რუსეთმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ინფორმაციას „იტარ-ტასი“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. ვლადიმერ მარკინის განცხადებით, მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
„გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას. სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.
საქართველოს მხარეზე მაშინ იბრძოდნენ უკრაინის ნაციონალური ორგანიზაცია „უნა უნსოს“ მებრძოლებიც. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ამ პირების ბრალდებულად გამოცხადებისა და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს“, - აღნიშნა ვლადიმერ მარკინმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძეს აინტერესებს რუსეთის საგამოძოებო კომიტეტმა რომელი ე.წ. ქოლგის ქვეშ დაიწყო ძიება. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, რუსეთმა საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
„2008 წლის 12 სექტემბრის ექვს პუნქტიანი შეთანხმება შეასრულონ. რუსეთის საგამოძოებო კომიტეტმა რომელი ე.წ. ქოლგის ქვეშ დაიწყო ძიება? გაერომ, ეუთო-მ, თუ ვინ მისცა მანდატი, როცა გამოძიება დაიწყო? ასეთი მანდატი არავის მიუცია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ საერთაშორისო სამართალს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართალს, მის პრინციპებს, ურყევ ნორმებს შელახავს, იქნება კონტექსტის მიღმა.
თუკი რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის დემოკრატიული პრინციპებისა და ნორმების ურყევ შესრულებას შეუდგება და ერთხელ და სამუდამოდ გვექნება მათთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობა, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ბრალდებს უსაფუძვლოს უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთა საერთაშორისო ძებნის დაწყებით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს, რადგან საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განზრახვას პერსპექტივა არ გააჩნია. თუმცა, გიორგი ვაშაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკები არსებობს.
„რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს პუტინის მტრად აღიარებს და გამოძიება კი არა, ფიზიკურადაც გაანადგურებს, თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. რუსეთს რაც უნდა ის გააკეთოს და გამოიძიოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი ხელისუფლება არ დაიწყებს გამოძიებას ახალი მუხლით, რადგან გვაქვს მსგავსი პრეცედენტი, როცა ხურჩის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენს ხელისუფლებას გამოძიების მასალებში სეპარატისტული ხელისუფლების ჩვენებები აქვთ ჩადებული მტკიცებულებად“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი თვლის, რომ რუსეთის ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან საქართველოს სახელმწიფოს არანაირი სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„ჩვენი პოლიტიკური პირების გადაწყვეტილება არ შეიცავს საერთაშორისო დანაშაულის ელემენტებს. რაც შეეხება უკრაინელების მონაწილეობას ამ კონფლიქტში, ესეც ჰაერიდან მოტანილი ბრალდებაა. შეიძლება ცალკეული უკრაინის მოქალაქე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ კანონმდებლობით ეს დაშვებულია.
გარკვეული პროცედურებით შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე დაქირავებული იქნას და იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ გახდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მებრძოლი. შებამაისად, ეს ბრალდება არის აბსურდული, რადგან არანიარი ინფორმაცია არ ყოფილა, რომ რაიმე ტიპის გასამხედროებული ორგანიზაცია, ამ კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის მცდელობა, სააკაშვილის როგორც პოლიტიკური ფიგურის შენარჩუნება, რადგან სააკაშვილის ფიგურა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვისი მეშვეობითაც რუსეთმა ძალიან დიდ წარამატებას მიაღწია საქართველოს ტერიტორიაზე.
„ახლა უკრაინაში აღწევს ამ წარმატებებს. სააკაშვილი ანექსიის საბაბს გამუდმებით აძლევს რუსულ მხარეს, ეს არის მისი დანიშნულება. ამისთვის იყო საქართველოში დანიშნული თავის დროზე რუსეთის მიერ და ამას ადასტურებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი ივანოვის ჩამოსვლა, რომელმაც ჯერ შევარდნაძე და შემდეგ აბაშიძე წაიყვანა ბათუმიდან.
დღესაც მშვენივრად იყენებს რუსეთი სააკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე. რადგან სააკაშვილი არის რუსეთის ინტერესების განმხორციელებელი. ასეთი ტიპის განცხადებით რუსეთის მხრიდან, საააკაშვილის, როგორც მისი მოწინააღმდეგის იმიჯის განმტკიცა ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. თუმცა, სააკაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ყველა იმ საქმეებზე, რაზეც სააკაშვილი მოწმედ გამოიძახეს, გამოძიება მისი დაკითხვის გარეშე გრძელდება. მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, მიმდინარეობს თუ არა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებები, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს.