„პროფესორთა ლიგა“ ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ „პროფესორთა ლიგის“ თავმჯდომარემ ვაჟა შუბითიძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კორპუსი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასთვის გარკვეული შანტაჟის საფუძველზე დაათმობინეს ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს.
ვაჟა შუბითიძე აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის დაბრუნების მოთხოვნით, „პროფესორთა ლიგაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საჩივარი უკვე შევიდა. ლექტორები მიიჩნევენ, ვინაიდან აგრარული უნივერსიტეტიც შეუერთდა ტექნიკურ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტს ფართი აღარ ჰყოფნის, რის გამოც აღნიშნული კორპუსი უნდა დაბრუნდეს უნივერსიტეტის მფლობელობაში.
„2004 წლიდან, როგორც კი ვარდების ხელისუფლება მოვიდა, დაიბარეს მაშინდელი რექტორი რამაზ ხუროძე და მასზე მოახდინეს ზეწოლა, დაემუქრნენ, თუ მინიმალურ და სიმბოლურ ფასად არ გადასცემდა მაშინდელ მეხუთე კორპუსს, ასევე, პოლიკლინიკის კორპუსს და დიდ სტადიონს, მაშინ პრობლემები შეექმნებოდა. რამაზ ხუროძე დიდი ხანია, აღარ გვინახავს, ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ მუშაობს, მაგრამ მოგეხსენებათ, მისაღები გამოცდების დროს დარღვევები ხდებოდა და, ალბათ, ამით დააშანტაჟეს, თორემ რომელი ჭკუათმყოფელი გადასცემდ ამ კორპუსებს გიული ალასანიას?! ჩვენს კუთვნილ მეხუთე კორპუსში ლექციებს ახლა სხვები ატარებენ. ეტყობა, დამატებით ოფისებად სჭირდებათ. მე მგონი, გიული ალასანიას 15 უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში აქვს წილები, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტშიც, რომლის რექტორიც პროფესორი მანანა სანაძეა, მაგრამ ის იქ დასმულია, სინამდვილეში, მანდ ყველაფერს განაგებს გიული ალასანია“, - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული ორი კორპუსის გარდა, ნაციონალებმა მიითვისეს საფეხბურთო სტადიონიც. უფრო მეტიც, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიტოვებული მშენებლობაც ხელში ჩაიგდეს. იმ ადგილას ახალი კორპუსი ააშენეს და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობაც დაუმატეს. ეს ყველაფერი კი, ვაჟა შუბითიძის აზრით, თბილისის მერიის ფარული ხელშეწყობით განხორციელდა.
რაც შეეხება თბილისის მერიას, მანაც მოიცალა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის და საცურაო აუზი სტუდენტებს წაართვა. კერძოდ, ეს იყო ერთადერთი საცურაო აუზი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა, მათ კი ისარგებლეს „გეპეის“ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და მიითვისეს ეს აუზიც.
„წერილი მივწერეთ მერიას, მაგრამ პასუხად მივიღეთ, თითქოს იქ ინვესტიციები იყო ჩადებული და ვეღარ დააბრუნებდნენ. სინამდვილეში, იქ მოაწყეს უგულავასა და პრეზიდენტის ცოლების აპარტამენტები და ამ ტერიტორიას იყენებდნენ გასართობად, გასაკაჟებლად. მეხუთე კორპუსში კი „გეპეი“-ს სამხედრო კათედრა იყო, ეს კათედრა გააუქმეს და სიმბოლურ ფასად მიიღეს ეს ყველაფერი. ზუსტად აღარ მახსოვს თანხის ოდენობა, მაგრამ საკუთარი ღირებულების მეათედ თუ მეოცედ ფასად ჩაიგდეს კორპუსები. ჯერ კიდევ მათ ხელშია ყველაფერი, სტუდენტებს არ აქვთ გაკაჟების საშუალება - ან ცურვა ისწავლონ, ან ივარჯიშონ, ნაციონალებმა ფიზკულტურა საერთოდ მოკლეს ამ უმაღლეს სასწავლებელში “, - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.
ამასთან, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მოითხოვენ ისეთივე სიმბოლურ ფასად დაიბრუნოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიტაცებული და წართმეული კორპუსები, სტადიონი და საცურაო აუზი, როგორც მიითვისეს. ვაჟა შუბითიძის თქმით, ამაში სახელმწიფოს კაპიკი არ დაეხარჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე პროკურატურამდე მივა.
პროფესორ-მასწავლებლებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ. მეექვსე კორპუსის სიახლოვეს მდებარე ბენზინგასამართი სადგური გაიტანონ, რადგან ბენზინის ავზები ჩამალულია მიწაში და ზედ „გეპეის“ მეექვსე კორპუსთან მდებარეობს. ეს კი ამ კორპუსში მოსიარულე ათი ათას ახალგაზრდას საფრთხეს უქმნის და ისინი ბომბზე სხედან.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს ტექნიკური უნივერსიტეტის იურისტები სწავლობენ და დაახლოებით 10 დღეში ეცოდინებათ პასუხი.
„რამაზ ხუროძის დროს რა მოხდა, შევისწავლით. გასარკვევია, რა გზით წაიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება. თუ უკანონობა მოხდა, ცხადია, უნდა დაგვიბრუნდეს. არ ვიცი, რა თანხის საფუძველზე წაიღეს მეხუთე კორპუსი“, - აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი.