საქართველოდან აზერბაიჯანში 2013 წელს - 24 ათასი, სომხეთში კი 17 ათასი ავტომობილი გავიდა. წლეულს, აპრილში კი აზერბაიჯანში რეექსპორტმა 70%-ით დაიკლო. იგივე პერსპექტივაა სომხეთის მიმართულებითაც. ავტობიზნესი თანდათან ჩიხში შედის. დილერები მანქანების მოშორებაზე არიან გადასულნი, მაგრამ რეალურად ვერც ამას ახერხებენ. ისინი დახმარებას მთავრობას სთხოვენ.
ჯერჯერობით მათ პრობლემას პარლამენტაი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და წინადადებაც წამოაყენა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მანქანების რეექსპორტის ბიზნესი ჩავარდნილია, რის გამოც ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანები მანქანებს ვერ ყიდიან და კრედიტებს ვერ ფარავენ. ამიტომაც იგი პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შედის, რომელიც იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც მანქანების რეექსპორტს ახორციელებენ.
„ხელისუფლებას მოვუწოდებ, ამ ადამიანებს დამატებით 45-დღიანი ვადა მისცეს რეექსპორტისთვის. გარდა ამისა, ჩამოეწეროთ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე დარიცხული საურავი და ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან დაიწყოს მოლაპარაკება, რადგან ეს უკანასკნელი თავის ტერიტორიაზე მანქანებს არ ატარებს. მსგავსი სიტუაცია ჩვენი ხელისუფლების დროსაც იყო, თუმცა მაშინ მოლაპარაკებით პრობლემის მოგვარება შევძელით. იმედია, ხელისუფლება უსაქმურობის ნაცვლად, ყურებს გამოიფხეკს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ბოლო თვეებში აზერბაიჯანში მანქანების ექსპორტი შეზღუდულია. დაახლოებით ერთ თვეში შეწყდება ავტომობილების რეექსპორტი სომხეთშიც, როდესაც ის ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი გახდება. თავის დროზე, სწორედ ამ მიზეზით დაიხურა ყაზახეთის ბაზარიც. არადა, 2009 წელს ყაზახეთში საქართველოდან 20 ათასი მანქანა გაიყვანეს
თემურ ბაღდადაშვილი, ინდმეწარმე: „მეორადი ავტომობილებით ვაჭრობაში საქართველოში ჩართულია 25-30 ათასი ინდმეწარმე. გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთდროულად მიიღეს აზერბაიჯანის მთავრობამ და თურქეთის საბაჟომ, ავტოდილერებში საფუძვლიან ეჭვს იწვევს. აზერბაიჯანში 2014 წლის 30 აპრილიდან აიკრძალა 2005 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების იმპორტი და დაშვებულია 2005 წელს და უფრო გვიან გამოშვებული ავტომობილების შეყვანა - ეკოლოგიური სტანდარტით ევრო-4. ამ დროს, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ იკრძალება ევრო-2-ისა და ევრო-3-ის სტანდარტების ავტომანქანების ექსპლოატაცია.
როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, უმეტესად მძღოლები, გვეუბნებიან, მათ ევრო-4 სტანდარტის ავტომობილების მომსახურებისთვის არც შესაბამისი სერვისი აქვთ ქვეყანაში და არც შესაბამისი ხარისხის საწვავი.
ავტომობილების რეექსპორტის ფაქტობრივი კოლაფსი მთელ ეკონომიკაზე აისახება. პრობლემები გვერდს არ აუვლის საავტომობილო პარკსაც. დღეს საქართველოში 900 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია, რომელთა უმრავლესობის ასაკი 15 წელს აჭარბებს, შესაბამისად, ექსპლოატაციის ვადები ამოწურული აქვთ. საავტომობილო პარკის განახლებაც ავტობიზნესის ხარჯზე ხდებოდა, სხვა ქვეყნებში მასობრივად გადიოდა მეორადი ავტომობილები, რომელთა ადგილს შედარებით ახალი მანქანები იჭერდნენ. 2015 წლისთვის სავალდებულო ტექდათვალიერებისა და სავალდებულო დაზღვევის აღდგენამ, შესაძლოა, ავტომფლობელები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს.
თუმცა ჯერჯერობით ერთ-ერთი მეზობელი სახელმწიფოდან დამაიმედებელი ინფორმაცია მოჟონავს. სომხეთში ავტომობილების იმპორტისთვის შეღავათის დაწესებაზე მსჯელობენ. სომეხი ექსპერტებისა და ავტოიმპორტიორების უმეტესობა ვარაუდობს, რომ გარკვეული ტიპის საქონლზე შეღავათის რეჟიმის ამოქმედება მოუწევთ.
ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი იმედოვნებს, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემდეგ გარკვეულ საქონელზე გამონაკლისი მოხდება, რადგან დაძაბული სოციალური ფონის მოსახსნელად ძალიან რთულია იმპორტზე იგივე ბაჟის დაწესება, რასაც რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი იყენებენ.
მინასიანი ფიქრობს, რომ წინანდელი საბაჟო ტარიფის შენარჩუნება რაღაც პერიოდში შესაძლებელი იქნება და საქართველოდან სომხეთში მეორადი მანქანების შეყვანა გაგრძელდება.