ხელისუფლება აცხადებს, რომ სამართლიანობა აღდგა. ძნელი სათქმელია, ეს წინასაარჩევნო პიარია თუ ნამდვილად თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგდა. ობიექტურად რომ ვთქვათ, თავისუფლების ხარისხი გაზრდილია, საზოგადოება არ იმყოფება მასობრივი ტერორის ქვეშ. თუმცა ბევრი რამ, რისი შეცვლის იმედითაც საზოგადოებამ მხარი ერთხმად დაუჭირა ხელისუფლების ცვლილებას, კვლავ ძველებურად რჩება. ყოფილი ოპოზიციის მთავარი გზავნილი - სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და რაც მთავარია, ნაკლებად ჩანს ნება, რომ ხელისუფლება ამ დაპირების შესრულებას გეგმავს. For.ge-სთან საუბრისას კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი მამია სანადირაძე აცხადებს, რომ მის მიმართ სამართლიანობა არ აღმდგარა და ამ კუთხით ვერც დიდ პერსპექტივას ხედავს.
მამია სანადირაძე: იმედი იყო, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდებოდა სამართლიანობა, დაცული იქნებოდა კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლება, დაისჯებოდა დამნაშავე და ახალი ბიუროკრატია იმის შიშით, რომ მომავალში პასუხი მოეთხოვებოდა, იგივეს ჩადენას ვერ გაბედავდა.
უკვე მეოთხე ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ხალხის თუ ბიზნესმენების ძარცვის ტენდენცია. საკუთარი კეთილდღეობისთვის არ ერიდებოდნენ ხალხის ხოცვასა და ციხეში ჩაყრასაც. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიის მოსაპოვებლად ახალ მოსულ ხელისუფლებას უყოფდნენ ნადავლს. ასე იყო მთავრობიდან მთავრობამდე. როდესაც ახალი გადაიბარებდა ძველის ნაძარცვს და შემდეგ ერთობლივად აგრძელებდნენ საქმიანობას, ამას „დალაგებას“ ეძახდნენ. ასე იყო შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც.
ახლა რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, რომ კახა კალაძე მთლიანად ჩაუჯდა წილებში ხვიჩა მაქაცარიას, რომელიც სააკაშვილის კარის ბიზნესმენად ითვლებოდა. ეს ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტებითაც დასტურდება. იგივე, რუსთავის ყვითელი სამარშრუტო ტაქსების საქმე ავიღოთ, მცირე მეწარმეებს სახლები ჰქონდათ ჩადებული სამარშრუტო ტაქსების შესაძენად და როდესაც ერთმა კომპანიამ მოიპოვა მონოპოლია, ეს მცირე მეწარმეები უმძიმეს სიტუაციაში, ბედის ანაბარა დატოვეს. გახსოვთ, ალბათ, ერთ-ერთმა თავიც კი ჩამოიხრჩო. მათი იურისტის ანგარიშებშიც კარგად ჩანს, რომ მაქაცარიამ, სავარაუდოდ, კალაძის მხარდაჭერით მოახერხა მათთვის ლიცენზიების გაუქმება.
ამის გარდა, კიდევ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ კახა კალაძის დახმარებით სააკაშვილის უამრავმა ბიზნესმენმა მოახერხა რეანიმაცია. ცოტა ხნის წინ კალაძემ „ზარალასთან“ ერთად გახსნა ჰესი. რამდენადაც ვიცი იგივე „ზარალა“ თბოელექტროსადგურს აშენებს გარდაბანში. ბევრი მაგალითი შეიძლება მოიძებნოს იმის დასადასტურებლად, რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც სააკაშვილის დროს კრიმინალსაც არ ერიდებოდნენ, დღესაც კომფორტულად გრძნობენ თავს ახალი ხელისუფლების ქოლგის ქვეშ, სადაც კახა კალაძის მეშვეობით მოხვდნენ. როგორც ჩანს, ის სისხლით ნაშოვნი ფული ახლა ამათ გაუყვეს და კოაბიტაციაში ცხოვრობენ.
ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ ახლადგამომცხვარი „დიდი კაცები“, იმის იმედით, რომ წინა ხელისუფლებას შერჩა, ისევ ისე დაიწყებენ ქონების მოხვეჭას როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. დაუსჯელობის სინდრომი ძვალსა და რბილში გაუჯდებათ და იმის იმედით, რომ მომავალი მთავრობისთვის ნაძარცვის გაყოფით გადაირჩენენ თავს, დღეს თამამად ჩაიდენენ დანაშაულს.
რამდენადაც ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ხალხის ერთი ნაწილი, მათ შორის, იური ვაზაგაშვილი არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს საპროტესტო აქციას სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „დააბრუნე“ შეუერთდება მათ?
- რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ აქციას. არ ეგონოს მთავრობას, რომ ხალხს მობეზრდება სამართლიანობის ძიება. ზვიადისტები დღესაც სამართლის ძიებაში არიან და მხედრიონელების მიერ ზვიადისტების დარბევის საქმის გამოძიებას ითხოვენ. 20 წელი გავიდა და ამ ხალხს არ ბეზრდება სამართლის ძიება.
რა დროც არ უნდა გავიდეს, არც ვაზაგაშვილს მობეზრდება სამართლის ძიება, არც მე, და არც სხვა დაზარალებულებს. არის ასეთი გამონათქვამი, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“. ნუ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ხალხი დამშვიდდება და მათში სამართლიანობის დადგომის სურვილი მინელდება.
უკვე იყო პირადი ანგარიშსწორების შემთხვევები. შესაძლოა, ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს თუ ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლება უკვე აღარ აპირებს კრიმინალების დასჯას. ცივილიზებულმა სამყარომ იმიტომ მოიგონა სამართალი, რომ ლინჩის წესით ხალხის ქუჩაში დასჯა არ მომხდარიყო - ეს უნდა გაიგოს ხელისუფლებამ.
უფლებების დაცვაზე მელაპარაკებიან, თითქმის ორი წელია, სამართალი ვერ ვიპოვე და ისევ მე მისმენენ, ჩემი შემდგომი ნაბიჯები რომ არ გამოეპაროთ. თანაც ისეთი ქაოსია, იმასაც ვერ გაიგებ, ვინ გისმენს და ამას რაში გამოიყენებს.
ამასწინათ ვრცელი გადაცემა მიეძღვნა „კავკასუს ონლაინის“ წარმატებებს. რამდენადაც ცნობილია თქვენი პროექტი იყო რუსეთის და თურქეთის გვერდის ავლით საქართველოში პირდაპირ ევროპიდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემოყვანა და საკმაოდ დიდი გეგმებიც გქონდათ...
- კომპანიის წარმატებები იმ პროექტების დამსახურებაა, რომელიც მე განვახორციელე - ეს არის ზღვაში 1200-კმ-იანი კაბელი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი მივიღეთ. ეს იყო ეპოქალური პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერეკავკასიის, ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიისთვისაც. გარდა იმისა, რომ თურქეთსა და რუსეთს მაღალი ტარიფი ჰქონდათ დაწესებული ინტერნეტზე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია ინფორმაციის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ეს არის ამ ქვეყნების სატელეკომუნიკაციო, თავდაცვისა და საინფორმაციო უსაფრთხოება.
ეს არც ამ მთავრობამ დამიფასა და არც წინა მთავრობამ. წინა მთავრობამ რომ დაინახა, რა მასშტაბის პროექტი იყო, მისი საკუთარ ხელში ჩაგდება მოინდომა და წამართვა კიდეც კომპანია. როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლებაც უკვე წილში ჩაუჯდა მათ. არ მიბრუნებს კომპანიას, რომ გავაგრძელო ის საქმე, რაც დავიწყე. მე ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. უკვე ოთხი წელი გადის, რაც „კავკასუს ონლაინი“ წამართვეს და არავითარი წინსვლა არ არის, მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ იმას წველიან რისი გაკეთებაც მოვასწარი. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ „ატკატებზე მუშაობაა“.
თქვენ რის გაკეთებას გეგმავდით?
- შესაძლებელია საქართველო ამიერკავკასიის, ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიისთვის სატელეკომუნიკაციო კვანძად იქცეს. ეს უზარმაზარი რესურსია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მაქვს რესურსი ეს პროექტი წარმატებით განვახორციელო, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რაც უკვე გავაკეთე. გარწმუნებთ, ეს საქართველოს ეკონომიკისთვისაც უზარმაზარი შემოსავლებია. ამ პერსპექტივის ნაცვლად, როგორც ჩანს, ახალ მთავრობას ურჩევნია, მიშას ნასუფრალზე „ინამცეცოს“.
ასე რომ არ იყოს, მართვის იმ სტილს არ გადმოიღებდნენ რაც მიშას ჰქონდა. მისი პროკურორები ისევ პროკურატურაში სხედან. არადა, ჰქონდათ შანსი, პროკურორთა ახალი კორპუსი შეექმნათ, რომელიც სამართლიანობის აღდგენის საქმეში დიდ წვლილს შეიტანდა. ვიცი, რომ გია მეფარიშვილმა შესთავაზა პროექტი, რომლის განხორციელებაც სულ 6 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა წელიწადში ხელისუფლებას, სამაგიეროდ 100-კაციანი კვალიფიციური, მიშას დანაშაულებრივი რეჟიმისაგან სუფთა პროკურორთა კორპუსი ეყოლებოდა.
ამ პროექტის განხორციელება ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აწყობს, სამაგიეროდ, პრემიებში 138 მილიონის დარიგებაზე თავს არ იკავებს.
არ ამხილო და არ დასაჯო დამნაშავეები, ეს ხომ დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავს. ამ ყველაფერს ახლანდელი თუ არა, შემდეგი ხელისუფლება მაინც გამოიძიებს და ეს ძალიან მალე მოხდება, უფრო მალე, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებას“ ჰგონია.