გემი-ლეგენდა, არა მხოლოდ მგრძნობიარე კინომაყურებლებს აღელვებს. ”ტიტანიკი” მაგნიტივით იზიდავს მთელი მსოფლიოს ავანტურისტებსა და განძის მაძიებლებს. უახლეს ლეგენდად, რომელმაც განძისმაძიებელთა გონება დაბინდა, 1912 წელს ჩაძირული ”ტიტანიკი” იქცა. გულისამაჩუყებელი ჰოლივუდური შედევრის წყალობით მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის.
მაგრამ თუ საქმეს არა მელოდრამისტული, არამედ განძისმაძიებლური თვალსაზრისით შევხედავთ, თავად ის ფაქტი, რომ ლაინერის ბორტზე 57 მილიონერი იმყოფებოდა, მრავლისმეტყველია. საბედისწერო რეისში გაემგზავრნენ: ბანკირი რობერტ დანიელი, მსხვილი სარკინიგზო კომპანიის პრეზიდენტი ჩარლზ ჰეისი, ნახშირის მეფე ბენჟამინ გუგენჰეიმი და ამერიკელი მულტიმილიონერი ჯონ ასტორი ახალგაზრდა მეუღლესთან, რომელიც ცოცხალი გადარჩა, მაგრამ კაიუტაში 140 ათასად დაზღვეული მარგალიტის სამი ფარღული დარჩა. ატლანტიკის წყლებში აღმოჩენილი მისი მეუღლის გვამი კი უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედით ამოიცნეს.
ეთიკურ ასპექტს თავი რომ დავანებოთ და რეზიუმე გამოვიტანოთ: ოკეანის ფსკერზე ოქროებით, ბრილიანტებითა და ხელოვნების შედევრებით გატენილი უზარმაზარი სარკოფაგი დევს. გამგზავრებამდე გაფორმებული საბუთების თანახმად ”ტიტანიკს” 300 მილიონი დოლარის ძვირფასეულობის კოლექცია გადაჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის მგზავრთა პირადი ქონება. რა თქმა უნდა პირადი ძვირფასეულობიდან საეჭვოა გადარჩენილიყო ისეთი ისტორიული რელიქვიები, როგორიც არის ომარ ხაიამის მანუსკრიპტი მინანქრის ყდით ან ლონდონის აუქციონზე ნაყიდი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, ისევე როგორც ძველი ეგვიპტელი პრინცესას მუმია, რომელიც არქეოლოგ ლორდ კანტერვილს ამერიკაში გადაჰქონდა. აი, ოქრო და ბრილიანტები კი სავსებით შესაძლებელია, რომ დღემდე სრულიად ხელუხლებელი პირველი კლასის კაიუტების დაჟანგულ სეიფებში ინახებოდეს.