა, რომ რუსი გოგონა რამდენიმე წლის წინ გაიცნო და რომ ეს ინფორმაცია საუბრისას წამოსცდა, მაგრამ არა შპიონაჟის მიზნით. კუდ-ის სპეცრაზმმა, რომელსაც ცინდელიანი თბილისში მოჰყავდა, გზაში ბრძანება მიიღო, დაკავებული ბათუმში ჩაეყვანათ. როგორც ცინდელიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკავებული ბათუმში კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას ბრძანებით წაიყვანეს.
„დათო თბილისში მიჰყავთ, ოღონდ შემოვლითი გზით, რადგან 2008 წლის 16 აგვისტოა, რუსები ისევ დგანან, გზები გადაკეტილია. როგორც გავიგეთ, როდესაც ბორჯომამდე მიაღწიეს, თბილისიდან უშიშროების თანამშრომლებს ურეკავს დათა ახალაია თბილისში ნუ წამოიყვანთ, უკან წაიყვანეთო. ამის მერე გადასცეს რომან შამათავას. თანამშრომლები, რომლებიც იქ იყვნენ, აცხადებენ, რომ მათ ვერც გაბედეს ეკითხათ შამათავასთვის რა ბედი ეწია დავით ცინდელიანს. ბოლო ადამიანი, ვისაც შეხება ჰქონდა ცოცხალ დავით ცინდელიანთან, ეს არის რომან შამათავა“, - ამბობს დათო ცინდელიანის ბიძა ოთარ ვიბლიანი.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში ასევე ფიგურირებს აჭარის ა-რ კუდ-ის მაღლაჩინოსანი გიორგი ჩიქოვანი, იგივე „მაიმუნა“, რომლის სახელი ასევე უკავშირდება ბათუმელი მზვერავის როინ შავაძის მკვლეობის საქმეს. For.ge-ს ინფორმაციით მას ურეკავს რომან შამათავა და ატყობინებს ცინდელიანის დაკავების შესახებ. სწორედ რომან შამათავას და „მაიმუნას“ აჰყავთ დაკავებული კატერზე, კლავენ მას, აბამენ ტვირთს და აგდებენ ზღვაში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ამ საქმეში დათა ახალაიას და გიორგი ჩიქოვანის იგივე „მაიმუნას“ მონაწილების შესახებ ოფიციალურად განცხადება არ გაუკეთებია, გამოძიება ცინდელიანის საქმეში, ისევე როგორც პაატა ქარდავას მკვლეობის საქმეში, დათა ახალაიას მონაწილეობაზე მუშაობს. For.ge-ს ინფორმაციით, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დათა ახალიას და გიორგი ჩიქოვანის მონაწილების შესახებ გამოძიებას ჩვენება მისცეს.
ამ საქმეში არიან მოწმეები, კერძოდ, კუდ-ის სამი თანამშრომელი, რომლებიც შამათავამ ნაპირზე დატოვა და რომლებიც ხელს სწორედ შამათავას ადებენ. ოთარ ვიბლიანი ამბობს, რომ უცხოეთში მყოფ ემიგრანტ გიორგი ალანიას ინტერნეტით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება და დეტალურად მოუყვა, რა და როგორ მოხდა.
„დავრწმუნდით, რომ ის ერთ-ერთი კუდ-ის თანამშრომელი იყო, რომელიც შამათავამ ნაპირზე დატოვა. ასე დეტალურად სხვა ვერავინ მიაწვდიდა ალანიას ამ ინფორმაციას. მის გარემოცვაში შამათავას სიმთვრალეში ბევრჯერ დაუტრაბახია, ცინდელიანს წესი მე ავუგეო. შამათავამ დათა ახალაიას დავალება შეასრულა. როდესაც სპეცრაზმელებს დათო თბილისში მოჰყავდათ, მათ დათა ახალაიამ დაურეკა. ამის შემდეგ ის უკან მიაბრუნეს, ბათუმში ჩაიყვანეს და შამათავას გადააბარეს. ამით უნდოდათ შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს, დათო აფხაზეთში გადავიდა.
აფხაზეთის კუდ-ის სამივე თანამშრომელი, ვინც მათ ბათუმში დახვდა, შამათავას ადებდა ხელს, ამბობდნენ, რომ შამათავამ დათო მანქანიდან გადმოსვა, ჯერ ეკლესიის ნანგრევებისკენ წაიყვანა, მერე ზღვაში გაიყვანა და საათ-ნახევარში უკან მარტო მობრუნდაო. ჩვენი ვერსიით კი, შამათავამ „მაიმუნა“, იგივე გიორგი ჩიქოვანი დაიხმარა, ჯერ შუბლში დაახალეს ტყვია, მერე ფეხზე ბეტონის ნაჭერი მოაბეს და ზღვაში გადააგდეს“, -აცხადებს დავით ცინდელიანის ბიძა ოთარ ვიბლიანი.