„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამართლდამცავ ორგანოებს თხოვნით მიმართვს, დაუყოვნებლივ გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ვაჟა ვარლამის ძე ადამიას გაუჩინარებასთან დაკავშირებით.
For.ge-სთან საუბარში „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ წევრი, პასუხისმგებელი მორიგე ოლეგ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხაშურის პოლიკლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი ვაჟა ადამია 7 ივნისს სახლიდან გავიდა და დღემდე უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული.
როგორც ირკვევა, ადამია ხუთ პირთან ერთად თავის საბაღე ნაკვეთისკენ გაეშურა, რომელიც სურამიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია და ესაზღვრება რუსების მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებს.
ამ ექვსი ადამიანიდან სამი ადრე დაბრუნდა, ხოლო დანარჩენი სამი, მათ შორის, ვაჟა ადამიაც, ერთად ბრუნდებოდნენ. ამასობაში ორი მათგანი დაწინაურდა, მათ ჩამორჩა ვაჟა ადამია და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ფაქტობრივად, „მერაბ კოსტავას საზოგადოებაში“ ინფორმაცია ისევ ამ ორი პირისგან გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოეპოვებათ.
ოლეგ სარჯველაძე აცხადებს, რომ ვაჟა ადამიას გაუჩინარების ვერსიები მრავალია, თუმცა ერთი ძირითადი ვერსია შეიძლება კონფლიქტის ზონის საშიშროებას უკავშირდებოდეს, რადგან ოლეგ სარჯველაძის აზრით, სახელი „ვაჟა ადამია“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკალათებული როგორც რუსების, ასევე, ოსებისთვის რაღაცას ნიშნავს.
„ამ ადამიანთან სატელეფონო დაკავშირება ვერ ხერხდება, მის შესახებ არავითარი ცნობა არ არის და ერთადერთია, რომ პოლიცია ცდილობს ისევ იმ ორ პირთან გაარკვიოს, რა ვითარებაში დაკარგეს თანამგზავრი. რომ ამბობენ, ვაჟა ადამია ჩამოგვრჩაო, ასე მარტივად არ ხდება. მთლად ბუნებრივიც არ არის, თუ სამნი ერთად იყვნენ, ნუთუ ბატონი ვაჟა ისე დაწინაურდებოდა, რომ თვალსაწიერიდან დაეკარგათ ჩამორჩენილი ადამიანი?! მის თანამგზავრებზე ეჭვის მიტანა ძნელია, ისინი ერთად იყვნენ, ერთად შრომობდნენ და ვერავის დავდებთ ბრალს“, - აღნიშნა ოლეგ სარჯველაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტურ ზონაში გატაცების ფაქტი გამოირიცხება, „მერაბ კოსტავას საზოგადოებას“ რჩება სხვა ვერსიაც. მათ შორის ვაჟა ადამიას ხმამაღალი განცხადებები.
ოლეგ სარჯველაძის თქმით, „მერაბ კოსტავას საზოგადოებას“ ისე დაებედა, რომ მუდმივად ოპოზიციაშია. ამის მიზეზი კი ოლეგ სარჯველაძის აზრით ისაა, რომ ყველა ხელისუფლება იწყებს რუსებისთვის ენის ჩლექვას, რასაც ვერ ეგუება „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.
„ვის არ მოუვიდა თვალში ვაჟა ადამია, ძალიან ძნელია ამაზე საუბარი. ალბათ, მრავალი დეტალი უნდა დაზუსტდეს და შემდეგ შეიძლება ამ თემაზე ხელაღებით საუბარი“.
For.ge ვაჟა ადამიას ძმას - დავით ადამიას დაუკავშირდა. მან ვაჟა ადამიას გაუჩინარების შესახებ არაფრის თქმა არ ისურვა და განმარტა, რომ დამატებით ვერაფერს იტყოდა და შს სამინისტროს გამოძიებას დაელოდებოდა. უბრალოდ, დავით ადამიამ დაადასტურა, რომ 7 ივნისის შემდეგ მისი ძმა არ ჩანს.
For.ge შს სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ვაჟა ადამიას ადგილსამყოფლის გასაგებად სამძებრო ღონისძებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, დაკითხულია ყველა პირი, ვისაც ამ საქმესთან შეხება აქვს - მეზობლები, მეგობრები და სხვა. ამასთან, შს სამინისტროში ვერსიების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.